"Everything you’ve ever wanted is on the other side of fear"
უცნობი ავტორი
ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვსო. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და დესტრუქციული გრძნობა, რომელიც ადამიანს მუდმივი გამოწვევების წინაშე ამყოფებს... რა არის შიში და როგორ შეიძლება იგი დავძლიოთ? რისი გვეშინია და რატომ? საიდან იღებს ეს შიში სათავეს? ქარჩხაძის ნაწარმოების კითხვისას ამ თემას ჩავუღრმავდით
და აი რა გვითხრეს ბავშვებმა:
„შიში ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტეა“ ლეო „შიში წარუმატებლობის მოლოდინია. ბედისწერის არცოდნა“ ნიკა „შეუძლებელია არაფრის გვეშინოდეს. ეს გამოცდილება ყველას მიუღია და ბავშვობიდან იწყება. ბავშვს, რომელიც შეიძლება დიდ მზრუნველობაში იზრდებოდეს, მაინც შეეშინდება რაღაცის, თუნდაც სიბნელის. ეს ბუნებრივია“ ქეთო „შიში ისაა, რაშიც დარწმუნებულები არ ვართ და უცოდინრობის გამო გვეშინია. გვეშინია ისეთი რაღაცეების, რაც დაუგეგმავად, მოულოდნელად მოდის“ ელენე „შიში არის საკუთარი თავი, იმიტომ რომ მაინც არ იცი შინაგანად როგორი ხარ, რას მოიმოქმედებ. არასდროს არ იცი რას გააკეთებ და ბოლომდე საკუთარი თავის გაგება შეუძლებელია“ კოტე "შიშის ქვეშ ადამიანი რაციონალურად აზროვნების უნარს კარგავს" დაჩი
მომავლის და ბედისწერის არცოდნა... საკუთარი თავის შეცნობა... ჩადებული ინსტინქტი... ასეთი ღრმაა ბავშვების ნააზრევი. შიშის გაცნობიერება ხომ პირველი ნაბიჯია მისი დაძლევის გზაზე.
„კაცი კაცს მხოლოდ იმიტომ ჭრის ყელს, რომ ეშინია. კაცს იარაღი მხოლოდ იმიტომ დააქვს თან, რომ ეშინია. კაცი სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ ეშინია. ბოროტებას ბოროტი კაციც ისევე თვლის უსამართლობად, როგორც კეთილი, და არც ჩაიდენდა, შიშს რომ ლაჩრად არ ექცია... თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია და, ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია. შენ რომ იცოდე, შენ სიცოცხლე იმაზე მეტი არა ღირს, ვიდრე სხვისი, განა მაშინაც მოკლავდი კაცს!“ გვეუბნება ნაწარმოები.
"თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია"... ეს ამონარიდი ექზისტენციალურ კითხვებს გვიჩენს. სად ვართ? საიდან მოვედით? სად მივდივართ? - მოსწავლეები ამ მთავარ კითხვებს უბრუნდებიან. უპასუხო მთავარი კითხვები, ადამიანის დასაზღვრულობა, სიკვდილის გამოცდილების არქონა შიშებს ბადებს...
რა სხვაობაა შიშსა და სილაჩრეს შორის? არისტოტელეზე ვსაუბრობთ. მის „საშუალზე“. ვინც მუდმივად შიშის ტყვეობაში იმყოფება არისტოტელეს „დიდი ეთიკის“ მიხედვით ლაჩარია, ხოლო სრულიად უშიშარი - შლეგი. ეს ორი - უკიდურესი მდგომარეობაა, ხოლო ჭეშმარიტება ზომიერებაშია. ამ ორს შუაში. ამას არისტოტელე კეთილგონიერებას და გაწონასწორებულობას უწოდებს. ვცდილობთ ეს იდეა გავიაზროთ. წიგნიდან ციტატას ვკითხულობთ: „ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა.“
დაფაზე ვწერ: შიში=სილაჩრეს
სილაჩრე=ბოროტებას, მაშასადამე
შიში=ბოროტებას.
ლევანიკო აპროტესტებს: „ყველა შიში სილაჩრე არაა. ასე ყველას გვეშინია, მაშასადამე ლაჩრები ვართ და ესე იგი ბოროტები?“ ლევანის ეს სამართლიანი შენიშვნა ვენის დიაგრამაზე გადაგვაქვს.
მოსწავლეების მიერ დახაზული ცნებების ურთიერთმიმართება
მაშ რა სხვაობაა შიშსა და სილაჩრეს შორის? ამაზე ნაწარმოები გვპასუხობს:
„ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა. შიში ყველა ადამიანს დაბადებითვე თან დაჰყვება, მაგრამ ზოგს ჰყოფნის გამბედაობა, თვალი გაუსწოროს თავის შიშს, ზოგს არა. ვისაც არ ჰყოფნის, ის ლაჩარი და უსამართლო ხდება... ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ყველანი ლაჩრები არა ვართ“
“შიში ეს ადამიანის შემეცნებისა და ფიქრის დასაზღვრულობის შეგრძნებაა. შიში ჩვენს ფიქრებშია“ ლუკა „შიში ესაა ის, რისი წარმოდგენაც და დანახვაც არ გვინდა“ მარიამი „შიშს დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითი ისაა, რომ გაიძულებს იმოქმედო, ბევრი რამ სხვაგვარად გააკეთო“ გიო "შიშის უნდა გეშინოდეს" დაჩი
"შიშს ან უნდა გაექცე, ან უნდა გაშეშდე, ან უნდა შეებრძოლო" - გვეუბნება ჭკვიანი დაჩი. ეს ფრაზა სადღაც ამოუკითხავს და გულში ჩარჩენია. შიშთან ბრძოლა სიმამაცეა - ამაზე ვთანხმდებით. ნაწარმოების მიხედვით შიშის დაძლევის გზა მისთვის თვალის გასწორებაა. მისი ბოლომდე გათავისება. მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის. შიშის წინაშე მარცხი, ამ მარცხის გაცნობიერება თურმე თავისუფლებისკენ მიმავალი გზა შეიძლება გახდეს. სწორედ ეს თავდაპირველი მარცხი განაპირობებს ადამიანის ტრანსფორმაციას და ამაზე გვესაუბრება ნაწარმოებიც. როგორ დავამარცხოთ შიში? ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ვთანხმდებით, რომ ყველა დაძლევის საკუთარ ხერხზე დაფიქრდება და შემდეგ კლასზე გაგვიზიარებს. მანამდე კი იმ შინაგან თავგადასავალში გადაეშვება „ანტონიო და დავითის“ კითხვას რომ მოაქვს.
Comments