ეძღვნება ყველა ბავშვს
ახალი წელი მოდის და მეც ამ წელს გავჩნდები, მამა. ჯერ არ ვიცი, ბიჭი ვიქნები თუ გოგო, მაგრამ შენთვის ხომ სულ ერთი იქნება, მამა? თუ ბიჭი ვიქნები, ხომ არ მეტყვი, ჩემს ასაკში შენ რომ უკეთესი იყავი: ჩემზე მშრომელი, ჩემზე ყოჩაღი, ჩემზე ძლიერი და მოხერხებული? ვეცდები, იმედი არ გაგიცრუო, მაგრამ თუ შენ არ დაგემსგავსები, ხომ არ გაბრაზდები, მამა? ვიცი, სამართლიანობას რომ მასწავლი, მეგობრობას და სიკეთესაც, მაგრამ გვერდში ხომ დამიდგები და უნიათოს არ დამიძახებ, სულ ცოტა მაინც ხელი რომ მომეცაროს?
გოგო თუ ვიქნები, გული ხომ არ დაგწყდება, მამა? კარგი გოგო ვიქნები, ლაღი, მეოცნებე და ხალისიანი. ხალისს ხომ არ წამართმევ? ჩემს ოცნებებს ხომ არ დაამსხვრევ? ზედმეტად მკაცრი ხომ არ იქნები და ხომ მომეფერები, მამა? ვიცი, ვიცი, ძალიან გეყვარები. ძალიან გამიფრთხილდები. ისიც ვიცი, ბევრი ცუდი რომ გსმენია და გინახავს. მაგრამ, შენ დაფარულ შიშებს ხომ არ აუშვებ და ჩემზე დაგეშავ, მამა? სამყარო მხოლოდ ბოროტება არ არის, მხოლოდ წვალება არ არის, იცი, რამდენი სიხარული და სითბოა, მამა? აი, გავჩნდები და ნახავ…
ბიჭი ვიქნები თუ გოგო, მთავარი შენთვის ხომ ის იქნება, რომ ბედნიერი ვიყო? ფორტეპიანოზე დავუკრავ თუ დურგალი გავხდები, ბანკში ვიმუშავებ თუ ბანაკში – ის გაგიხარდება, სიყვარულით ვაკეთო საქმე, ხომ მამა? ვიცი მანდ როგორაა. მეც შევაგროვებ ჩემს დაკარგულ ოცნებებს და შენსავით მომინდება, ჩემმა შვილებმა ისინი აიხდინონ. მეც შეიძლება დამავიწყდეს, რომ ეს ჩემი ოცნებებია და არა მათი, მაგრამ მაინც ძალიან გთხოვ, როცა გავჩნდები, ხანდახან მაინც შეჩერდე და გაგახსენდეს, რომ ეს შენი ოცნებებია და არა ჩემი. კარგი, მამა?
ვიცი, ის გენდომება, რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვება შემხვდეს. ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით და ფიანდაზით იყოს მოფენილი, მაგრამ, განა ასე ოდესმე ხდება, მამა? მეც ბევრი შემეშლება, ბევრჯერ დავმარცხდები, ისე, როგორც ყველა… მაგრამ, გპირდები, რომ შევეცდები შეცდომებზე ვისწავლო, აბა, სხვანაირად როგორ გავხდე ძლიერი, მამა?
ახალი წელი მოდის და ხომ იცი, მეც ამ წელს გავჩნდები, მამა. ხომ მაპატიებ, რომ ვერ ვიქნები იდეალური პროექტი? რომ ხანდახან ურჩიც ვიქნები, ჯიუტიც და თავნებაც. შეიძლება პურის ამოტანაც კი დამეზაროს, ან უნებლიეთ ორიანიც მივიღო იმ საგანში, შენ რომ ძალიან გეხერხებოდა… არ შეგეშინდეს, მამა! გავჩნდები, კარგი? გპირდები, შევეცდები თქვენზე უკეთესი ვიყო, თუნდაც სულ ოდნავ. და თუ გამომივა, გთხოვ, ჩათვალე, რომ ცხოვრება შედგა. იმ წელს გილოცავ, მე რომ უნდა გავჩნდე, მამა!
Comments