top of page

"iunisefis"bolo kvleva: ratom uWirT mozardebs teqstis gaazreba da kritikuli azrovneba

Updated: Aug 5

ree


სულ ახლახანს გაეროს ბავშვთა ფონდის, "იუნისეფის" ბოლო კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ახალგაზრდების საკვანძო უნარებსა და კომპეტენციებს აფასებს. შედეგი სავალალოა. ადამიანები, რომლებიც უკვე ზრდასრულნი არიან, „დიდ გა­მოწ­ვე­ვებს აწყ­დე­ბიან წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აზ­რე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა­სა და ნათ­ლად გა­მო­ხატ­ვაში.“ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 3-დან 1 ახალგაზრდას „ გა­უ­ჭირ­და და­მაჯე­რე­ბე­ლი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არგუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა, რაც კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­სა და დე­ბა­ტებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და.“

მოდით, ჯერ ვთქვათ, რატომ შეაფასა მაინცა და მაინც უნარები და კომპეტენციები გაეროს ბავშვთა ფონდმა ახალგაზრდებში და რატომ არის აქცენტირებული კრიტიკული აზროვნების უნარი.


უნარები და კომპეტენციები ადამიანს ეხმარება გზა გაიკვლიოს ზრდასრულ ცხოვრებაში, იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს, იცხოვროს ხარისხიანი ცხოვრებით. კრიტიკული აზროვნების უნარი კი არა მარტო პრობლემების საუკეთესოდ გადაჭრისათვის არის საჭირო, პრობლემებისა, რომელიც ცხოვრების გზაზე მუდმივად გვხვდება, არამედ მთავარი უნარია, რომელიც ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში უზრუნველყოფს, ათასობით გამქრალი პროფესიების კვალდაკვალ ადამიანი თვითმყოფად და რეალიზებულ არსებად დარჩეს.


ree


შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეაფასა, რა მომავალი აქვს საქართველოს ამ სწრაფადგანვითარებად სამყაროში. მიღებული შედეგები იმდენად მძიმეა, რომ ვერც ერთი ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო და მისი მომავალი მნიშვნელოვანია, გულგრილი ვერ დარჩება. მნიშვნელოვანია, გახსნილი იყოს დისკუსია და მსჯელობა ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრის გზებზე.



განათლება კარგა ხანია გასცდა მოვლენებისა და ფაქტების დაზეპირებას. უკვე მრავალი წელია აღარ არის საჭირო ბიბლიოთეკებში ნაშრომების დაკონსპექტება თემის საფუძვლიანად გაცნობის მიზნით. დღეს ნებისმიერ საკითხზე ზუსტად ხუთ წუთში შესაძლებელია სიღრმისეული თუ არა, საკმაო ინფორმაციის მოძიება მითითებული წყაროებით, რომელიც საშუალებას იძლევა ამ საკითხს მსურველი კიდევ უფრო ღრმად გაეცნოს. იცვლება ადამიანის ქცევა და მისი გონების ტევადობა. კარგა ხანია, არავინ იზეპირებს მეგობრებისა თუ ნაცნობების ტელეფონის ნომრებს, საგზაო მარშრუტებს. ადამიანები ტექნოლოგიების დახმარებით მეხსიერებას უსარგებლო ცოდნისგან ათავისუფლებენ, რათა მეტად კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რომელიც მათთვის უფრო პრიორიტეტულია. დღეს არავინ დაგმობს სხვას თუკი ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მისასვლელად ნავიგაციის სისტემას იყენებს, მაგრამ ვაი სირცხვილო, თუ ლექსის წასაკითხად ტელეფონს ამოიღებ და ზეპირად არ იცი. განათლების სისტემაც მსგავსად იქცევა. დაზეპირება, ფაქტების დამახსოვრება და გამონათქვამების ზუსტად ციტირება კვლავ მიღებული განათლების დასაბუთების მთავარი ფორმაა. არადა ნებისმიერი მათგანის მოსაძიებლად ხელის გაწვდენა საკმარისია.


მაგრამ რა ქნას განათლების სისტემამ? როგორი განათლება გვსურს ჩვენი შვილებისთვის? სასკოლო განათლების ამოცანაა უპასუხოს იმ მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რომელიც ბავშვს მაშინ დახვდება, როდესაც ის სკოლის მერხიდან ზრდასრულ ცხოვრებაში გადაინაცვლებს. რა ცოდნა დასჭირდება მას? რა უნარები უნდა ჰქონდეს? რა უნდა შეძლოს მარტივად? სწორად აირჩევს პროფესიას? შეძლებს დამოუკიდებლობას? სად შეძლებს, იმუშაოს? შეძლებს, დაეუფლოს თავისი ცოდნით იმ პროფესიებს, რომელიც აქტუალური იქნება? მოერგება სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს? - ეს ის შეკითხვებია, რომელზეც პირველ რიგში ფორმალური განათლების სისტემა უნდა ფიქრობდეს. მთელი სირთულეც სწორედ ეს არის. განათლების სისტემამ უნდა ამოიცნოს, რა იქნება მნიშვნელოვანი და აქტუალური 12 წლის შემდეგ, იმ მომენტიდან, როდესაც ბავშვი სკოლაში პირველად შეაბიჯებს. ეს კი ჩვენს დინამიურ სამყაროში მარტივი ამოცანა არ არის. მოწინავე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად სულ რამდენიმე პროფესიას ჩამოგითვლით 2035 წლისათვის:


