ერთ გვიან საღამოს სიტყვა-სიტყვით ასეთი მესიჯი მივიღე: „თაკ, წავიკითხე წიგნი... კინაღამ ავტირდი დასასრულში... მაგარი წიგნი იყო“. მესიჯი „ლეტერატოს“ მოსწავლე ნიკასგანაა და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო 12 წლის ბიჭია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ცელქი, ორიგინალური აზროვნებით, ეპატაჟური იუმორით, გასაოცარი გონების სისხარტით და 12 წლის ბიჭისთვის დამახასიათებელი სიზარმაცით, ნიკა ჰიპ-ჰოპითაა გატაცებული და ინგლისურად დიდი ადამიანივით საუბრობს. არ გეგონოთ, წიგნების კითხვაზე გიჟდებოდეს. არ იცით, რამხელა ძალისხმევაა საჭირო, მას რომ ხელში წიგნი ააღებინოთ. არც ისაა ადვილი, რაიმემ შეძრას. მაგრამ აი, წაიკითხა და ასეთი მესიჯიც მომწერა!
საუბარი თეა ლომაძის წიგნზეა „წერილი ბოთლში“. ესაა ამბავი მარიამისა, რომელიც ერთ პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, სადაც მაცხოვრებლები სამ ენაზე საუბრობენ: ერთნი - ერთზე, მეორენი - მეორეზე, ხოლო ერთმანეთთან სასაუბროდ მესამე ენას იყენებენ. მარიამის ცხოვრება მოზარდისთვის ჩვეულ კალაპოტში მიედინება: სკოლა, სიყვარული, მეგობრობა, ოჯახი, მაგრამ ერთ დღესაც ერთმანეთის გვერდიგვერდ ბედნიერად მცხოვრები ადამიანები საერთო ენას ვეღარ პოულობენ, ის მესამე ენა ავიწყდებათ... და მარიამიც ცდილობს, როგორმე დაანგრიოს ის უეცრად აღმართული კედელი, მას და მის „სხვაენოვან“ მეგობარს ერთმანეთისგან ასე რომ აშორებს. „არ ყოფილა ჩვენი გამყოფი ღობე ისეთი დაბალი, მე რომ მეგონა. ანდა ღობის სიდიდე მის სიმაღლეზე სულ არ ყოფილა დამოკიდებული“ - ამბობს ნაწარმოების მთავარი გმირი და უნებურად გული გეკუმშება... ძნელი მისახვედრი არაა, რომ საუბარი აფხაზეთზეა.
სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად „ლეტერატოში“ საკითხავად ეს წიგნი სწორედ ამიტომ შევარჩიე, რომ ჩვენს მოსწავლეებს მეტი გაეგოთ აფხაზეთის შესახებ, რომელიც მედიის, საზოგადოების, თითოეული ჩვენთაგანის წყალობით მათთვის ერთგვარ კამელოტად ქცეულა. „გახსოვდეთ აფხაზეთი!“ ხომ კარგა ხანია უგემურ ლოზუნგად გვექცა, დასავლეთისკენ მიმავალთ თავს რომ შეგვახსენებს. და რას ნიშნავს ის 11-12 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც უკვე სულ სხვა საქართველოში დაიბადნენ? არადა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი... თეა ლომაძე სწორედ ამას ახერხებს: მოზარდის თვალით დაგვანახვოს ერთმანეთის გვერდით მცხოვრები ადამიანების გაუცხოების ტრაგედია, განაცდევინოს მკითხველს ამ კონფლიქტის უაზრობა, უფროსების უგუნურება, მოუყვეს მოზარდებს იმ მწარე ტკივილის შესახებ, რომელიც დღემდე არ მოგვშუშებია და ეს ყველაფერი გააკეთოს ისე, რომ ერთხელაც არ ახსენოს სიტყვა „კონფლიქტი“ ან „ომი“.
