ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა ადვილდება, თუკი გვესმის მისი. ასეა საკუთარ შვილებთანაც, ოღონდ ეს ხშირად გვავიწყდება, რადგან მივეჩვიეთ, რომ ის - ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ფიგურა - ერთ დროს უსუსური და სრულიად ჩვენზე დამოკიდებული არსება იყო. ახლა კი ჩვენს წინაშე უკვე პიროვნებაა, რომელიც ცხოვრებისკენ გზის გაკვალვას ცდილობს. რა უნდა ვიცოდეთ, რაც ჩვენი შვილების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება?
გარდატეხის ასაკში მოზარდი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. 12 წლიდან ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე სწრაფი მენტალური ზრდის პროცესი იწყება, რომელიც დაახლოებით 24 წლის ასაკში სრულდება. მოზარდის ტვინიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, რაზეც ადრეც გვისაუბრია. სწორედ ამ პერიოდში უვითარდება ადამიანს ისეთი უნარები, როგორიცაა აბსტრაქტული აზროვნება, ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარი, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი იდეების დამუშავების უნარი. ყველა ეს უნარი უმნიშვნელოვანესია ჩვენს სამყაროსა და რეალობაში ორიენტირებისათვის და ამ პერიოდში - თინეიჯერობაში - მიღებული გამოცდილებები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ზრდასრულ ცხოვრებაზე. ამიტომაც ეს ნაყოფიერი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოზარდებს სწორად განვითარების საშუალება მივცეთ და ხელი შევუწყოთ ამ უნარების დროულად განვითარებაში.
მოზარდის ტვინში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შემოქმედებითი ძიება და კრეატიულობისკენ სწრაფვა, რომელიც მათი მსოფლმხედველობის ცვლილებასთან ერთად ჩნდება. შემოქმედებითობა პირველ რიგში შეეხება ცნობიერების საზღვრების გაფართოებას და არა მაინც და მაინც წერას ან ხატვას. ეს უკანასკნელნი ამ შემოქმედებითობის ინსტრუმენტებია, გამოხატვის საშუალება. თავად შემოქმედებითი ძიება გულისხმობს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ახალი იდეების ჩამოყალიბებას, რთულ პრობლემებთან გამკლავებას და კომპლექსურ კონცეფციებთან მუშაობას, მათზე ფიქრს.
ყველა ეს უნარი საკვანძოა არა მარტო ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა მეცნიერება ან ხელოვნება, არამედ იმისთვისაც, რომ ადამიანმა ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვოს. საქმე ისაა, რომ მოზარდობისას ადამიანის სამყაროს სურათი იცვლება. ფართოვდება მისი საზღვრები. მოზარდი ცნობიერად ან ქვეცნობიერად იწყებს ცხოვრების საზრისის ძებნას, სამყაროში საკუთარ ადგილზე ფიქრს და ეს ხანდახან შფოთვებისა და აპათიის მიზეზი ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეუქცევადი პროცესია და აქ მშობელს ცენტრალური როლი ეკისრება, კი არ შეშინდეს, არამედ მიიღოს ეს პროცესი და ხელი შეუწყოს კიდეც მას, ვინაიდან მოზარდი შესაძლებელია თავად ვერ უძებნის ახსნას მიმდინარე მოვლენებს საკუთარ თავში. მშობელს კი შეუძლია, შვილს ამ პროცესის გაცნობიერებაში დაეხმაროს, ისედაც რთული პერიოდი შეუმსუბუქოს და ეს შემოქმედებითი კვლევა-ძიება საჭირო და სასარგებლო კალაპოტისკენ მიმართოს.
უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი მოზარდს შეუძლია კრეატიული აზროვნება და აღქმის ახალი ხერხების ძიება, მაშინ ის შეძლებს აღმოაჩინოს არაჩვეულებრივი ჩვეულებრივში, მოწყდეს რუტინას და იყოს ფხიზლად კონკრეტულ დროსა და მომენტში, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს მას საშუალებას მისცემს სრულფასოვნად იგრძნოს თავი და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს, რაც, დამეთანხმებით, უფროსებისთვისაც არ არის ადვილი.
