top of page

mwerlobis xvedri



ლიტერატურული ჟანრები, მიმდინარეობები, მწერლობის პროცესი, სიუჟეტური ხაზი, ნაწარმოების აგებულება - ამ თემებზე ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს წიგნიერების კლასებზე. რას ნიშნავს ნამდვილი, ხარისხიანი ლიტერატურა? რას განვიცდით, როდესაც ჩვენთვის იდეალურ ნაწარმოებს ვეცნობით? რა უნდა მოგვცეს და დაგვიტოვოს წიგნმა? - ამ თემებზეც ბევრს ვმსჯელობთ. მოსწავლეების გემოვნება განსხვავებულია. განსხვავებულია შეხედულებებიც. ინტელექტუალური გამბედაობა გულისხმობს, თამამად შეგვეძლოს ვთქვათ, რომ ნაწარმოები არ მოგვეწონა. არ შეგვეშინდეს, გამოვთქვათ ჩვენი აზრი. ოღონდ, უნდა შეგვეძლოს, დავასაბუთოთ, რატომ. მაგრამ რა ადვილია დაიწუნო წიგნი, და რა რთული თავად მწერლობის პროცესი! წარმოსახვის რა ხარისხი, თემების გაშლის ან თუნდაც სიუჟეტის აგების რა უნარი და ნიჭია საჭირო, რომ საბოლოო ჯამში მკითხველისთვის იდეალური ნაწარმოები შეიქმნას. სწორედ ამის ჩვენება იყო ამოცანა, როდესაც ჩვენს მოსწავლეებს იდეალური მოთხრობის შექმნა ვთხოვეთ, მათთვის იდეალურისა - სადაც იქნებოდა ყველაფერი ის, რაც მათ აღელვებთ და მოსწონთ. ასე რომ, ჩვენი მოზარდები ცოტა ხნით მწერლებად გადაიქცნენ და იდეალური მოთხრობის შექმნას შეუდგნენ. მაგრამ ეს პროცესი დამთრგუნველი და დამღლელი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, მეტი ხალისისთვის, და იმისათვისაც, რომ თითოეულ მათგანს გუნდში მუშაობის ყველა ასპექტი დაენახა, კარგი იდეის მიღებისა და გამოუსადეგარის დაწუნების პრაქტიკა გაევლო, მიჩვეოდა განსხვავებული აზრის არგუმენტირებულ მიღებას და საკუთარი აზრის გამყარებას, მუშაობა წყვილებად ვთხოვეთ.


ვატოს და ლეოს უნდა შეექმნათ ზღაპრული (fantasy) ჟანრის იდეალური მოთხრობა, კომედიური ელემენტებით, სადაც მოთხრობილი იქნებოდა მათი ასაკის ბიჭის თავგადასავალი. წერის პროცესს თან ახლდა ნამდვილი მწერლური განცდებიც. ჩვენი ბიჭები ხან სიუჟეტის განვითარების ძიებაში იტანჯებოდნენ, ხან თავდავიწყებით ერთობოდნენ, ხან ოთახიდან ისეთი სიცილ-ხარხარი გამოდიოდა, ინტერესი გვკლავდა. იყო პერიოდი, როდესაც უხასიათოდ იყვნენ და წერა საერთოდ არ უნდოდათ - შთაგონება აკლდათ და „მუზა“, როგორც ნამდვილ მწერლებს სჩვევიათ ხოლმე. ერთი სიტყვით, სრულად გაიარეს ის პროცესი, რასაც მწერლობა ჰქვია. ამავდროულად, დაინახეს ის, რასაც საკუთარ თავებში სრულად ვერ ხედავდნენ: რომ აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, რომ შეუძლიათ თავად შექმნან, განავითარონ, დაწყებული ბოლომდე მიიყვანონ... საბოლოოდ კი, მცირე სტილისტური და ორთოგრაფიული კორექტირების შემდეგ, ასეთი მოთხრობა მივიღეთ:


