top of page

ras niSnavs iyo leteratoeli?


ბრიტანელი მწერალი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ბერტრან რასელი ამბობდა, რომ საუკეთესო განათლების სისტემა ისაა, რომელიც თითოეულ ბავშვს აძლევს ყოველივე საუკეთესოს მიღების შესაძლებლობას. მშვენიერი ფორმულირებაა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ წარმოდგენები ყოველივე საუკეთესოს შესახებ განსხვავდება. განსხვავდება ასევე ინტერესები, გემოვნება, რწმენები, მოტივაციის სტიმულები და მიზნები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინდივიდუალური მიდგომა, მოსწავლისთვის საგანმანათლებლო მასალის ფართო არჩევანის შეთავაზება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოზარდის პოტენციალის სრულად გამოვლენაა შესაძლებელი ალბათ ხარისხიანი განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობებია. განსხვავებებისა და ინდივიდუალიზმის გათვალისწინება გვეხმარება, სწავლის პროცესი საინტერესო და სახალისო იყოს. ხოლო პოტენციალის აღმოჩენა და დანახვა თავად მოზარდისათვის არის ტრანსფორმაციული. სწავლისა და განათლების მიღების პროცესში მთავარი გმირი სწორედ მოსწავლე უნდა იყოს  და გვახარებს, რომ ეს გამოგვდის.

მაგრამ გადის დრო, მოსწავლეები იზრდებიან, ამთავრებენ სკოლას და მასთან ერთად ჩვენს პროგრამებსაც. მათთან განშორება კი არ არის ადვილი. წელსაც არაერთ მოსწავლეს მოუწია ლეტერატოსთან გამომშვიდობება. ისინი სულ ცოტა ხანში საუნივერსიტეტო ცხოვრებას შეუდგებიან ზოგი საქართველოში, ზოგი კი უცხოეთში. ყველა მათგანი განსხვავებული და უნიკალურია. არაერთი აღმოჩენით, თავგადასავლებით, მეგობრობით, სიხარულითა თუ მარცხით დატვირთული წელი გავატარეთ ერთად. დღეს გვსურს რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ.

სანდრო

სანდრომ ლეტერატოში 7 წელი გაატარა და სულ მალე ევროპაში მიემგზავრება, რათა სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში გააგრძელოს. ბავშვობიდან გვაოცებდა თავისი მახვილი გონებით, კრეატიულობითა და განსაკუთრებული შინაგანი კულტურით. ხუმრობით ლეტერატოს ვეტერანს ვეძახით, რადგან ჩვენთან 2017 წელს მოიყვანეს. მაშინ გარკვეული სკეპტიციზმი ორივე მხარეს გვქონდა: ჩვენ სულ ახალი გახსნილები ვიყავით და მაღალი ნდობა იყო საჭირო, რომ მშობლებს სწორედ ლეტერატო შეერჩიათ ბავშვის განათლებისათვის, სანდრო კი ჩვენი პროგრამისათვის ასაკით პატარა იყო. ჩვენც და სანდროს მშობლებმაც რისკი გავწიეთ, მაგრამ არ გვინანია.


სანდროს შესაძლებლობებმა მალევე ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენთან სწავლისას მასში განსაკუთრებულად დიდი პოტენციალი აღმოვაჩინეთ და გვეამაყება, რომ ეს პოტენციალი სანდრომ წარმატებით გამოიყენა. 30-ზე მეტი წაკითხული ნაწარმოები, ჩვენი ჟურნალის რედაქტორობა, საჯარო გამოსვლები წიგნის ფესტივალებზე, მენტორად მუშაობის გამოცდილება, 60-ზე მეტ სემინარსა და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება - ეს ყველაფერი სანდროს ცხოვრებაში 2017 წლიდან ამ დრომდე მხოლოდ ლეტერატოში მიღებული გამოცდილებაა. ჩამონათვალი შთამბეჭდავია და რა უნდა იყოს იმაზე სასიხარულო, როდესაც მოზარდი შემეცნებისთვის მოტივირებული და გახსნილია, აქვს უნიკალური ხედვა, შეუძლია სამყარო აღიქვას სრულად მთელი თავისი მრავალფეროვნებით და მასში აქტიური მონაწილეობაც მიიღოს. აი რას ჰყვება თავად სანდრო:

