rogor gavaumjobesoT urTierToba Cvens mozard SvilebTan



დაახლოებით 11 წლიდან ბავშვში იწყება ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი. ის უკვე ხდება მოზარდი და მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდს - თინეიჯერობას რომ ვეძახით - ძალზე რთულ პერიოდად ვთვლით, ამავდროულად ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი დრო მოზარდის განვითარებისთვის.


რით გამოირჩევა ეს პერიოდი? ვისაუბრებთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც აუცილებლად ახლავს თან მოზარდობის ხანას - სიახლეებისკენ სწრაფვა.


სიახლეებისკენ სწრაფვა ჩვენ, მშობლებს, გვაძლევს საშუალებას, სწორ კალაპტოში მივმართოთ მოზარდის ენერგია და შევთავაზოთ ისეთი სიახლეები, რაც მას განვითარებაში და აღმოჩენებში დაეხმარება.


აქვე უნდა ვთქვათ, რომ სიახლეების ძიება მოზარდის ტვინის ნეიროპლასტიურობასთან წყვილში, უზომოდ მძლავრი იარაღია, რომლის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება. ნეიროპლასტიურობა - ეს ტვინის უნარია, შეიცვალოს გამოცდილებისა და ცოდნის მიღებასთან ერთად ნეირონებს შორის ახალი კავშირების დამყარების მეშვეობით. რაც მეტია ეს კავშირები, მით უფრო განვითარებულია ადამიანის გონება. ეს კავშირები კი ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანი შეიმეცნებს. თინეიჯერობა არის ხანა, სადაც მოზარდის გონება ყველაზე ნეიროპლასტიურია. საინტერესო ისაა, რომ ახალშობილი 100 მილიარდი ნეირონით იბადება, მაგრამ ზრდასთან ერთად ნელ-ნელა ეს ნეირონები ნადგურდება. ხდება მხოლოდ იმ ნეირონების შენარჩუნება, რომლებიც კვანძების ჩამოყალიბებასა და ქსელის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას, ანუ რისი შემეცნებაც და ცოდნისმიერი გამოყენებაც ხდება. ამიტომაც, როდესაც შვილებს სიახლეებს ვთავაზობთ, მნიშვნელოვანია, ეს სიახლეები ინტელექტუალურიც იყოს.


მოზარდის ლტოლვასთან სიახლეების მიმართ სიფრთხილე გვმართებს, რადგან თუკი ეს ლტოლვა დაკმაყოფილებული არ არის, მოზარდი ყველანაირად შეეცდება იგი თავისი თანატოლების წრეში და თავად მოიპოვოს. და რადგან ეს ასევე ის პერიოდია, როდესაც ყალიბდება მისი ტვინის ლიმბური სისტემა, და იწყება ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის, მოზარდი სიახლეებისთვის დიდ რისკებზეც მიდის, როგორიცაა მაგალითად საკუთარი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მშობელმა მოზარდ შვილს სხვა ალტერნატივები შესთავაზოს - დაწყებული ლაშქრობით ან რაიმე ახლის მონახულებით, დამთავრებული ფოტოგრაფიის წრით ან ისეთი იდეის გარშემო მსჯელობით, რაც მისთვის საინტერესოა.


შეიძლება იფიქროთ, რომ მოზარდი წინააღმდეგობას გაგიწევთ და პირველად შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ის ამას უმეტესად იმიტომ აკეთებს, რომ გატესტოს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უნარი, დაამტკიცოს, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა და თქვენ თუ ამას მშვიდად მიიღებთ, შეძლებთ აუხსნათ, რატომ შესთავაზეთ ესა თუ ის სიახლე, თუ მაშინათვე არა, შემდეგ ჯერზე ის აუცილებლად წამოვა კონტაქტზე. თუ მას კომიქსები უყვარს, შესთავაზეთ კომიქსების ხატვის კურსი, ან თუ ხშირად უყურებს სამზარეულოს ე.წ. cooking ვიდეოებს, ერთად მოამზადეთ სადილი, რომელიც აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ. ინგრედიენტებსაც თუ ერთად იყიდით, ეს კიდევ ერთი საშუალება იქნება შვილთან დასამეგობრებლად. ვინ იცის, იქნებ მისგან მომავალი შეფი დადგეს. რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ ხმამაღლა ბავშვი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შვილებს ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის სჭირდებათ.აჩვენეთ ეს და ურთიერთობები ბევრად უკეთესისკენ შეიცვლება.


სიახლეებისკენ სწრაფვა თინეიჯერობის პერიოდის მხოლოდ ერთი ასპექტია. შემდეგ ჯერზე სხვა ასპექტებზეც გიამბობთ, რაც მშობლებს შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და მათი სწორად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.


Letterato Logo