top of page

momismine

 








კლდის პირზე ვდგავარ,  ქვემოთ ვიყურები, უფსკრულისკენ, მაინტერესებს იქ რა არის, ვინმეს თუ გაუვლია, თითქოს რაღაც მოჩანს კიდეც, მგონი, რაღაც ბჟუტავს. ნეტავ როგორ შეიძლება იქ  მოხვედრა, რომელი გზით? აუცილებლად უნდა ჩავიდე, იქნებ  ვინმემ ბილიკი მიმასწავლოს ან თან წამიყვანოს. ველოდები, მაგრამ არავინ ჩანს.  წონასწორობას ვკარგავ, ფეხქვეშ მიწა მეცლება, გამალებით ვცდილობ, როგორმე სიმყარე ვიგრძნო, რა მემართება,  ვფართხალებ, ვფართხალებ, მაგრამ მაინც  მივექანები…


ოფლში ვცურავ, საბანი იატაკზე გდია,  ლოგინში წამოვჯდები და კედელს ვაშტერდები. ფიქრების კორიანტელში ვეხვევი, ჯობს ავდგე და გავიარ-გამოვიარო, ან დედა გავაღვიძო,  მაგრამ მეცოდება,  ხვალ ხომ უნდა იმუშაოს... იქნებ შუქი ანთებული დავტოვო? რომელი საათია, ნეტავ ადგომის დრო იყოს უკვე. ვიხუტებ ჩემს სათამაშოს, უკვე დიდი ვარ,  მაგრამ არა  უშავს, მაინც ვერავინ მხედავს.


მოზარდობა ხშირად ასეთ სიზმარს ჰგავს, ცნობისმოყვარეობა თითქოს ხელში ატაცებულს დამატარებს, მაგრამ სავალი გზები ბუნდოვანია. ვდგავარ რისკსა და უმოქმედობას შორის, მგონია, რომ, თუ ფეხი დამიცდა, ყველაფერი კოშმარს დაემსგავსება.


ვნატრობ, კლდის პირიდან გადავარდნისგან ვინმემ დამიცვას, როგორც ჰოლდენ კოლფილდმა, მაგრამ სინამდვილეში მეთვითონ ვარ ჰოლდენ კოლფილდი, მოჩვენებით აპათიაში მყოფი მეამბოხე, მშიშარა-მამაცი მოზარდი. 

 



***

ცნობისმოყვარეობა მაცოცხლებს,  მოძრაობის მოტივაციას და რისკებზე წასვლის გამბედაობას მანიჭებს, მაგრამ ვრგძნობ, რომ თუ ცნობისმოყვარეობას საზღვარს არ დავუდებ, საფრთხე მელის. იქნებ ამიტომ ვიმეგობრებ შიშს, ემოციას, რომელიც ხან გაქცევაში მეხმარება, ხან ბრძოლისუნარიანობას მძენს, ხან კი მაქვავებს და მაუჩინარებს.

ჩემს თავში უამრავი რამ ხდება, კითხვები ერთმანეთს ენაცვლება, პასუხებს კი ვერ ვპოულობ. თითქოს საინტერესო აზრები მომდის, მაგრამ იქნებ სულაც არაა ასე.


ჩემი ოცნებაა, მუსიკოსი გავხდე, მაგრამ  თუ არაფრით ვარ გამორჩეული?


მინდა სარკეში ჩავიხედო, მაგრამ, რომ არ მომეწონოს, რასაც დავინახავ?


ვოცნებობ საზღვარგარეთ წავიდე სასწავლებლად, მაგრამ რომ არ გამომივიდეს?


მინდა კინოში დავპატიჟო, მაგრამ უარი რომ მითხრას?...


ხანდახან მგონია, რომ, თუ შედეგი იდეალური არ არის, არაფრის კეთებას აქვს აზრი. თუ გავჩერდები შეცდომასაც არ დავუშვებ, მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ ვცდები.

ისიც შემიმჩნევია, რომ  თუკი ვინმე იმედს მიცრუებს, სამყაროს სასტიკად და დაუნდობლად აღვიქვამ, მოტივაციას ვკარგავ და მინდა გავუჩინარდე. მეშინია, რომ რაიმე საშინელება  მოხდება და მარტო დავრჩები.


 სიმართლის თქმას ვერიდები, რომ არ ვაწყენინო, ვეთანხმები, რომ არ მიმატოვონ,  ვცდილობ, რომ შეცდომები გამოვრიცხო.  მერე კი იმის მეშინია, რომ გაიგებენ, რამდენად მშიშარა ვარ. მაგრამ უშიშრად ყოფნისაც მეშინია.


საკუთარ თავთან დროებით შეთანხმებას ვდებ - ჯობს გავჩუმდე, ფილმებს სახლში ვუყურო მარტოობაში,  სხვის მუსიკას ავყვე, სარკეს დავემალო და იმას დავჯერდე, რასაც  დიდი ხნის წინ შევეგუე, მოვუსმინო მათ ისტორიებს, ვინც გაბედა.

 

***

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ  შიში მოვიშინაურე, რომ ყველაფერს ვაკონტროლებ, რომ თითოეული გადაწყვეტილების უკან მხოლოდ მე ვდგავარ და ემოციების მართვაც მშვენივრად გამომდის.  მაგრამ  ვგრძნობ, რომ ყოველი ნაჩქარევი დასკვნის, სიახლის უარყოფის,  ინერტულად გატარებული დღეებისა თუ ნეგატიური წინასწარგანწყობების უკან  ხშირად შიშის წამლეკავი ემოცია დგას. გული მწყდება, რომ ვერ ვტოვებ  შიშისა და სიმამაცის ცვალებადობას, განცდა მაქვს, რომ ბევ რამეს ვაკლდები და მრჩება კადრს მიღმა შიშის გამო.


ამ დროს ძალიან მჭირდება გარშემომყოფების, განსაკუთრებით კი სანდო ადამიანების მხარდაჭერა,  დახმარება, რომ გავაცნობიერო, როდის ღირს გამბედაობა გამოვიჩინო და როდისაა აუცილებელი სიფრთხილე.


დახმარება მჭირდება  რეალობის გადამოწმებაში, დარწმუნებაში, რომ უსაფრთხოდ ვარ და შემიძლია ჩემს მისწრაფებებს მივენდო. მხოლოდ ის მჭირდება, რომ გამოცდილება გამიზიარონ, გულწრფელად მესაუბრონ, მაგრძნობინონ, რომ მარტო არ ვარ, რომ შიში მათთვისაც ნაცნობია, რომ ხანდახან შეცდომები მათაც დაუშვიათ. შემახსენონ, რომ ყველაფრის მიუხედავად ვეყვარები.


რა იქნება, უბრალოდ დამეხმარონ განვსაზღვრო, რა ხდება სამყაროში, გავაცნობიერო ჩემი ფიქრები, ემოციები და მტკიცებულებები, რომ რეალობის საზღვრებს არ გავცდე. დამეხმარონ რეალობის გადამოწმებაში, რესურსების გაცნობიერებასა და გახსენებაში, რომ ბევრი რამ გამომსვლია აქამდე და ბევრი რამ გამომივა მომავალშიც. მხოლოდ ეს მჭირდება ბალანსისთვის.


მე არ ვითხოვ რეცეპტს, როგორ ვიცხოვრო,  რადგან ვგრძნობ, რომ თუ ზუსტ ინსტრუქციას მომცემენ ახლა, გავნადგურდები, როცა სამყარო დამოუკიდებლობას მომთხოვს.

 

 თინა ქარელი

 

 

 

 

コメント


Lett Square.png
bottom of page