top of page

mwvane TiTeba tistu

„ბავშვებს ყველაფერი შეგიძლია უამბო. სულ მიკვირდა, მოზრდილები რა ცუდად სცნობენ-მეთქი ბავშვებს. არც დედ-მამამ იცის თავისი შვილების ამბავი. ბავშვებს კაცმა არაფერი უნდა დაუმალოს; ვითომც პატარები არიან და მათთვის ადრეა ყველაფრის ცოდნაო. რა უბადრუკი მოსაზრებაა! იცით, ბავშვები მშვენივრად ამჩნევენ მშობლებს პატარები ვგონივართ და ისე ფიქრობენ, ვერაფერს მივხვდებითო. სინამდვილეში კი ძნელად გამოაპარებთ რასმე. აბა, ვინ წარმოიდგენს, რომ რა თავსამტვრევი საქმეც არ უნდა იყოს, ბალღი საოცრად გონივრულ რჩევას მოგცემს. ღმერთო ჩემო! როცა ეს პატარა ჩიტუნები მიამიტად მოგაპყრობენ გაბრწყინებულ თვალებს, რა სინდისით უნდა მოატყუო ისინი! ჩიტუნები-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ჩიტზე წმინდა ამ ქვეყნად არ არის რა“

ფიოდორ დოსტოევსკი




„მწვანეთითება ტისტუ“ ბავშვების საკითხავი არ არის, თუმცა ერთი შეხედვით შეიძლება ასეც მოგეჩვენოთ. ეს ამბავი არც ჩვენს მოსწავლეებს გამოპარვიათ. როდესაც ნაწარმოები წაიკითხეს, თქვეს, რომ ეს წიგნი შეიძლება უფროსებისათვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს. რატომ? რათა დავფიქრდეთ, რა ღირებულებებით ვცხოვრობთ, რომ მივხვდეთ, რომ „ნიჭი მხოლოდ ნიშანში არ აისახება“, რომ „ადამიანი ყოველთვის იმსახურებს კიდევ ერთ შანსს“ და რომ „ბედნიერება შექმნაშია და არა ნგრევაში“. ეს ყველაფერი მათ ნაწარმოებზე მსჯელობის დროს გვითხრეს. ელენე, ქეთო, ნატალია, ანიტა და ნიკოლოზი სხვა თანატოლებთან ერთად წიგნის კითხვის პროცესში მსჯელობდნენ იმ უმნიშვნელოვანეს თემებზე, რომელსაც ნაწარმოებში ვპოულობთ: სწავლების მეთოდების შესახებ, დანაშაულისა და სასჯელის ადექვატურობის მნიშვნელობაზე, მორალურ დილემაზე საკუთარ სინდისსა და მშობლების ნება-სურვილს შორის, მშვენიერებისა და მრავალფეროვნების აუცილებლობაზე... შემდეგ კი საკუთარი მოსაზრებები ფურცელზე გადაიტანეს, რომ მათ თანატოლებსაც გაუჩნდეთ ამ წიგნის წაკითხვის სურვილი. ამ ბავშვებს შორის ყველაზე პატარა მე-6 კლასელია, ყველაზე დიდი კი - მე-8. ასეა: როდესაც ბავშვები წიგნებს უმეგობრდებიან, ისინი ნამდვილი ლიტერატურის საუკეთესო დამფასებლებიც ხდებიან. იქნებ „მწვანეთითება ტისტუ“ კვლავ გაიხსენოს ჩვენმა მკითხველმა და გამომცემლობებშიც მოიკითხოს, ხოლო მათ კვლავ გამოსცენ მორის დრიუონის ეს არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც უკვე მერამდენე წელია დეფიციტშია.


მაშ ასე, მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“

ელენე ბერაძე

ქეთო ნათაძე

ნატალია ჭანტურაია

ანიტა მიქაბერიძე

ნიკოლოზ თაბაგარი


მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ - ეს არის წიგნი მშვიდობაზე, კაცთმოყვარეობაზე, გულმოწყალებაზე, სიკეთეზე. ავტორმა ეს ნაწარმოები დაწერა, რათა აეხილა თვალი ყველა ასაკის ადამიანისთვის, დაწერა ცხოვრებაზე, მთავარ ღირებულებებზე. წიგნი გვეუბნება, რომ პრობლემის გადასაჭრელად არ არის საჭირო ომები და სისხლისღვრა. და რომ შეიძლება ამ საკითხების დემოკრატიულად გადაწყვეტა. ავტორს ასევე სურს, ადამიანებმა გაიგონ, თუ რა არის ნიჭი და რომ იგი მხოლოდ ნიშანში და საკონტროლოში არ აისახება.


