top of page

rogor wavikiTxoT (ukeT)


კითხვის ფენომენი ჩვენს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და იდუმალი რამაა, რომელიც კაცობრიობას დამწერლობის შექმნის ხანიდან მოყოლებული აღელვებდა და რომლის ამოხსნასაც ლინგვისტები, სემიოტიკის სპეციალისტები, განათლების ფსიქოლოგები თუ ფილოსოფოსები ამ დისციპლინების გაჩენიდანვე ცდილობენ. მაგრამ წაკითხვისა და სიმბოლოების გაშიფვრის მაგიისადმი გულგრილი ადამიანების არმია ყოველთვის იყო, არის და იქნება უმეტესობაში. მაშ რატომ უნდა გვაღელვებდეს კითხვის არსი და უკეთ წაკითხვის სურვილი?


თუ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ, დიდი ალბათობით, უკვე ხართ ის ადამიანი, ვინც იცის, როგორ წაიკითხოს. თვალი მიჰყვება ნაწერს, გონება კი გამალებით მუშაობს, რათა არა მხოლოდ თეთრზე შავად დაწერილი სიმბოლოების გაშიფვრა შეძლოს, არამედ აღიქვას მისი არსი და უნებური, მაგრამ აუცილებელი შეფასება მისცეს ფურცელზე გადმოცემულ ნააზრევს. ამის საპირისპიროდ, ის, ვინც გულგრილია კითხვისდამი, ამ ნაწერს არასდროს წაიკითხავს და აქ ვლინდება სწორედ ის პარადოქსი, რომლის შედეგადაც განათლებული ადამიანი კიდევ უფრო განათლებული ხდება, ხოლო უვიცი - კიდევ უფრო უვიცი, რადგან არ არსებობს უვიცობის სტატიკური მდგომარეობა. ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ არაფერია მუდმივი, მათ შორის, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არც - უვიცობა. თუ ამ სიტყვების მნიშვნელობა თქვენმა გონებამ სწრაფად გადაამუშავა, მაშინ უნდა გაგღიმებოდათ. არა? წინა პასაჟს კიდევ ერთხელ კითხულობთ და გეღიმებათ. არც ახლა? ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან ჩვენ შორის უკვე შედგა ის სიახლოვე, რისი წარმოჩენაც ამ ტექსტის ერთ-ერთი ამოცანა გახლდათ. და სწორედ ეს არის ის საოცარი მაგია, რაც ავტორსა და მკითხველს შორის უხილავ ძაფს აბამს და ერთად ტოვებს ამ სამყაროს უკიდეგანო სივრცეში, სადაც სხვა დანარჩენი ოკეანის მიქცევასავით უკან იხევს, ხოლო ტექსტი თავად ახდენს ამ სამყაროს დუალობის დემონსტრირებას - სუბიექტი - ობიექტი, ავტორი - მკითხველი. ავტორი და მკითხველი ეს იგივეა, რაც ღმერთთან მებრძოლი იაკობი, ხოლო ტექსტი - ის კიბე, რომელიც მკითხველსა და ავტორს შორის გადებულა.


მაგრამ კითხვა რომ მხოლოდ ეს იყოს, გაცილებით პრიმიტიული იქნებოდა და არც იმდენად იდუმალი, კაცობრიობის მოაზროვნეებს თავი რომ მასზე ემტვრიათ. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ კითხულობს მავანი დავუშვათ „ფაუსტს“ და როგორ იქმნება მის წარმოსახვაში ფაუსტის ოთახი. მაღალი თაღები. სანთლის ლიცლიცი. როგორ სავსეა სამუშაო მაგიდა ფოლიანტებით და მძიმე ტომებით, როგორ არსაიდან აღმოცენდება სული, და თუ რა განწყობით შესძახებს ფაუსტი „მე, ხატი ღმრთისა, შენც ვერ გედრები?“ რაც უნდა დეტალურად დაგვიხატოს ავტორმა სურათ-ხატები, ის მაინც უნიკალური იქნება თითოეული მკითხველისთვის და სწორედ ეს არის კიდევ ერთი საოცრება, რაც კითხვას შეუძლია შემოგვთავაზოს. ასე ხდება იაკობი თავად ღმერთი. ვისაც წარმოსახვის ლაბირინთებში ელსინორის კოშკები არ წამოუმართავს ან ბაუდოლინოსთან ერთად ფანტასმაგორიულ მიწებზე არ უმოგზაურია და მხოლოდ იმას ელოდა, თუ როდის იპოვიდა მოგზაურთა ჯგუფი იოანე პატრიარქის არარსებულ სამეფოს ან იძიებდა შურს ჰამლეტი მამობილად ქცეულ ბიძაზე, მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია სრულად კითხვის სასწაული და პასიურ მონაწილედ რჩება, რომელსაც დღევანდელი ციფრული სამყარო უკეთეს გასართობებს სთავაზობს.

