top of page

mSobeli da bavSvi: Tavisuflebis nabijebi



გახსოვთ პირველად როდის გაუშვით შვილს ხელი? როდის დაიჯერეთ, რომ დამოუკიდებლად შეძლებდა გავლას, როდის დაავალეთ მაღაზიაში წასვლა? როდის გაიფიქრეთ, რომ შეძლებდა გზის გადაკვეთას, სკოლაში უთქვენოდ მისვლას ან მეგობრებთან ერთად გასეირნებას? გახსოვთ, რას გრძნობდით ამ დროს? ალბათ ეს მოვლენები ერთდროულად სიხარულისა და ღელვის განცდებთან იყო დაკავშირებული.

„თავისუფლების ნაბიჯების“ ამგვარი ქრონოლოგია და თანმდევი შფოთვა შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ინტუიციის, თუ გააზრებული გადაწყვეტილების მიღმა რომ ბავშვის დამოუკიდებლად მოქმედებას საშუალება მივცეთ, ხშირად შიში და შფოთვაც დგას. შიში იმის შესახებ, რომ ჯერ ადრეა, საფრთხეში ვაგდებთ ან მარტო ვერ გაუმკლავდება. ასეთ დროს მშობელმა შეიძლება გაიფიქროს, რომ უმჯობესია მოულოდნელობისგან დაიცვას შვილი და თვითონ გააკეთოს ის, რისთვისაც ბავშვს სურვილი და მზაობა უკვე აქვს.



მოულოდნელობისგან მუდმივად დაცვა და მისი ინიციატივების დაბლოკვა გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვს უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.


ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი ერიკ ერიქსონი მიიჩნევს, რომ ბავშვს, გარემოს ხელშეწყობით, ჯერ კიდევ 18 თვიდან 3 წლამდე ფიზიკური უნარებისა და დამოუკიდებლობის საშუალებით უყალიბდება ავტონომიურობის განცდა. როდესაც მშობელი მხარს უჭერს დამოუკიდებლობის გაზრდილ სურვილს, ბავშვი მეტად თავდაჯერებული და დაცულია მთელი ცხოვრების განმავლობაში.


როდესაც მშობელს ნებსით ან უნებლიეთ ეჭვი შეაქვს შვილის შესაძლებლობებში, დამოუკიდებლობის ნაცვლად, ბავშვს სირცხვილის განცდა ეუფლება. მცირე ასაკში ეს შეიძლება ვერც შევამჩნიოთ, რადგან სამ წლამდე ბავშვებს თითქმის ყველაფერში სჭირდებათ მშობლის მეთვალყურეობა. მაგრამ ის, თუ როგორ აღიქვამს მშობელი შვილს ასეთ მცირე ასაკშიც კი, გავლენას ახდენს ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.


მშობლის ნდობა და პატარ-პატარა მოქმედებების დამოუკიდებლად განხორციელების გამოცდილება ეხმარება ბავშვს, რომ მედეგი იყოს ცვალებად გარემოში, ჰქონდეს კონტროლისა და დამოუკიდებლობის განცდა.


სკოლის ასაკიდან ბავშვის მიმართ არსებული მოლოდინები იზრდება, ის მარტოა სასკოლო სივრცეში - დროულად უნდა შევიდეს გაკვეთილზე, შეასრულოს საშინაო დავალება, ჩაერთოს სოციალურ ურთიერთობებში... წარმოიდგინეთ, რამდენად დამთრგუნველი იქნება მისთვის უცხო გარემოში არსებულ მოთხოვნებთან გამკლავება, თუ ყოველთვის მშობელი იყო სამყაროსთან ურთიერთობისას მისი შუამავალი.



ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გააკეთოს ის, რაც უკვე შეუძლია, და პროცესში ჩავერთოთ, როდესაც რაიმეს მარტო ვერ უმკლავდება. ეს პროცესი შეიძლება ფეხის ადგმას შევადაროთ - მშობელი ჯერ ორივე ხელს ჰკიდებს ბავშვს და ერთად დგამენ ნაბიჯებს, შემდეგ ერთი ხელით ეხმარება, ბოლოს კი შორიახლოს ყოფნით შემოიფარგლება, მაგრამ ყურადღებით არის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეეშველოს მას.


3-დან 5 წლამდე ბავშვს უკვე აქვს ინიციატივის გამოჩენის უნარი, ის ცდილობს დაამყაროს სოციალური კავშირები, გადაჭრას ურთიერთობასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები.


ხელშემწყობ გარემოში, 6-დან 12 წლამდე ბავშვს გარკვეულწილად უყალიბდება კომპეტენტურობის განცდა: ხვდება, რომ ბევრი უნარი შეიძინა და კიდევ დიდი პოტენციალი აქვს. ამ დროს აქტიურდება თანატოლების ჯგუფისა და მასწავლებლების როლი, თუმცა მშობლის თანადგომა და მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში უნდა მივცეთ ბავშვს თვითგამოხატვის, შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება. სხვაგვარად, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები და იდენტობის კრიზისი შოკისმომგვრელი იქნება, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. ხშირად სირთულეები ხომ მაშინ იწყება, როდესაც ბავშვი სიტყვიერად თუ ქცევით უკარნახებს მშობელს, რომ თავად სურს გადაწყვიტოს, რას ჩაიცვამს სკოლაში ან თუნდაც რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან რომელი უცხო ენის შესწავლა სურს. ამგვარი გარდასახვა ხშირად მშობელში შოკს, შიშს და ზოგჯერ ბრაზსაც იწვევს. შეიძლება გაჩნდეს უსამართლობის განცდა, მშობელმა თავი დაუფასებლად იგრძნოს, ან გული დასწყდეს, რომ მოზარდი ვერ ხვდება, რამდენს აკეთებს მისთვის. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მის ავტორიტეტს ახლა თანატოლები ან სხვა ადამიანები ანაცვლებენ, დრო კი, რომელსაც მშობელი და შვილი ერთად მხიარულად ატარებდნენ, ახლა სხვებთან არის გაზიარებული.


