top of page

azrovneba

აზროვნება - შემეცნების პროცესი, რომელიც ქმნის ფსიქოლოგიურ ასოციაციებს და სამყაროს მოდელს ადამიანის გონებაში. აზროვნების წყალობით ხდება გარე სამყაროდან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, ცოდნად გარდაქმნა და მისი გამოყენება. აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებებია პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება. აზროვნების წყალობით ჩვენ ვქმნით ცნებებს, შეგვიძლია აღქმების ფორმირება და რეალობის შეცნობა. ის მენტალური პროცესია, რაც იმას გულისხმობს, რომ ის მოიცავს ფიქრს, მეხსიერებას, აღქმას, ნებელობას და ემოციებს.

აზროვნების პროცესი მიმდინარეობს ადამიანის ტვინსა და გონებაში. ტვინი - ეს არის ორგანო, სადაც განთავსებულია არსების ნერვული სისტემის ცენტრი და ტექნიკურად წარმოადგენს სტრუქტურას, სადაც აზროვნება ხდება. გონება - ეს შედარებით აბსტრაქტული ცნებაა და  იგი მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ცნობიერება, ფსიქიკა, განსჯისა და აღქმის შესაძლებლობები. ითვლება, რომ ყველა ცოცხალ არსებას აქვს გონება, თუმცა ტვინი და მისი სტრუქტურა განსხვავებულია სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ადამიანის ტვინი ყველაზე რთული სტრუქტურაა, რაც მისი აზროვნების გაცილებით დიდ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 

აზროვნება ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა. მას და მის ასპექტებს არაერთი მეცნიერება იკვლევს, როგორიცაა ლინგვისტიკა, ფილოსოფია, ნეირომეცნიერება, ფსიქოლოგია, ინტელექტუალური ისტორია და სხვა. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შეგრძნებების აღქმა და რეალობის გაცნობიერება, თუმცა ზოგიერთი მოსაზრების თანახმად აზროვნების პროცესი შესაძლებელია აღქმის გარეშეც მიმდინარეობდეს. ადამიანი ამ პროცესს საუკუნეების მანძილზე აკვირდებოდა და შეისწავლიდა. საინტერესოა, რომ თუკი ის ქაოტურად მიმდინარეობს და ადამიანის კონტროლს მიღმაა, მაშინ ინდივიდი გარკვეულ პრობლემებს აწყდება, როგორიცაა არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, ფსიქოლოგიური სირთულეები, დაუსაბუთებელი მსჯელობა და სხვა. ამასთან, აზროვნების პროცესი ადამიანის რესურსის დიდ ნაწილს მოითხოვს. ის შრომატევადი და ენერგოტევადი პროცესია. შესაბამისად, ადამიანი ხშირად ექცევა ე. წ. „გონების ხაფანგში“, რაც მას გამარტივებისკენ უბიძგებს და გამზადებული შეხედულებებით, სტერეოტიპებითა და უმარტივესი მოდელებით აზროვნებას აიძულებს. ამას „ინტელექტუალური სიზარმაცე“ ეწოდება და ხშირად მიჰყავს ადამიანი არასწორ გადაწყვეტილებებამდე, ზედაპირულობამდე და უშინაარსო ცხოვრების წესამდე.

აზროვნების ასეთი ტიპების საპირისპიროდ არსებობს არა ერთი მეთოდი აზროვნების სისტემატიზაციისათვის, მისი სიცხადისა და ოპტიმიზაციის შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მათგანია კრიტიკული აზროვნება, რომელიც საკითხებს სხვადასხვა პრიზმაში განიხილავს და მათ ყველა ასპექტს მოიცავს. მისთვის დამახასიათებელია რაციონალურობა, ამიტომაც ის ეყრდნობა ფაქტებს და მტკიცებულებებს.

„ლეტერატოს“ კრიტიკული აზროვნების მოდული მოზარდებში ავითარებს ისეთ უნარებს, რაც უზრუნველყოფს აზროვნების სისტემატიზაციასა და ოპტიმიზაციას, მტკიცებულებების ლოგიკურ ანალიზს, ფაქტების სინთეზს და საკითხის შესახებ სიღრმისეული, ობიექტური, და მაქსიმალურად მიუკერძოებელი დასკვნების გამოტანას.

Letterato Logo
bottom of page