top of page

kritikuli azrovneba

კრიტიკული აზროვნება - ფაქტებისა და მოვლენების მიუკერძოებელი ანალიზი მათი ყველა ასპექტის გათვალისწინებით. აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხებს სხვადასხვა პრიზმაში განიხილავს და მათ ყველა ასპექტს მოიცავს. კრიტიკული აზროვნებისთვის დამახასიათებელია რაციონალურობა. ის ეყრდნობა ფაქტებს და მტკიცებულებებს. კრიტიკული აზროვნების თვისებებია ინტელექტუალური სინდისიერება, ინტელექტუალური თავმდაბლობა, სამართლიანობის გრძნობა, ინტელექტუალური დაჟინებულობა, ობიექტურობა, კეთილგონიერების რწმენა, ინტელექტუალური გამბედაობა, ინტელექტუალური თანაგრძნობა, ცივილიზებულობა და ინტელექტუალური დამოუკიდებლობა.

 

კრიტიკული აზროვნების მოდელი გულისხმობს კონკრეტული იდეებიდან მასშტაბურ კონცეფციებამდე მისვლას უმეტესად ლოგიკისა და რაციონალური მიდგომის გამოყენებით. ის გვეხმარება შედეგების ანალიზში, სხვადასხვა იდეის ურთიერთშედარებასა და პარალელების მოძებნაში. კრიტიკული აზროვნება ამასთანავე არის უნარი, რომელიც ადამიანს თანამედროვე სამყაროს ინტეპრეტაციასა და მისი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება. ის საშუალებას გვაძლევს იმ ზღვა ინფორმაციის გადამუშავების ოპტიმიზაცია მოვახდინოთ, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით უწყვეტ ნაკადად მოედინება, შევძლოთ ფაქტისა და შეხედულების განსხვავება ერთმანეთისგან, ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ხარისხიანი და უხარისხო, სანდო და არასანდო ინფორმაცია და ეფექტიანად გამოვიყენოთ ჩვენს ცხოვრებაში.

ტერმინი „კრიტიკული აზროვნება“ ამერიკელ ფილოსოფოსს ჯონ დიუის (1859-1952) უკავშირდება, რომელმაც იგი, განმარტა, როგორც განათლების მიზანი და აზროვნების გარკვეული ტიპი, რომელიც მეცნიერულად შეიძლება ჩაითვალოს. კრიტიკული აზროვნება მისი განმარტებით ხელს უწყობს ინდივიდის ბედნიერებას და ამცირებს სოციალურ დანაკარგებს (დრო, ძალისხმევა).

 

თუმცა, კრიტიკული აზროვნება, როგორც თავისთავად აზროვნების მოდელი, უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს. ითვლება, რომ ხედვა და სწავლების პრაქტიკა, რომელსაც კრიტიკული აზროვნებისას ვიყენებთ, სოკრატეს სახელს უკავშირდება. დაახლოებით 2500 წლის წინათ სწორედ ამ დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა აღმოაჩინა კითხვების დასმისა და კვლევის საშუალებით, რომ ადამიანების ცოდნა ხშირად საფუძველს მოკლებულია, შეხედულებანი კი ირაციონალური. რაც მათ ჰგონიათ რომ იციან, ხშირად ავტორიტეტზე დაფუძნებული ცოდნა ან მზა-მზარეული შეხედულებების საკუთარ თავზე მორგებაა. სწორედ სოკრატემ დაინახა სიღრმისეული შეკითხვების დასმის აუცილებლობა და ამ შეკითხვებზე პასუხების სიღრმისეული გააზრების საჭიროება, სანამ მივიღებთ იდეებს, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად სარწმუნოა.

 

სოკრატემ განმარტა, რომ ნებისმიერი ქმედება ან განაცხადი საჭიროებს მტკიცებულებების მოძიებას, მსჯელობისა და დაშვებების აუცილებლობას, ძირითადი ცნებების ანალიზს და შესაძლო შედეგების განხილვას, რათა დადასტურდეს მისი მიზანშეწონილობა. ამისათვის კი აუცილებელია აზროვნების სიცხადე, რაშიც ლოგიკა გვეხმარება. სწორედ ამიტომაა, რომ „ლეტერატოს“ კრიტიკული აზროვნების მოდულში ჩაშენებულია ლოგიკის კლასები, რაც მოზარდებს ასეთი ტიპის აზროვნების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებით კი „ლეტერატო“ ხელს უწყობს მოზარდებში ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე უმოკლესი გზით მისვლას, ინდივიდის პიროვნული „მე“-ს აღმოჩენას და მის მიმართებას სამყაროსთან, ობიექტური დასკვნების გამოტანას და ინტელექტუალური დაჟინებულობის კულტივაციას, რაც სიღრმისეულ აზროვნებასა და ანალიზს საჭიროებს.

Letterato Logo
bottom of page