„მე დღეს არ ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც ვარ ახლა, რომ არა ლეტერატო, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც გაკვეთილიდან გამოვდიოდი ვფიქრობდი რაღაც ისეთზე, რაზეც შეიძლება მანამდე არც მიფიქრია. რაც აქცევს ამ ადგილს უნიკალურად არის სწორედ ურთიერთობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ადგილი, სადაც ყველას აზრი მისაღებია, გაქვს თავისუფლება და შესაბამისად ახლის გაგების სურვილიც. ჩემთვის, იყო „ლეტერატოელი“, ნიშნავს აზროვნებდე ინდივიდუალურად, თავისუფლად და ჩარჩოების გარეშე. მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ ლეტერატოელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. ჩვენ ერთად გავატრეთ დრო, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებად მემახსოვრება.“

სანდრომ ბევრ წარმატებას მიაღწია და კიდევ უფრო მეტი წინ აქვს. ეს ყველაფერი ძალზე გვეძვირფასება, მაგრამ კიდევ უფრო ღირებული ისაა, რომ სანდროს სახით ახლო მეგობარი შევიძინეთ და მიუხედავად იმისა, რომ გვტოვებს, ჩვენი მეგობრობა არ დამთავრებულა.


მარიამი

მარიამი დღეს უკვე კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ფაკულტეტის სტუდენტია. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღო და საგრანტო დაფინანსებაც მოიპოვა. ბევრი საუბარი არ უყვარს, მაგრამ ეს ნურავის დააბნევს: სიჩუმისა და მოკრძალების მიღმა ნათელი გონება, ღრმა ანალიზისა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი შრომისმოყვარეობასა და შინაგან სილაღესთან შერწყმულა.


ლეტერატოში 6 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში განათლებისა და უნარების გაუმჯობესების მიღმა მარიამმაც არაერთი გამოცდილება მიიღო: გამოსცადა თავი საჯარო გამოსვლებში, იყო ჟურნალის რედაქტორი, ჩაწერა ვლოგები, გაიარა პროექტის მართვის კურსი, დაესწრო უამრავ სემინარსა და ღონისძიებას. კრიტიკული აზროვნების კლასებზე მარიამის მიერ პრობლემის გადაჭრის გზები და ამა თუ იმ თემის ანალიზი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული შემოქმედებითობითა და სიღრმით. თავდაპირველად თავდაჯერება აკლდა, მაგრამ შემდეგ თავადვე აღმოაჩინა, რამდენი დაფარული ნიჭი და შესაძლებლობაა მასში.

მარიამი არაჩვეულებრივად წერს, არის საუკეთესო გუნდური მოთამაშე, შეუძლია არასტანდარტულად აზროვნება, რაც მის მიერ არჩეული პროფესიისთვის მნიშვნელოვანია, და ძალზე ნაკითხია. არ ყოფილა შემთხვევა, მარიამს ლეტერატოში გავლილი ნაწარმოები წაკითხული და ღრმად გააზრებული არ ჰქონოდა. ეს არც მეთორმეტე კლასში შეცვლილა, პირიქით, ბოლო წელი ლეტერატოში განსაკუთრებულად გამოიყენა და კიდევ უფრო მეტი მიიღო, ვიდრე წინა პერიოდში. მაგრამ ალბათ აჯობებს, თავად მარიამს მოვუსმინოთ:

„პირველი დღიდან დაწყებული, ბოლო დღით დასრულებული, ლეტერატო იყო აღმოჩენები სამყაროზე და ჩვენს თავებზე. ლეტერატოს შეუცველელი ადგილი უჭირავს ჩემს იდენტობაში. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორი ადამიანი ვიქნებოდი, რომ არა ის გაკვეთილები, პრეზენტაციები, ოთახები, წიგნები, ემოციები, ცოდნა და  რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ამ ადგილის არსს. ეს ყველაფერი სამუდამოდ აღბეჭდილია ჩემს მეხსიერებაში, რადგან ამან შემასწავლა, რას ნიშნავს იყო ადამიანი, პიროვნება, დამოუკიდებელი და თავისუფალი ინდივიდი.“

ამბობენ, რომ ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც. დასრულდა ლეტერატოში მარიამის სასწავლო პროგრამაც. გული გვწყდება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ცხოვრება შინაარსითა და მნიშვნელობით აღსავსე იქნება.