მაიკი ლეპრიკონების ქვეყანაში


ერთ ქალაქში ცხოვრობდა თინეიჯერი მაიკი. იგი ახლახანს გახდა თინეიჯერი. მას ისე გაუხარდა რომ გახდა 13-ის, მის დაბადების დღეზე ტორტში ჩაჰყო თავი. ის ცხოვრობდა ძალიან უცნაურ ოჯახში. მისი მამა ჯერ რძეს სვამდა და შემდეგ ჭამდა ფანტელებს და ხანდახ ბანანს ყველს და პურს აყოლებდა. დედამისი მუშაობდა კბილის ექიმთან, მაგრამ ერთი ჩვევა ჰქონდა: ყოველი კლიენტის ამოღებულ კბილს თვითონ იტოვებდა, რადგან სჯეროდა, ეს საქციელი ბედს მოუტანდა. მას ასევე ჰყავდა ძმა, იქნებოდა ასე 16 წლის, მაგრამ ბავშვის ტვინი ჰქონდა.


* * *


ერთხელ, როდესაც მაიკი სკოლაში მიდიოდა, მან სახლის შორიახლოს კვამლი შენიშნა. მაიკი ამ ბოლით დაინტერესდა და ახლოდან ნახვა გადაწყვიტა. როდესაც ის კვამლს მიუახლოვდა, რაღაც სიცივე იგრძნო. რაც უფრო შედიოდა კვამლში მით უფრო ქრებოდა არემარე. ბიჭი დახმარებას სთხოვდა ხალხს, მაგრამ არავის ესმოდა. ის ნელ-ნელა მიწას ვეღარ გრძნობდა. შეშინდა კიდეც: ეგონა კვამლი გუდავდა და სამოთეხში მიდიოდა. მაიკს, რა თქმა უნდა, სამოთხეში უნდოდა და ლოცვა დაიწყო. ბოლოს ყველაფერი მთლიანად გაქრა და მიხვდა, რომ სადღაც უცხო ადგილას მოხვდა. როცა მან იგრძნო სიჩუმე, სუფთა ჰაერი და ბალახი, თვალები გაახილა და აღმოჩნდა ერთ დიდ მდელოზე. სასწრაფოდ წამოდგა, მაისური დაიფერთხა და შეეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო. მაიკი გატაცებული იყო მეცნიერებით. განსაკუთრებით პორტალების საკითხი აინტერესებდა და ამიტომაც მიხვდა, რომ შევიდა პორტალში, რომელიც არ იყო დედამიწაზე. გარშემო ყველაფერი მწვანე და აყვავებული იყო. გაიხედა თუ არა, დაინახა პატარა ლამაზი ქოხები. მათ გარშემო ვერცხლისფერ ქვაბებში ეყარა ოქრო. ჩამოიხედა ქვევით და დაინახა პატარა კაცუნები. ისინი მაიკს მიშტერებოდნენ. მათ ეცვათ მწვანე მაისური, მწვანე შორტი და მწვანე პიჯაკი. ეკეთათ ოქროსფერი ქამარი და ეხურათ მწვანე ცილინდრული ქუდი. კაცუნებს უყვარდათ სამყურა ბალახი და ის იყო მათი სიმბოლო. მათ სახეს ყავისფერი წვერი უმშვენებდათ.


