ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, ვისაც არ სურს, საკუთარმა შვილმა მასზე უკეთესი გზა განვლოს და ბედნიერი, კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრებით იცხოვროს. მაგრამ რას ნიშნავს ბედნიერი ცხოვრება? არის ეს წარმატება? ძალაუფლება? ფინანსური კეთილდღეობა? და არის თუ არა ეს ყველაფერი ბედნიერი ცხოვრების გარანტი?
კაცობრიობის ისტორია აჩვენებს, რომ არა. ბედნიერების გასაღები არც რაიმეს ფლობაშია და არც დიდ აღიარებაში. ბედნიერია ადამიანი, როდესაც მისი ცხოვრება დატვირთულია შინაარსით, მისი არსებობა - აზრით, ხოლო თავად ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის მიღება და რეალიზებულია: მნიშვნელობა არ აქვს სად და რომელ ასპარეზზე. არ არსებობს უფრო მეტი წარმატება, ვიდრე საკუთარ თავთან ჰარმონიაა, არ არსებობს უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე საკუთარი თავის ძლევა და გარემოს მიმართ ნეგატივისგან განთავისუფლებაა. დანარჩენი კი უბრალოდ სხვების დასანახად გამოფენილი ბრჭყვიალებაა, რომლის უკანაც უბადრუკობა იმალება. ამავდროულად, ასეთი - რეალიზებული ადამიანი - უფრო ადვილად აღწევს მიზნებს, რომელიც მას დაუსახავს, თუნდაც ეს დოვლათის დაგროვება ან ნობელის პრემია იყოს მშვიდობის დარგში.
ადამიანმა რეალიზება რომ შეძლოს, ამისათვის საფუძველი ბავშვობიდანვე უნდა მომზადდეს. მოზარდობის ასაკი კი ამ თვალსაზრისით კრიტიკულ ეტაპს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ დროს იწყებს ადამიანი ფუნდამენტური შეკითხვების დასმას და სამყაროს შინაარსით დატვირთვას. ჩვენ ყველანი მეტწილად გარემოს პროდუქტები ვართ, ამ გარემოში კი მშობლები და ოჯახი უმთავრეს როლს თამაშობს. არაერთი სანდო და ავტორიტეტული კვლევა ადასტურებს, რომ ოჯახს ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის წარმატებაში - სამომავლო რეალიზებაში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოს სხვა კომპონენტების როლი: სკოლა, მეგობრები, ის წრეები და სივრცეები, სადაც მოზარდს ურთიერთობა და ცხოვრების გაკვალვა უწევს. ეს გარემოც მნიშვნელოვანია მისი ჩამოყალიბებისთვის.
მაგრამ რა გავაკეთოთ მშობლებმა? როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოზარდ შვილებს შევუქმნათ სწორი და ჯანსაღი გარემო? მშობლებისა და ოჯახისგან მოზარდს შემდეგი რამ სჭირდება: ზრუნვა, მხარდაჭერა, უსაფრთხოების განცდა, პატივისცემა და მონაწილეობა. თუ ეს ყველაფერი მოზარდს აქვს, გაცილებით იზრდება იმის შანსი, რომ ზრდასრულობაში იგი ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებს. დღეს სწორედ ამ კომპონენტებს შევეხებით.
ზრუნვა
თინეიჯერობა ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი არა მარტო მეტი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, არამედ ეს მას სჭირდება კიდეც, რათა მომავალში თვითკმარ ადამიანად ჩამოყალიბდეს. ამიტომ მოზარდის მიმართ მზრუნველობა საკვებისა და ტანსაცმლის უზრუნველყოფას კი არ გულისხმობს (რაც ისედაც მშობლის მოვალეობაა), არამედ კომფორტის შექმნასა და თანაგრძნობის გამოხატვას. ზრუნვაა მოზარდის ჯანსაღი ინტერესების ხელშეწყობა, მისი პრიორიტეტების პატივისცემა და სწორი კომუნიკაცია ამ საკითხებზე. ეს არამც და არამც არ გულისხმობს ყველაფერში დათანხმებას, თავზე ხელის გადასმას ან არასწორი პრიორიტეტების ხელშეწყობას. ზრუნვა სწორედ არასწორი პრიორიტეტების შესახებ გულწრფელ საუბარში გამოიხატება. ზრუნვაა მისი პრობლემის მოგვარების გზების შეთავაზება და ერთობლივად დაძლევა. ზრუნვაა მოზარდის მოსმენა და მისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება. მაგრამ ეს ყველაფერი საუბრის გარეშეც შეგვიძლია გამოვხატოთ: ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისას მაქსიმალური კომფორტის და ავტონომიის უზრუნველყოფა; ხატვაზე შეყვარებული მოზარდისთვის საღებავების მოულოდნელად ჩუქება ან უბრალოდ მისთვის საინტერესო ინფორმაციის ჩატში გაზიარება - ეს ყველაფერი ზრუნვის გამოხატულებაა.