მორის დრიუონი გვიყვება ერთი ბიჭის თავგადასავალს, რომელიც ყველაფრით ჩვეულებრივია და მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ნიჭი აქვს - ტისტუს აქვს მცენარეების ამოყვანის და მათი ერთ წუთში გახარების უნიკალური ნიჭი და ეს განსაკუთრებული ძალა არის სიკეთისა და სულიერების გამოხატულება. სწორედ მისი წყალობით შეუძლია ბიჭს ადამიანები გაახაროს და სიკეთე აკეთოს. ტისტუ არის გულკეთილი და გულმოწყალე ბავშვი, მისი ოჯახი კი ყოვლისშემძლე, მდიდარი და უდარდელი ცხოვრებით მცხოვრები. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დედა-ბატონს და მამა-ბატონს არანაირი პრობლემა არ აქვთ, მაგრამ მათ აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობები ქალაქზე და ყველაფერი, რაც იქ ხდება, რეალურად მათი სამართავია. ტისტუ ცნობისმოყვარე ბიჭია, მაგრამ სწავლა არ უყვარს. მშობლები მის სწავლასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას იღებენ: თუ ბავშვი ვერ სწავლობს და ყურადღება ეფანტება, ჯობს, რომ მან ცხოვრებისეული გამოცდილებისგან ისწავლოს და პრობლემები არ შეექმნას. თუმცა მის ოჯახს სურს, ის მათ ბიზნესს გაყვეს და მათი მომავალი გააგრძელოს ქვემეხების წარმოების გზით. როგორც ვთქვით, ტისტუ არის კეთილი, ალერსიანი, კაცთმოყვარე. ამიტომ ის უპირისპირდება ქვემეხებს - ქაოსის, საშინელების და ბოროტების სიმბოლოს. მაგალითად, როდესაც წადიეთსა და გადიეთს შორის ომია, ტისტუ ქვემეხებს ააყვავებს და ორივე სახელმწიფოს გადაარჩენს დანგრევისა და განადგურებისგან. ისეთი უხეში სიმბოლო - ქვემეხები - რომელიც კლავს, ავტორის წყალობით გადაიქცევა სრულიად საწინააღმდეგო სიმბოლოდ - ყვავილად, რომელიც ასახავს მშვიდობას, სილამაზეს და სითბოს.


ნიშანდობლივია, რომ მორის დრიუონი ამ ამბის მოსათხრობად ზღაპრულ ენას იყენებს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მიგვახვედროს, რომ ყვავილები სულიერების, აყვავების, ბედნიერების სიმბოლოა. ტისტუ რომ ჯადოსნური ნიჭით დაჯილდოებული კი არა, არამედ პოლიტიკოსი ყოფილიყო, მოლაპარაკებით შეეძლო დაეცვა ეს ორი სახელმწიფო განადგურებისგან, მაგრამ ავტორი ამას არ აკეთებს. მას სურს, რომ ეს ამბავი ზღაპრულად გადმოგვცეს, რომ მასში მეტი სიბრძნე დავინახოთ. მცენარეების აყვავების ნიჭი შემთხვევით არ მოუტანია ავტორს. ეს ნიჭი ზუსტად მიესადაგება ტისტუს ბუნებას, მის სიფაქიზეს. ავტორი მიგვითითებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს გული. ტისტუს შეეძლო თავი მოეწონებინა თავისი ნიჭით, მაგრამ ამის ნაცვლად ტისტუ სიკეთეს აკეთებს ფარულად. აქ ის იდეაც დევს, რომ ნიჭს გამოყენება სჭირდება. ვიღაცას ეს ყვავილები და მცენარეები შეიძლება არაფრად ჩაეთვალა, ისევე როგორც მათი გახარების ძალა და უგულებელეყო, მაგრამ ტისტუ იმდენად ჭკვიანი ბიჭი იყო, რომ ეს ჯადოსნური ძალა ისე გამოიყენა, რომ ათასობით ადამიანი გაახარა. ტისტუს ნიჭი ასევე სიმბოლოა იმისა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია და თუმცა ბავშვს არ ჰქონდა სწავლის სურვილი და ერთულებოდა, მან თავის ინტუიციას არ უღალატა და მაინც მიაღწია წარმატებას. მაგალითად, როდესაც ტისტუ მივა ავადმყოფ გოგონასთან საავადმყოფოში, ის ექიმს შეეკითხება, რამდენად კარგად გრძნობენ ავადმყოფები იქ თავს. ექიმი პასუხობს, რომ მშვენივრად, მაგრამ ტისტუ გოგონასგან იგებს, რომ ეს ასე არ არის. სწორედ ამ დროს ტისტუ გამოიყენებს თავის ნიჭს და გოგონას აბედნიერებს.


ტისტუ ჰუმანისტია. ის ფიქრობს, რომ რაც უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, ის მაინც ღირსია ადამიანურად იცხოვროს. ქვემეხთქალაქში კი ეს არ ესმით. ტისტუზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ციხემ, იქ დამწყვდეული ადამიანები გულით ეცოდება. მას მიაჩნია, რომ პატიმრის ჩაკეტვით, მისთვის ცუდი პირობების შექმნით, მრავალფეროვნების შეზღუდვით ის ვერ გამოსწორდება, მას უბრალოდ ცხოვრებას უნგრევენ. მას სჯერა, რომ ფერადი გარემოს და სიმყუდროვის დაბრუნებით პატიმარი უფრო გამოსწორდება, ვიდრე დასჯით. ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ადამიანს ყოველთვის უნდა მიეცეს მეორე შანსი, ხოლო ტისტუ ძალიან კარგად მოიქცა, რადგან პატიმრებსაც აქვთ სიხარულის განცდის და სილამაზის დანახვის უფლება.


საბოლოოდ ტისტუ ტოვებს მიწას. ასეთ ჰუმანურ ადამიანს არც წადიელების და არც გადიელების ომი არ სჭირდება. ტისტუ არის მშვიდობისმოყვარე ადამიანი, მშვიდობის ანგელოზი, რომელსაც ამქვეყნიურ ხმაურში არ შეუძლია დარჩეს. ეს ნაწარმოები მთავრდება ისე, როგორც სიცოცხლე მთავრდება. არაფერს გვეუბნებიან, თუ რა იგრძნეს მისმა მშობლებმა, ახლობლებმა. მორის დრიუონი მისი წაყვანით გვეუბნება, რომ ასეთი ანგელოზის ადგილი ამ სივრცეში არ არის.


„მწვანეთითება ტისტუ“ - ეს არის აუცილებლად წასაკითხი წიგნი, რათა დავფიქრდეთ, როგორ ვცხოვრობთ ადამიანები და როგორია ჩვენი თანამედროვეობა.

Letterato Logo
bottom of page