სამწუხაროდ, ჩვენი კულტურული გარემო არ არის მიმღებელი მოზარდის შემოქმედებითი ძიების მიმართ. რამდენჯერ გვითქვამს ჩვენი შვილებისთვის „შენთვის ამაზე ფიქრი ადრეა“, „ნუ ფილოსოფოსობ ერთი“, „დროს ნუ კარგავ, ამას ჯობია წახვიდე და იმეცადინო“... მოზარდის მიერ დასმული „დიდი“ კითხვები და ეგზისტენციალური ფიქრები ჩვენში გარკვეულ დისკომფორტს აღძრავს და შფოთვას იწვევს, რადგან ერთი მხრივ გვიწევს, საკუთარ თავებს დავუსვათ ანალოგიური კითხვები, რომელზე პასუხებიც ხანდახან ჩვენთვისაც ბუნდოვანია, მეორე მხრივ კი ვღელავთ შვილებზე - ვაითუ ამ კითხვებმა მათში დეპრესია გამოიწვიოს? მიზნებისკენ სწრაფვა გაუქროს? და გვავიწყდება, რომ სწორედ გაუცნობიერებელი პრობლემები, დათრგუნული ფიქრები და მისწრაფებები ხდება ხშირად ნევროზებისა და შფოთვების სათავე. გაცნობიერებული ფიქრის უნარი კი პირიქით, ადამიანს ეხმარება აღმოაჩინოს საკუთარი თავი და საკუთარი მსოფლმხედველობა, სამყარო მის გარშემო და გამოიყენოს გონება, რათა ის მუდმივად „ავტოპილოტის რეჟიმში“ არ იყოს ჩართული და მექანიკურ დავალებებს არ ასრულებდეს. გამოგონებების, ინოვაციის, მეცნიერული აღმოჩენების, სერიოზული ხელოვნების ნიმუშის სათავეც სწორედ აქ არის.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა პოზიტიური განმტკიცებით მოახდინოს მოზარდში შეკითხვების დასმისა და მათზე პასუხების ძიების პროცესის ხელშეწყობა, შეუქმნას მას ისეთი სივრცე, სადაც მისი აზროვნების პოტენციალი სრულად გაიხსნება და არ გაუჩინოს დანაშაულის გრძნობა, რომ მას „მიუღებელი“ შეკითხვები გაუჩნდა და „არასწორი“ სამყაროს სურათი ჩამოუყალიბდა. სწორედ მოზარდობის ხანაში, როდესაც აბსტრაქტული აზროვნება ყალიბდება, ადამიანს შეუძლია გასცდეს არსებულ სტერეოტიპებსა და ყალიბებს. ამიტომ ნუ შევუშლით ამაში ხელს ჩვენს შვილებს. ეს თავისთავად არ არის ადვილი. იმიტომ რომ კონკრეტულ ფორმებში გამოსახული ეს ნააზრევი შესაძლოა უფროსი თაობისთვის მიუღებელი და ზოგჯერ შოკისმომგვრელიც იყოს. მაგალითად, შესაძლოა მოზარდმა გითხრათ, რომ შვილების გაჩენა მხოლოდ ადამიანური ეგოიზმია და სხვა არაფერი, ან გკითხოთ, თუ რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, მაინც თუ უნდა მოკვდეს. რა თქმა უნდა, ძნელია ამ ყველაფერს მარტივად შევხედოთ, როდესაც საქმე ჩვენს შვილს ეხება. ადვილია, მშობელი შიშმა შეიპყროს და ჩათვალოს, რომ მოზარდს ყველაფერი წესრიგში არ აქვს. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი მოზარდს მართლაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სიმპტომატიკა გაცილებით ფართოა და ასეთი შეკითხვების დასმით არ შემოიფარგლება. თუკი მოზარდის ნააზრევის მიმართ მიუღებლობა გვექნება, მისი მიუღებლობა მშობლის მიმართაც უფრო მწვავე იქნება, ვიდრე უბრალოდ თინეიჯერობას ახასიათებს. ეს თაობათა შორის უფსკრულს კიდევ უფრო გააღრმავებს და მოზარდსაც თვითგამოხატვის, გაზიარების და აღმოჩენების სურვილს დაუკარგავს. თუ გვემახსოვრება გარდატეხის ასაკში ტვინში მიმდინარე პროცესები, ეს ყველაფერი აუცილებლად გაგვიადვილდება. გამოსავალი მეტ მიმღებლობაში, საკუთარ შიშებთან გამკლავებაში, ბავშვისათვის აზროვნების პროცესების განვითარებისთვის სწორი გარემოს შექმნასა და მასთან მეგობრობაშია.
Comments