მაიკს უყვარდა თავგადასავლები და სასწრაფოდ გამოკითხვა დაიწყო: „ ვინ ხართ“ , „რატომ ხართ დაბლები, არ გაჭმევდნენ?“ თან ეცოდებოდა ასეთი პატარები და უმწეოები რომ ჩანდნენ. თავის მხრივ, კაცუნები მას დაჟინებით აკვირდებოდნენ. უცხოპლანეტელი ეგონათ. ასეთი უხერხული 23 წუთის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი თავიანთ თავებს „ლეპრიკონებს“ უწოდებდნენ. ისინი ძალიან სტუმართმოყვარენი იყვნენ და მაიკი მაშინათვე საჭმელად მოიწვიეს. ისინი მაიკს უცნაური საკვებით გაუმასპინძლდნენ: ტყის ყვავილები, სოკოები, თხილეული და საუბარიც გაჩაღდა. ლეპრიკონებმა თქვეს, რომ საოცრად მდიდარნი არიან და უამრავ საგანძურსაც მარხავენ. მოყვნენ, თუ როგორ უყვარდათ ხუმრობები და მათი მთავარი საქმიანობა - ფეხსაცმლის შეკეთება. მაიკმა თავის მხრივ უამბო დედამიწის შესახებ, თუ რა საქმეს ეწეოდა და როგორ უცნაურად მოხვდა აქ. ლეპრიკონებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ მოხვდა აქ მაიკი, ან როგორ უნდა დაბრუნებულიყო დედამიწაზე. მათ გაუხარდათ ერთი უცნაური წევრის დამატება თავიან ქალაქში და აღნიშნეს უფრო დიდი სუფრით. მაიკს სახლში უნდოდა წასვლა, მაგრამ გზა არ იცოდა. რა ექნა, დარჩა ლეპრიკონების სამყაროში. ლეპრიკონებმა გახადეს ჩვეულებრივი ტანსაცმელი და ჩააცვეს მწვანე ლეპრიკონური სამოსი. მათ უკვირდათ თუ რატომ არ ჰქონდა მაიკს წვერი, რადგან მათთან ლეპრიკონს დაბადებიდანვე მოსტაფილოსფრო-მოყავისფრო წვერი ჰქონდა. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, გულის სიღრმეში უხაროდა მაიკს თავისი უცნაური ოჯახის მიტოვება, თან უკვე, როგორც მოგეხსენებათ, თინეიჯერი გახლდათ და მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრებაზე ოცნებობდა შეყვარებულთან ერთად.


* * *


1 თვე გავიდა. მაიკი არ ჩანს, მას ყველა ეძებს და ნერვიულობს. ამდენი ძიების შემდეგ მაიკი ვერ იპოვეს...

... გადიოდა წლები, ბოლოს ყველამ დაივიწყა და ასე თუ ისე შეეგუენ მაიკის დაკარგვას.


* * *


ლეპრიკონებთან დრო შედარებით ნელა გადიოდა. 1 თვე უდრიდა 1 ლეპრიკონულ წელს. მაიკი ყოველ დღეს ცდილობდა ენახა გზა დედამიწისკენ მაგრამ ამაოდ. ის ცხოვრობდა ლეპრიკონების ცხოვრებით, დაუმეგობრდა მათ და ჰოი საოცრებავ, წვერის გაზრდაც დაეწყო! ლეპრიკონებისთვის ის უკვე უცხო აღარ იყო და ისინი მაიკს ოჯახის წევრად მიიჩნევდნენ.


ერთხელაც მაიკი სეირნობდა ლეპრიკონების პარკში და ის შემთხვევით შეეჯახა ერთ-ერთ ლეპრიკონს, რომელიც განსხვავებულად გამოიყურებოდა. სხვებისგან განსხვავებით, მას შავი წვერი ჰქონდა. როდესაც მაიკი პირველად მოხვდა ლეპრიკონების სამყაროში, ერთ-ერთმა ლეპრიკონმა უთხრა, რომ ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი უცნაური, ზედმიწევნით განათლებული ლეპრიკონი, რომელმაც დედამიწის ზურგზე ყველაფერი იცოდა. როდესაც მაიკმა შავწვერას შეხედა, მაშინათვე მიხვდა, რომ სწორედ ის იყო ბრძენი ლეპრიკონი, რომლის შესახებაც მას უთხრეს. მაიკმა მაშინათვე ჰკითხა: „ხომ არ იცი, რა გზით შეიძლება დავბრუნდე დედამიწაზე?“ და დაამატა -„ბოდიში“. უცნაურმა ლეპრიკონმა უთხრა, რომ აქედან მოშორებით არის 9 ბრძენის სახელობის ტაძარი. იქ ცხოვრობენ ბრძენი ლეპრიკონები და მათ შეუძლიათ გახსნან გზა აქედან დედამიწამდე. სხვა რა გზა ქონდა მაიკს, მოიმარგა საჭმელი და წავიდა ამ ტაძრისკენ. როდესაც მიდიოდა ამ უცნაურმა ლეპრიკონმა გააფრთხილა, რომ გზაში მას შეხვდებოდა დაბრკოლება.


