top of page

ბედნიერება - ადამიანის მენტალური და ემოციური მდგომარეობა, რაც კმაყოფილებისა და სიხარულის ძლიერ შეგრძნებას უკავშირდება. ის ხშირად კავშირშია ცხოვრების ხარისხთან, რაც განისაზღვრება არსებობის სოციალური, კულტურული, მატერიალური და პიროვნული ასპექტებით.

ბედნიერებას ადამიანი უძველესი დროიდან იკვლევდა. თუმცა მისი განმარტება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კამათის საგანი იყო და არის. დასავლურ ცივილიზაციაში ბედნიერების საკითხი მჭიდროდ უკავშირდება მორალსა და ეთიკას. პლატონი თვლიდა, რომ ბედნიერია ის, ვინც საკუთარ სურვილებს არ ემონება, ვინც ცდილობს, რაც შეიძლება მიემსგავსოს ღმერთს, რასაც მოგვიანებით მნიშვნელოვანწილად დაეყრდნო ქრისტიანული კულტურა.

 

არისტოტელეს მიხედვით ბედნიერება აქტია და არა მდგომარეობა. მისი აზრით, სახელმწიფოს მთავარი დანიშნულებაც თითოეული ადამიანის ბედნიერი თანაცხოვრებაა. ბედნიერების შესახებ მრავალი სხვა თეორიაც არსებობს და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მსოფლმხედველობრივი საკითხია. ის, თუ რაშია ბედნიერების გასაღები და რა არის თავად ბედნიერება აბსოლუტურად ყველა მოაზროვნის განსჯის საგანს წარმოადგენდა. ერთნი მას სიამოვნებას უკავშირებდნენ (ეპიკურეიზმი, ჰედონიზმი), სხვანი - ინტელექტსა და ლოგიკას (სტოიციზმი, სკეპტიციზმი).

 

 

კლასიციზმის ეპოქაში მონტენმა პირველად აღნიშნა ხაზგასმით, რომ ბედნიერება სუბიექტურია და ყველაზე დიდ სიამოვნებას სასიამოვნო ფიქრები იწვევს, რასაც მეტწილად დაეყრდნო პოზიტიური ფსიქოლოგია თანამედროვე ეპოქაში. მანვე არისტოტელეს საწყისებზე დაყრდნობით გააღრმავა ის იდეა, რომ სიცოცხლით ტკბობას ძალისხმევა ესაჭიროება.

 

 

XX საუკუნიდან მოყოლებული განსაკუთრებით პოპულარული გახდა თვითრეალიზაციის, როგორც ბედნიერების გასაღების, თეორია. აღნიშნული თეორია უკავშირდება აბრაამ მასლოუს საჭიროებათა იერარქიას, სადაც თვითრეალიზაცია ადამიანთა საჭიროების მწვერვალია და უდიდესი მოტივატორი. ამ თეორიაში განიხილება პოზიტიური ფსიქოლოგიაც, რომელიც სამ ძირითად პოსტულატს ეყრდნობა - პოზიტიური ემოციები, პოზიტიური ინდივიდუალური ღირსებანი და პოზიტიური ინსტიტუტები. პოზიტიური ემოციები ეყრდნობა წარსულითა და აწმყოთი კმაყოფილებას, აგრეთვე მომავლის იმედს. პოზიტიური ინდივიდუალური ღირსებანი გულისხმობს ადამიანის ძლიერ მხარეებზე ფოკუსირებას, ხოლო პოზიტიური ინსტიტუტები ის სოციუმია, სადაც ადამიანი თავს კარგად იგრძნობს.

„ლეტერატოში“ ვთვლით, რომ ბედნიერება ადამიანის არჩევანია. ის შინაგანი მდგომარეობაა და არა გარედან ნაკარნახევი პირობა. მართალია, ბედნიერება დანიშნულების ადგილი არ არის, რომელიც გზის ბოლოს დაგვხვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერების მდგომარეობა თავისით დგება. ბედნიერების მიღწევა, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, პიროვნების ძალისხმევის შედეგია; დამოკიდებულების საკითხი, რომელიც თვითშემეცნებას,  გარემოს ღრმა ანალიზსა და არჩევანის გაკეთებას მოითხოვს. ჩვენც ვიზიარებთ დიდი მოაზროვნეების შეხედულებებს ბედნიერების თემაზე და გვგონია, რომ ინტელექტუალური ძალისხმევა, ეთიკით ნაკარნახევი, გაცნობიერებული გადაწყვეტილებები და პიროვნული თვითრეალიზაცია ბედნიერების გასაღებია. ეს ის შინაგანი თავგადასავალია, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ჩვენი დახმარებით გადახდებათ ხოლმე თავს.

bedniereba

Lett Square.png
bottom of page