და თუ მხოლოდ ამბების წაკითხვაა მთავარი, აქვე უნდა გაჩნდეს კითხვა, მაშ რატომ ვკითხულობთ გატაცებით უკვე მრავალგზის ნაცნობ სიუჟეტებს, რომელთა დასასრულიც ყველასათვის ცნობილია, თუ ჩვენი გონება მხოლოდ სიუჟეტსა და ისტორიებზეა მომართული?


იმიტომ, რომ ამ მრავალწახნაგოვან პროცესში კითხვას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება აქვს - მას შეუძლია გაზიაროს იდეათა სამყაროს, მოგცეს ისეთი რამ, რა უცვლელი და მარადიულია და, რაც ჩემ მიერ ზემოთ თქმულს, რომ ყველაფერი ცვალებადია - ეწინააღმდეგება. არადა, თითქოს როგორ დამაჯერებლად ჟღერდა, როდესაც ამას კითხულობდი. და ესეც კითხვის მნიშვნელოვანი ხიბლია - შეგიტყუოს, და თუ არ დაფიქრდი და პირდაპირ მიიღე, ავტორის, მაგრამ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი გონების, ხაფანგში აღმოჩნდე. მაშასადამე, ამ ტექსტის მეორე აბზაცში მოცემული განაცხადი, რომ არაფერია მუდმივი, მცდარია. რადგან აი ზუსტად ამ აბზაცის დასაწყისი გვაუწყებს, რომ ყოფილა რაღაც ისეთი, რაც ცვალებადი არაა. და ეს რაღაც არის ის, რასაც წიგნის კითხვა გვაზიარებს - კერძოდ, იდეათა სამყაროს, მარადიულ სიბრძნეს. ჰოდა რომელია სწორი? წესით, აქ მკითხველი უნდა შეყოვნდეს, კითხვა შეწყვიტოს და დაფიქრდეს.


მაგრამ, არა. ესეც ფანდია, ერთგვარი გონების მასაჟორი, რომელსაც ტექსტი გვთავაზობს. მატერიალურ სამყაროს მუდმივი მოძრაობა განსაზღვრავს, მოძრაობას კი დრო სჭირდება. სადაც დრო არსებობს, იქ ცვლილებებიც გარდაუვალია. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მარადისობა არ არსებობს. მაშინ, ასეთი სიტყვა ლექსიკონში უბრალოდ არ გვექნებოდა. არადა გვაქვს, თანაც რაღაც უცნაური მანქანებით, ამ სიტყვას უკლებლივ ყველა ლექსიკონში იპოვნით რუმინული ენის იქნება, სუაჰილისა თუ ტელუგუსი. მარადისობის ნაწილი კი იდეებია. ის, რაც ყველა დროში მუშაობს და ადამიანისთვის მუდმივად აქტუალური იქნება. ამას ჩვენ სიბრძნეს ვუწოდებთ და სწორედ კითხვისას ვეზიარებით. რაღა თქმა უნდა, არის სიბრძნის მიღების მეორე გზაც - გამოცდილება. მაგრამ მხოლოდ სულელი თუ დაკარგავს ბევრ დროს იმაში, რისი მიღებაც უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლია. სიბრძნესთან ზიარება გამოცდილების მიღების გზით კი, არაეკონომიური პროცესია და ხანდახან არასაკმარისიც, რადგანაც გუმანი გვეუბნება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასი წლის ასაკშიც მაინდამაინც დაბრძენებულნი არ კვდებიან. საკმარისია კითხვის პროცესში დავსვათ ის ყბადაღებული, მაგრამ ძალზე სასარგებლო შეკითხვა, ბავშვობაში რომ გვისვამდნენ ლიტერატურის მასწავლებლები: „რას გვასწავლის . . .?“ (სამ წერტილში შეგიძლიათ ნებისმიერი ფრაზა ჩასვათ, რომელიც ამ სამყაროს შესახებ რაიმე თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გაწვდით) და ჰოი, საოცრებავ! წამსვე რაღაც ისეთს ვიგებთ, რაც დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება.