დათუნა

ახლა, ამ სიტყვების წერისას დათუნა დიდი ალბათობით თვითმფრინავშია, რომელიც ჰააგაში მიფრინავს. იქ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი ელოდება. არაჩვეულებრივი არჩევანია ინტერესიანი, განათლებული, ყოჩაღი დათუნასათვის, რომელიც თანაბრად ერკვევა პოლიტიკასა და ლიტერატურაში, ფილოსოფიასა თუ ეკონომიკაში.

დათუნა 2021 წელს შემოგვიერთდა და სრულად გაიარა უფროსკლასელების პროგრამა. დინჯ, აზრიან და სერიოზულ ნატურაში ჩვენთან მოსვლიდან მალევე ლაღი, ხალისიანი და ცნობისმოყვარე ადამიანი აღმოვაჩინეთ. შრომისმოყვარეობასა და მიზანსწრაფულობასთან ერთად დათუნას აქვს განსაკუთრებული უნარი სიამოვნება მიიღოს ცხოვრების ყველა წუთისაგან და ამას ღირსებითა და ელეგანტურობით ახერხებს. ყველა გაკვეთილზე ეტყობოდა, რომ ის მთელი გულითა და ხალისით აკეთებდა მიცემულ დავალებებს და ალბათ ამიტომაც იყო მისი შედეგი აღსანიშნავად ხარისხიანი.


მაგრამ დათუნასათვის ურთიერთობებიცა და დასვენებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ლეტერატოში მან არაერთი უახლოესი მეგობარი შეიძინა, ხოლო მოსწავლეებისათვის განკუთვნილ გასართობ ღონისძიებებზე ყოველთვის საუკეთესო დროს ატარებდა და თავისი იმპროვიზაციებითა და ექსპრომტებით მუდმივად სასიამოვნოდ გვაოცებდა.

მთელი 3 წლის განმავლობაში დათუნას არასოდეს დაუგვიანია კლასებზე. მისი პასუხისმგებლობისა და პუნქტუალობის გრძნობა ნამდვილად აღსანიშნავია, მაგრამ ამ უნარებს თან დაერთო შემეცნების წყურვილი და სიღრმისეული განათლების მიღების მოტივაცია. ამ სურვილებს კი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებისა და საკუთარი თავის გამოცდის ინტერესიც დაემატა. ასე გახდა დათუნა გაკვეთილების მიღმა ჟურნალის რედაქტორიც, პოდკასტერიც და ლეტერატოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერიც. მისი პირველი პოდკასტის ჩაწერისას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ეხებოდა, საკმაოდ ბევრი არგუმენტი და საუბარი დაგვჭირდა, რომ წარმატების ერწმუნა. მისი 2024 წლის პოდკასტი თავისუფალი ნების შესახებ კი სულ სხვა თავდაჯერებულობას ასხივებს. საოცარი შეგრძნებაა ზრდის ამ პროცესის დანახვა და ამ პროგრესით სიხარული. თავად დათუნა კი ამბობს:

„თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, შემოვსულიყავი ლეტერატოში, იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი, რაც კი ოდესმე გადამიდგამს, რადგან აქ გატარებული 4 წელიწადი იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. ის, რომ სასწავლებლად უცხოეთში მივდივარ; ის, რომ შემიძლია კრიტიკულად აზროვნება; ის, რომ მყავს ამდენი მეგობარი; ის, რომ ბედნიერი ვარ და, რაც მთავარია, ის, რომ, მე როდესაც ოთხი წლის წინ აქ პირველად ფეხი შემოვაბიჯე არნახული რაოდენობის შიშებით, იქნებოდა ეს  ადამიანებთან დალაპარაკების თუ სიტყვით გამოსვლის, და დღეს კი ლეტერატოდან მივდივარ ერთადერთი შიშით, რომ აქ მიღებული გამოცდილებები და მოგონებები არასოდეს დამავიწყდეს - სწორედ ეს არის ლეტერატოს დამსახურება.“


ანი

ანი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც თავად აღმოგვაჩინა და მშობლების რჩევითა თუ თხოვნით არ მოსულა ჩვენთან. ეს ბევრს ამბობს მასზე. ძალიან გონიერი, ინტერესიანი, ბეჯითი და მოაზროვნე, თითოეულ კლასზე ახდენდა ამ თვისებების დემონსტრირებას და სულაც არ არის გასაკვირი, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტიც საუკეთესო შედეგებითა და საგრანტო დაფინანსებით გახდა. მას ყოველთვის ჰქონდა ორიგინალური იდეები, საკუთარი აზრი და მოსვლის დღიდანვე გამოირჩეოდა თავისი ასაკისათვის შეუფერებელი თვითრეფლექსიით.