უსაფრთხოება
უსაფრთხოების განცდა ბავშვის სწორად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბავშვი საკუთარ მშობლებსა და მის ყოველდღიურ გარემოს უსაფრთხოდ უნდა აღიქვამდეს. და მოზარდობის ხანაშიც ასეა. ოჯახში უსაფრთხოების შექმნის საუკეთესო ხერხი მოლოდინების პროგნოზირებადობაა. თანმიმდევრულობა, პოზიტიური რუტინა (როგორიც არის, მაგალითად ყოველ პარასკევ საღამოს ფილმის ერთად ყურება; კვირა დღეს ერთად სადილობა ან რაიმე სხვა, რაც ოჯახის უცვლელი ტრადიციაა) და უმეტესად მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემო უსაფრთხოების განცდას აყალიბებს. მნიშვნელოვანია, მოზარდს ჰქონდეს სწორი აღქმა, როგორი იქნება თქვენი რეაქცია მის ნიშნებზე, ან რაიმე პირად უსიამოვნებაზე. მას არ უნდა ეშინოდეს თქვენი მძაფრი რეაქციისა და მიუღებლობის.
მოზარდისათვის საკუთარი სახლი ის ციხესიმაგრე უნდა იყოს, სადაც ყოველთვის უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს თავს. ეს მას მნიშვნელოვან მენტალურ პრობლემებს აარიდებს ისედაც გამოწვევებით აღსავსე ასაკში. ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი არ უნდა მოხდეს. კონფლიქტებიც ცხოვრების ნაწილია და ვერავინ იცხოვრებს ამის გარეშე, მაგრამ კონფლიქტების მართვისა და ადამიანურად მოგვარების გზით, მოზარდი სწავლობს, რომ ეს უსიამოვნებანი თან სდევს ცხოვრებას, მაგრამ შესაძლებელია მათი გადალახვა დისკუსიის, ემპათიის და კაცთმოყვარეობის წყალობით.
მხარდაჭერა
თინეიჯერი შესაძლოა უარყოფდეს თქვენს მხარდაჭერას, ტკბილ სიტყვებს ან მოფერების სურვილს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ გულის სიღრმეში მას ეს უხარია. გარდა ამისა, მისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხარდამჭერი მშობელი არ ნიშნავს, რომ ის საკუთარ შვილს ყველაფერში ამართლებს, ან მის ჭკუაზე დადის. მხარდაჭერა ბავშვსა და მშობელს შორის ნდობის ჩამოყალიბებაზე გადის. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ, რაც უნდა მოხდეს, მშობელს ის უპირობოდ უყვარს, რომ მშობელი აუცილებლად შეეცდება გაიგოს მისი და დაეხმაროს მას რთულ ვითარებაში. მშობელთან მისვლა გასაჭირის დროს იმაზე მიუთითებს, რომ მოზარდი მას ენდობა და მხარდამჭერად აღიქვამს. თუკი თქვენ არაფერი იცით თქვენი შვილის განცდებზე, კონფლიქტებზე, ნეგატიურ გამოცდილებებზე, და მხოლოდ მისი ნიშნების შესახებ ფლობთ ინფორმაციას, ესე იგი მხარდამჭერად ჯერ არ ჩამოყალიბებულხართ და ეს გზა წინ არის. მხარდამჭერი მშობელი აღნიშნავს შვილის ძლიერ მხარეებს, აღიარებს მის მიღწევებს, ხელს უწყობს ინტერესების ჩამოყალიბებაში და აგრძნობინებს, რომ ის მარტო არ არის.
მნიშვნელოვანია, მშობელი მოზარდს მიზნების ჩამოყალიბებასა და მათ შესრულებაში დაეხმაროს, რაც ასევე გზაა ბავშვმა ეს მხარდაჭერა იგრძნოს. მუდმივი შენიშვნები, უკმაყოფილება შვილის მიმართ და მეტი და მეტი ზოგადი, ბუნდოვანი მოთხოვნები ხელს უშლის მშობლის მხარდამჭერად ჩამოყალიბებას. ბავშვის საჭიროებების ვალიდურობის სწორად დანახვა და მასზე რეაგირება, მოზარდის ადექვატური მოთხოვნების დაკმაყოფილება კი მშობელს მხარდამჭერად აქცევს.