ree


● ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტი

● განახლებადი ენერგიის ინჟინერი

● ბიოინფორმატიკოსი

● ურბანული ინფრასტრუქტურის ანალიტიკოსი

● ნეირონული ინტერფეისის დიზაინერი


ჩვენს საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, რას მოიცავს ეს პროფესიები. მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალში არც ფინანსისტია და არც იურისტი (ყველაზე პოპულარული პროფესიები საქართველოში) რატომ? იმიტომ, რომ მათი გაქრობის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან ხელოვნურ ინტელექტს წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს. არის ასეთი ცვლილებებისთვის ჩვენი მომავალი თაობა მზად? ჯერ-ჯერობით ნამდვილად არა. ჩვენს წინაშე უზარმაზარი ცვლილებების პროცესი მიდის, რომელიც შეუქცევადია, ხოლო მათთვის ფეხის აწყობა - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა საქართველო იყოს აყვავებული, ძლიერი სახელმწიფო. ვიღაც იფიქრებს, ეს ასე მალე არ მოხდება, ან ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდხანს იქნება საჭირო ეს პროფესიებიო. სამწუხაროდ, თუ ასე მოხდა, საქართველო არათუ ვერ მოხვდება მოწინავე სამყაროს რუქაზე, არამედ განწირულია ჩამორჩენილი, ვერშემდგარი სახელმწიფოებრიობისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომავალი თაობის საუკეთესო ნაწილი იძულებული იქნება, ქვეყანა დატოვოს. ამიტომაც განათლების სისტემა სწორედ ამაზე უნდა ზრუნავდეს: ახალ თაობებს მომავლისათვის ამზადებდეს. ამისთვის კი წარსული გამოცდილებისა და მიღწევების გამოყენება საკმარისი არ არის, სიახლეებისდამი გახსნილობა და მომავლისკენ გახედვაც აუცილებელია. მაგალითად 10 წელიწადში გაჩნდება ისეთი პროფესიები, როგორიცაა


● ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სპეციალისტი

● ვირტუალური თერაპიის სპეციალისტი

● დროის ოპტიმიზაციის მრჩეველი

● დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის კონსულტანტი


ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. და უკლებლივ ყველა მომავლის პროფესიას სჭირდება ადამიანის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი: კრიტიკული აზროვნება. რადგან სწორედ კრიტიკული აზროვნება უზრუნველყოფს:


● ყველა შესაძლო ვარიანტის გააზრებას და შესაბამისი ვარიანტის სწორად შერჩევას

● რთული პრობლემების ეთიკურად გადაჭრას

● არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღებას

● ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებას ტექნოლოგიებში


ree


მაგრამ კრიტიკული აზროვნების კულტივაციას მოზარდებში სჭირდება აზროვნების პროცესისთვის ბიძგის მიცემა. ამას კი, თავის მხრივ, სჭირდება თავისუფალი გარემო, მოთმინება, კითხვების დასმის წახალისება, საკითხის მრავალმხრივი ჭვრეტა და შეფასება, ინფორმაციის უპირობოდ მიღების ნაცვლად - მისი ანალიზია აუცილებელი. ამის ნაცვლად ჩვენი სკოლები ინერტული, დუნე სწავლების ადგილადაა გადაქცეული, სადაც სამწუხაროდ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ერთადერთი „სწორი“ აზრია გაბატონებული, ხოლო ტექნიკურ საგნებში - აბსტრაქტული სწავლება, რომლის შედეგადაც ბავშვი ვერ ხედავს კავშირს რეალურ ცხოვრებასა და ნასწავლ მასალას შორის. ეს კვლევამაც კარგად აჩვენა. სკოლა არაა მოზარდზე ორიენტირებული. ანტაგონიზმი მოსწავლეების მიმართ ნორმაა, საგაკვეთილო პროცესი ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული თაობისათვის უმეტეს შემთხვევაში უინტერესო, მონოტონური და მოსაწყენი. ხშირია ფავორიტიზმი, ნიშნებით შანტაჟი, ეს კი ქმნის ტოქსიკურ და უსამართლო გარემოს, რასაც ბავშვი ადრეული ასაკიდან ეჩვევა. ამის შედეგად მას არ უყვარს სკოლა, კარგავს სწავლის მოტივაციას. სამაგიეროდ უკვე კარგად იცის, რომ თუკი მასწავლებელს თავს მოაწონებს და იმას იტყვის, რაც მას სურს, ან საერთოდ გაჩუმდება და ბევრ კითხვას არ დასვამს - როგორღაც სასწავლო წელს ჩაამთავრებს. თუმცა ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობს, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. საბოლოოდ ვიღებთ არა მოაზროვნე თაობას, არამედ დათრგუნულ, მორგებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც თვითგადარჩენისთვის არიან მხოლოდ მოწოდებული. აქაც, რასაკვირველია, გამონაკლისები გვაქვს, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ასეთი გამონაკლისები უფრო მეტად ბავშვის თანდაყოლილი უნარების ხარჯზე არსებობს. განათლებისა და აღზრდის ამოცანა კი სწორედ ისაა, რომ ნებისმიერ ბავშვში არსებული პოტენციალი განავითაროს. და ბოლოს, ინდოქტრინაცია კრიტიკული აზროვნების მტერია. ადამიანის, მოზარდის თვითგამოხატვის შესაძლებლობა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. მაგრამ იქ, სადაც არსებობს ექსკლუზივი ჭეშმარიტებაზე, კითხვები არ ჩნდება. ხოლო სადაც არ ჩნდება კითხვები, იქ კრიტიკული აზროვნებაც ვერ ვითარდება.

 
 
 

Comments


Lett Square.png
bottom of page