„არ ყოფილა ჩვენი გამყოფი ღობე ისეთი დაბალი, მე რომ მეგონა. ანდა ღობის სიდიდე მის სიმაღლეზე სულ არ ყოფილა დამოკიდებული“
„წერილი ბოთლში“ სწორედ ისეთ აფხაზეთზეა, როგორიც დაგვამახსოვრდა. მაგნოლიებისა და ევკალიპტების სურნელით, ლურჯი ზღვითა და იმ ჯადოსნობით გაჯერებული ჰაერით, რომელსაც მხოლოდ ბავშვობისას შევიგრძნობთ. საინტერესო სიუჟეტური ქარგისა და გულწრფელობის წყალობით ზუსტად იქმნება ის, რისი თქმაც ამდენი ხნის მანძილზე ჩვენი შვილებისათვის გვინდოდა, რაც გვსურდა აგვეხსნა. და ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ახალი ათონის, ძველი გაგრის პარკისა თუ ბიჭვინთის ფოტოები აზრს იძენს. როგორღაც ძალზე ხელშესახები და ბავშვებისთვის მშობლიური ხდება...
მაგრამ წიგნის ღირსება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ აფხაზეთის თემა. სწორედ ის დაგვაფიქრებს, რომ ბავშვური სიხალასე და ჭვრეტის უნარი ხშირად უფრო გამოსადეგია, ვიდრე უფროსების ამბიციებითა და თვითტკბობით დაბრმავებული გონება, რომ ოჯახი ურთიერთგაგებას, თანადგომასა და მხარდაჭერას ნიშნავს, მხარდაჭერას თუნდაც მისი არასრულწლოვანი წევრისა, რომელსაც მხრებზე თავისზე დიდი ტვირთი აუღია და ამ ტვირთის კეთილშობილება და სიმძიმე ღირს, თუნდაც პიკასოს ტილოს შეველიოთ. რომ ჩვენ, ზრდასრულები, ხშირად ბავშვებს მოურჩენელი ტკივილით ვაავადებთ, რომ მოზარდებს, ზუსტად ისევე, როგორც უფროსებს ცხოვრების გზაზე ბევრი იმედგაცრუება და წყენა ხვდებათ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი ჯერ მხოლოდ ბავშვები არიან! ერთი სიტყვით, თუ გინდათ გაიგოთ, რას ფიქრობს თქვენი შვილი, რომელმაც თინეიჯერობაში უნდა შეაბიჯოს, აუცილებლად წაიკითხეთ „წერილი ბოთლში“. ავტორი ახერხებს ძალიან დამაჯერებლად და ზუსტად გადმოსცეს ახალგაზრდა თაობის ფიქრები, შეგრძნებები, განცდები.
„ღმერთო, როგორ მგავს მარიამი“ - ეს სიტყვები ნუცას ეკუთვნის. „მეც ზუსტად ასე ვიქცევი, ზუსტად!“ „მარიამი - ეს მე ვარ“ - ეს კიდევ ჩვენი სხვა მოსწავლეების სიტყვებია. და ეს წიგნი კიდევ იმითაა კარგი, რომ მასში მოზარდები საკუთარ თავს იპოვნიან.
მოსწავლეებს პიკასოს ნამუშევრებს ვათვალიერებინებ, მერე კი ვსხდებით და ვსაუბრობთ სიკეთეზე, სკოლაზე და მასწავლებლებზე, სასიყვარულო განცდებზე, რომელიც, როგორც მარიამს, ხშირად პასუხისმგებლობის გრძნობასაც კი გვავიწყებს, პირველ იმედგაცრუებაზე, უმცროს და-ძმებზე, ომის საშინელებაზე, აფხაზებზე და ქართველებზე, ხიდებზე, რომელიც ჩაინგრა და რომელიც აღსადგენია, 90-იან წლებზე. ვსაუბრობთ ნაწარმოებზე „წერილი ბოთლში“ და ჩემს თვალწინ ამ მოზარდების უკიდეგანო შინაგანი სამყარო იშლება.
„მე ვფიქრობ, ნაწარმოების დასასრული სიმბოლურია, ხოლო „მიკინა“ (თოჯინის სახელი ნაწარმოებში) აფხაზეთის სიმბოლოა“ - ამბობს სიდონია და დასძენს: „ჩვენც ხომ ისე გვეტკინა აფხაზეთის დაკარგვა, როგორც მარიამის პატარა დაიკოს - „მიკინას“ დატოვება“ (რა შემიძლია ვთქვა ამ თითქმის გენიალურ შედარებაზე!).
მოთხრობის ეპილოგი ცალკე ისტორიაა. მაგრამ, ჯობს თავად ნახოთ და შვილებსაც წააკითხოთ. რა საწყენია, რომ გვყავს ასეთი ავტორები, მაგრამ მათ ჰოლი სმეილის პლასტმასის სამყაროს ვამჯობინებთ.
Comments