მაშასადამე, კითხვა გთავაზობს იმას, რაც უცვლელი და მარადიულია. მარადიულისკენ სწრაფვა კი ადამიანთა მოდგმის განმსაზღვრელი ნიშან-თვისებაა. ადამიანს სურს, მოათვინიეროს დრო, გაიმარჯვოს მასზე და ამ მისწრაფებას ყველა სხვადასხვანაირად ახორციელებს. ერთი დროის მანქანის გამოგონებაზე ოცნებობს, მეორე სივრცე-დროს იკვლევს, მესამე რელიგიას ეზიარება, ხოლო მეოთხეს შთამომავლობის იმედით იმკვიდრებს ადგილს უსასრულობაში. მარადიულთან ზიარება წიგნის კითხვის მორიგი მაგიაა. რა თქმა უნდა, დამწყებ მკითხველსაც შეუძლია გადალახოს დროის საზღვარი - ტექსტის კვალდაკვალ იმოგზაუროს მომავალში და ნეა-სო-კორპოს მიერ ჩაგრულ კლონირებულ ფაბრიკანტებზე იდარდოს, ან ტროას ომის ქარცეცხლში ჰექტორი დაიტიროს, მაგრამ ნამდვილი მაგიის აღმოსაჩენად კითხვის პროცესში სიტყვების გაშიფვრის მიღმა დამატებით დაფიქრებაა საჭირო - მაგალითად რატომ გვეუბნებიან, რომ „რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია“. ვისაც ეს მარადიულთან თანაზიარობა გამოუცდია, იცის, რასაც ვგულისხმობ. ეს მეტა-პროცესია, რომლის მოცემაც მხოლოდ წიგნს შეუძლია - პირველი შრე სიმბოლოთა გაშიფვრა, სიტყვათა აღქმა და წინადადებიდან შინაარსის გამოტანაა, ხოლო შემდეგი შრე - ამ შინაარსის გააზრება, განზოგადება და რეალური მნიშვნელობის ამოცნობა; იმის აღქმა, თუ რას გვაძლევს ის ჩვენ, როგორც საპიენსებს.

მაგრამ კითხვა გაცილებით ყოფით საკითხებშიც გვეხმარება. სანამ ფსიქოლოგები ადამიანის ქცევების მოდელებს სწავლობენ, ტვინის აგებულებას აკვირდებიან და ჩვენი შეცდომებისა და არასრულყოფილების წყაროს ღრმა ბავშვობაში იკვლევენ, იქვე გვერდით ლიტერატურის იდუმალი ცხოვრება მიედინება, სადაც ადამიანის ქცევის ყველა მოდელი უკვე არსებობს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია, არა მხოლოდ ძალზე დამაჯერებელია, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც მუშაობს. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ლოგიკური ახსნა მოეპოვება - არაფრიდან მხოლოდ არაფერი იშობა, ყველა სახე-ხატი ხომ კვლავდაკვლავ ცხოვრებიდანაა აღებული. საკმარისია მკითხველმა წიგნში ამოკითხული მოტივები, ქცევები, განცდები და მიზნები საკუთარ ცხოვრებაში შემოიტანოს და მასში მიმდინარე მოვლენებს შეუთვისოს, რომ ურთიერთობები, ამოცანების მიღწევა და გამოსავლის პოვნა გაცილებით მარტივდება. „და მერე ამით მე რა?“ - ეს ის კითხვაა, რომელსაც კითხვის პროცესში მუდმივად ვსვამთ, და თუ გონება დუმს, ესე იგი მკითხველად ჩამოყალიბების გზა ჯერ კიდევ გასავლელია.


თუკი ამ 1003 (უკვე 1005<) სიტყვას გაუძელი, ჩემო მკითხველო, მაშინ მიიღე ჩემი ღრმა პატივისცემა კარგი კომპანიონობისთვის. მოხარული ვარ, რომ ტექსტის ბოლოს კვლავ შევხვდით ერთმანეთს და, თუკი ზემოთქმულიდან რაიმემ დაგაფიქრა ან გათქმევინა „ეგაა“, მაშინ მეც მომიცია რაღაც ამ მოთმინების სანაცვლოდ. მიუხედავად ამისა, მაინც მომიწევს აღვნიშნო ამ ძალისხმევის აბსურდულობა და ბოდიში მოგიხადო - იგი ხომ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის დაიწერა, ვინც მას არასდროს წაიკითხავს. მაგრამ გთხოვ, ნუ იფიქრებ, თითქოს არსებობენ „ჩვენ“ და „ისინი“. კითხვის მთავარი ხიბლი ხომ ისაა, მიგვახვედროს რომ ჩვენ, ადამიანებს უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს.

თაკო რაზმაძე


Comments


Letterato Logo
bottom of page