პატივისცემა
კაცობრიობის განვითარების გზაზე იცვლებოდა დამოკიდებულებები ბავშვებისა და მოზარდების მიმართ. დღევანდელ განვითარებულ სამყაროს უკვე გვაქვს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც ამბობს: “ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი და შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება. ამასთან ამ შეხედულებებს ანგარიში უნდა გაეწიოს ბავშვის ბედთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას“. მნიშვნელოვანია, მოზარდს მოვექცეთ პატივისცემით და საშუალება მივცეთ გამოხატოს საკუთარი თავი და აზრი. სწორედ ეს დაეხმარება მას დამოუკიდებელ, თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბდეს. თუ მუდმივად ვახშობთ მის შეხედულებებს, არ ვაძლევთ საშუალებას გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას უნდა, ან მუდმივად ყურადღებას ვამახვილებთ მის მიუღებელ გემოვნებასა და ჩაცმულობაზე, ამით ვადასტურებთ, რომ პატივს არ ვცემთ მის ინდივიდუალიზმსა და პიროვნებას, რომელიც ახლა ყალიბდება. ეს უპატივცემულობა თრგუნავს მის შემოქმედებით პოტენციალს, თავდაჯერებულობას და ამცირებს მის მნიშვნელოვნებას სამყაროსათვის. ეს კი ხშირად სავალალო შედეგების მომტანია. ნუ შეხვალთ მის ოთახში კარზე დაკაკუნების გარეშე, პატივისცემით მოეკიდეთ მის ერთი შეხედვით ექსცენტრულ აზრებს, სერიოზულად აღიქვით მისი შეხედულებანი, ისინიც კი, რომელიც თქვენთვის გაუგებარი და მიუღებელია, დაანახეთ, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და ეს ყოველივე საშუალებას მისცემს თქვენს შვილს არ შეეშინდეს სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.
მონაწილეობა
მშობლების მონაწილეობა შვილების ცხოვრებაში დადებითი ემოციების წყაროა. ეს მონაწილეობა გულისხმობს დაინტერესებას შვილების მსოფლმხედველობით, მათი სუბიექტური შეხედულებებით ამა თუ იმ საკითხებზე და სურვილს, შვილებთან ერთად შინაარსიანად გაატარონ დრო. შვილის ცხოვრებაში მონაწილეობა კონტროლს არ ნიშნავს. ის არც სასწავლო პროცესში ჩარევაა და არც ნიშნებზე მუდმივი ზედამხედველობა. სამაგიეროდ, კარგ ნიშანზე ან შვილის რაიმე მიღწევაზე გულწრფელი სიხარული ან მის მარცხზე წუხილი და შეცდომის მიმართ თანაგრძნობა მშობელს შვილის ცხოვრების თანამონაწილედ ხდის.
მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერობა სწორედ ის ასაკია, როდესაც შვილი მშობლისგან დისტანცირდება, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელი ემოციურ კავშირს ამყარებდეს საკუთარ შვილთან. ეს კი სწორედ ერთობლივი აქტივობებით, დროის ერთად გატარებითა და ერთმანეთთან კომუნიკაციით მიიღწევა. დაკავებული მშობლებისთვის ეს ადვილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ერთად გატარებული დროის ხარისხი და არა მისი ხანგრძლივობა. მოზარდი იშვიათად გამოთქვამს სურვილს, მშობელმა მონაწილეობა მიიღოს მის ცხოვრებაში, რადგანაც შიშობს, კვლავ პატარად არ ჩათვალონ. ამიტომ ეს მისია სწორედ მშობელს აკისრია. იქნება ეს ერთად წასვლა აუზზე, ძაღლის გასეირნება, თუ სპექტაკლის ერთად ნახვა და შემდეგ მისი განხილვა, ეს ყოველივე მშობელს მოზარდის ცხოვრების მონაწილედ ხდის.
კითხვების სწორად დასმა დაგვეხმარება გავხსნათ მოზარდი და ჩავერთოთ მის ცხოვრებაში. თუკი ვკითხავთ, „რა ქენი სკოლაში?“ აუცილებლად მიიღებთ პასუხს „არაფერი“. მშობელმაც და შვილმაც ქვეცნობიერად იციან, რომ ეს შეკითხვა ფორმალურია და რეალურ დაინტერესებას არ გამოხატავს. მაგრამ თუკი შეკითხვები იქნება უფრო კონკრეტული („რა თემას გადიხართ ისტორიაში?“ „რომელი ნაწარმოები მოგეწონა ამ სემესტრში ყველაზე მეტად?“ ) და დიალოგზე ორიენტირებული, თავად ნახავთ, თუ რამდენ ახალს შეიტყობთ საკუთარი შვილის შესახებ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებისა და ოჯახის შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის გარემო, რომელშიც მოზარდი იზრდება და რეგულარულად ატარებს დროს. სკოლა, ბებია და ბაბუა ან ნათესავების ოჯახი, დამატებითი წრეები, მეგობრები - სასურველია ყველა ამ სივრცეში მოზარდს ჰქონდეს ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გახსოვდეთ, თუკი მოზარდი ხედავს საკუთარ მნიშვნელოვნებას ამ სამყაროსთვის, მაშინ იგი გაცილებით ადვილად აღწევს იმ მიზნებსაც, რომელშიც, ვინ იცის, იქნებ უდიდესი გამოგონება ან ყველა დროის საუკეთესო რომანიც შეიძლება მოიაზრებოდეს.
Comments