არაჩვეულებრივი 4 წელი გავატარეთ ერთად. ვფიქრობთ, შევძელით, დავხმარებოდით ეს ყველაფერი უკეთ და თვალსაჩინოდ დაენახა საკუთარ თავში, შეეძინა მეტი გამბედაობა და უნარი, სათქმელი თამამად და თავისუფლად გამოეთქვა. აქ მიღებულმა განათლებამ კი ხელი შეუწყო კიდევ უფრო გაეფართოვებინა თვალსაწიერი და გაეუმჯობესებინა ემოციური ინტელექტი, რომლის წყალობითაც თავიდანვე ღრმად გრძნობდა სხვა ადამიანებს.

ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა ის თვისებებია, რომელიც ანის ყოველთვის დაეხმარება მაქსიმალურად ბევრი შეიმეცნოს. ლეტერატოში სწავლისგანაც ბევრი მიიღო, გახდა უფრო თავდაჯერებული, შეიძინა ახალი მეგობრები.

ჩვენთან გატარებული წლების მანძილზე ანიმ საინტერესო პოდკასტები მოამზადა ადამიანის, საზოგადოების, ყოფიერების აზრისა და ეგოიზმის ანატომიის შესახებ. არის 10-მდე სტატიის ავტორი, ლეტერატოს ერთ-ერთი მენტორი და სპიკერი. ჰალედ ჰოსეინის „ფრანით მორბენალის“ მისეული წარდგენა წიგნის ფესტივალზე გამოირჩეოდა ორიგინალობით, სიღრმისეული ანალიზითა და განსაკუთრებული ემპათიით.

ანიმ პროგრამა დაასრულა და დღეს ეს ყველაფერი უკვე ისტორიად იქცა, მაგრამ ეს პირველ რიგში ანის ისტორიაა, სადაც მიღებული ცოდნა, გაწეული ძალისხმევა და სწორი თვითშეფასების უნარი ის მყარი საფუძველია, რომელზეც ის საკუთარ ცხოვრებას ააგებს. ანი კი გვეუბნება:

„ლეტერატოს მთავარი ღირებულება ის სულისკვეთებაა, რომელსაც თითოეული იქ მყოფი ადამიანი ქმნის თავისი უშუალობითა და მიმღებლობით, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შეუცვლელ სიმდიდრეზე, რასაც წიგნიერების კლასები და ერთმანეთში აზრების მიმოცვლა წარმოადგენს. ლეტერატოში არ არსებობს დიდი და პატარა, მასწავლებელი და მოსწავლე, სწორედ რომ თანასწორობაა მისი საფუძველი. ეს არის ადგილი, სადაც არასდროს მიწევდა თავი მომეჩვენებინა იმად, რაც არ ვიყავი, ეს კი, დამეთანხმებით, ძალიან დიდი ფუფუნებაა.“


ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ეს ადამიანები ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ, მიუხედავად იმისა, რომ გულდაწყვეტით ვემშვიდობებით ერთმანეთს. მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა მათთან ურთიერთობა, რომლის საშუალებაც ამ წლების განმავლობაში მოგვეცა და რომელიც ლეტერატოში სწავლის დასრულებით არ დამთავრდება.

სამწუხაროა, რომ ვერ შევძლებთ, ყველა მოსწავლეზე მოგიყვეთ, რომლებიც წელს დაგვემშვიდობნენ და რომელთა შესაძლებლობებიც ასევე უსაზღვროა. ისინი გვეიმედებიან და გვეამაყებიან. მაგრამ,  რაც მთავარია, წინ ახალი ჰორიზონტებია, ახალი გამოწვევები და აღმოჩენები, რომლისთვისაც ვთვლით, რომ ჩვენი ბავშვები საუკეთესოდ მოვამზადეთ.

 



Comments


Lett Square.png
bottom of page