რა ხდება ამ დროს მოზარდის თავს? ერთი, კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა არსებობს დაკვირვებები და კვლევები იმის შესახებ, თუ რას შეიძლება უმკლავდებოდეს მოზარდი. მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისა და მოზარდების საშუალოდ 20% განიცდის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია შფოთვის მდგომარეობები, რომლებიც გულისხმობს გამოფიტულობისა და დაძაბულობის მუდმივ განცდებს, ძილის სირთულეებს, ცუდის მოლოდინს, მოდუნების შეუძლებლობას. გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა დეპრესიული სიმპტომატიკა: კონცენტრაციის გაძნელება, უიმედობა, მოტივაციისა და ენერგიის ნაკლებობა... არც თუ ისე იშვიათია კვებითი აშლილობები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს დაბალ თვითშეფასებას და მაღალ მოთხოვნებს საკუთარი თავის მიმართ. მოზარდი თითოეულ ამ სფეროში განიცდის სიღრმისეულ ცვლილებებს - იცვლება მისი გარეგნობა, მისი წარმოდგენები საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ, იზრდება მისი სოციალური წრე და, შესაბამისად, მის მიმართ არსებული მოლოდინებიც. მოზარდს სურს, ახალი გამოცდილება მიიღოს, სხვადასხვა გარემოსა და სფეროში მოსინჯოს შესაძლებლობები და, რაც მთავარია, უპასუხოს კითხვას „ვინ ვარ?“ ხშირად ის „ცდისა და შეცდომის“ მეთოდით მოქმედებს, უმკლავდება იმედგაცრუებას, ცდილობს შეეგუოს ფიზიკურ ცვლილებებს, რომლებსაც ყოველდღიურად ამჩნევს, ფეხი აუწყოს გარემოს მოთხოვნებს. მუდმივ გაურკვევლობასა და არასტაბილურობასთან დაკავშირებულმა ღელვამ და სტრესმა, შესაძლოა, მოზარდს სარისკო ქცევებში ჩართვისკენ უბიძგოს, გაუჭირდეს ემოციების მართვა, საკუთარი აზრის მშვიდად გამოხატვა, შენიშვნის მიღება და გათვალისწინება და სხვა.



მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს მოზარდს თვითშემეცნების პროცესში. ეს შეიძლება მარტივად გააკეთოს ისეთი სივრცის შექმნით, რომელშიც მოზარდი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება, რადგან მშობელი დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ შვილი თავისუფლად გაუზიარებს მას სიმართლეს და არ ექნება შიში, რომ შეცდომის გამო დასჯიან ან გაკიცხავენ.


გურამ დოჩანაშვილის რომანში „სამოსელი პირველი“ გამოუცდელი და გულუბრყვილო დომენიკო სამოგზაუროდ მიდის. მიდის და უამრავ დაბრკოლებას აწყდება. უკვირს, ეშინია, უხარია, უყვარს, ბრაზობს, ხან რას გამოცდის, ხან რას, ზოგჯერ ტკივილი და იმედგაცრუება ტანჯავს, ზოგჯერ კი ცხოვრებით ტკბება. მაგრამ თითქოს იცის, რომ გარდაუვალია მისი გზა სხვამ გაიაროს. ეს დომენიკოს მამამაც იცის. მამა მას ამ მოგზაურობაში წასვლის ნებას რთავს, უკან დაბრუნებულს კი თავზე ხელს დაადებს და ეტყვის „ნურაფრის გეშინია“. იქნებ თითოეულ მოზარდში ცხოვრობს ასეთი მაძიებელი, ზოგჯერ გულუბრყვილო, ზოგჯერ კი პრინციპული და მამაცი დომენიკო. შესაძლოა, ზოგჯერ სულ სხვაგვარად ჩანს, მაგრამ ცვლილებების კორიანტელში გახვეულ მოზარდს ყველაზე მეტად სჭირდება იგრძნოს, რომ მარტო არ არის. სჭირდება იცოდეს, რომ მისი აღმზრდელი, მისი პირველი ნაბიჯების მომსწრე მშობელი, ენდობა, პატივს სცემს დაუშვებს თავგადასავლების საძიებლად. ერთ ხელს უშვებს, მეორეს კი უწვდის,რომწამოდგომაში შეეშველოს. უშვებს და ზურგის ქარივით დაუბერავს, რომ უფრო მსუბუქად ატაროს ამ გზაზე. სჭირდება იცოდეს, რომ მშობელი მიიღებს, დაცემულს და დამარცხებულსაც, საკუთარი თავით ან სამყაროთი იმედგაცრუებულს, მიიღებს და დაამშვიდებს, თავზე ხელს დაადებს ან უბრალოდ მოუსმენს.და რაც მთავარია, სჭირდება იცოდეს, რომ ელოდება, ელოდება ყოველდღე, ყოველთვის, თანაც ღელვანარევი სიხარულით.

თინა ქარელი

Comments


Letterato Logo
bottom of page