* * *


როგორც იქნა, ბევრი სიარულის შემდეგ მაიკმა შეამჩნია მთის წვერზე წამოჭიმული ტაძარი. რა ექნა, შეუდგა მთაზე ასვლას. შეამჩნია, რომ თოვლის საფარი სულ უფრო მატულობდა. მაიკი სულ უფრო იღლებოდა და ერთხელაც შემთხვევით დაებიჯა ფეხზე. მას ისე ეტკინა, ვეღარ მოითმინა და ბოლო ხმაზე იყვირა. დაცემული როცა წამოდგა, რაღაც ხმა მოესმა და მაღლა აიხედა... და რას ხედავს?! ზვავი მოდის!!! რა ჰქნას?! სასწრაფოდ რაღაც უნდა იღონოს. მისი სხარტი გონების წყალობით იღებს წვერს, ეხვევა მასში და გორდება ქვემოთ. ის ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებულია, რადგან გავლილი მანძილი ახლიდან უნდა გაიაროს. მაგრამ რა დროს ესაა?! მისი ზურგი გადატყავებულია და წვერში გახვეული სულ უფრო ქვემოთ მოგორავს. ზვავი ვერც კი ეწევა..


როგორც იქნა, ზვავი შეწყდა და მაიკი წამოდგა ......ის გაბრაზებული იყო......კიდევ უნდა ასულიყო თავიდან იმ ადგილას. ხერხემალი საშინლად სტკიოდა. მაგრამ მტკიცედ გადაეწყვიტა, ასულიყო ტაძარში.... გაჭირვებით დაძლია გზა და როგორც იქნა, ახლოდან დაინახა უზარმაზარი ტაძარი. მას წინ დიდი გალავანი ერტყა, რომლის შესასვლელიც უზარმაზარი ჭიშკარი იყო. გამოაღო და დაინახა ლეპრიკონი დაცვა. მაიკს უთხრეს, რომ ბრძენები ელოდებოდნენ. მაიკს არ გაკვირვებია, ისინი ხომ ბრძენები იყვნენ. დაცვის წევრებმა მაიკი დიდ ჩაბნელებულ ოთახში შეიყვანეს. ძალიან ეშინოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. აინთო შუქი... გამოჩნდნენ ლეპრიკონები. მაიკს ცოტა შეეშინდა, მაგრამ მყარად დადგა და მოწიწებით შესცქეროდა, მაგრამ მყარად დადგა და მოწიწებით შესცქეროდა თეთრ სამოსში გამოწყობილ თეთრწვერა ბრძენებს. მათი ხმა ღმერთის ხმასავით გაისმოდა... ისინი ერთხმად ამბობდნენ: "აქ რამ მოგიყვანა" და ასე იმეორებდნენ... დაბოლოს მაიკი მიხვდა, რომ უნდა ეთქვა მათთვის, რისთვის გამოიარა ამხელა გზა. მან შეშინებულმა თქვა, სახლში მინდა დაბრუნებაო. ბრძენები გაოცდნენ და ჰკითხეს: "სახლში რა გინდა, ისედაც სახლში ხარ. აქ კარგად ხარ, დამოუკიდებლად ცხოვრობ, იქ კი შენზე მბრძანებლობენ".


ბრძენებმა რამდენჯერმე სცადეს დაერწმუნებინათ მაიკი დარჩენილიყო, მაგრამ მას თავისი გეგმა არ შეუცვლია, რადგან ძალიან უნდოდა სახლში დაბრუნება. საბოლოოდ ბრძენები დასთანხმდნენ და მისცეს პატარა კოლბა მწვანე სითხით. ბრძენებმა გააფრთხილეს, ზუსტად წარმოეთქვა ის ადგილი, სადაც უნდოდა წასვლა და სითხე ისე დაელია. ძლივს გახსნა კოლბა... კანკალით მიიტანა პირთან... მომენტალურად თქვა "ნიუ იორკი. გრინვიჩ ვილიჯი"... და სითხე ბოლომდე დალია. 1 წამში ის გაჩნდა საკუთარი სახლის წინ. ნელა შევიდა სახლის ეზოში და კარზე დააკაკუნა...

კარი დედამისმა გააღო... რომ დაინახა, სიხარულისგან შეხტა და გადაეხვია. მერე ძმამ ნახა, მას უკვე შვილიც ჰყავდა... ეს იმას ნიშნავდა, რომ მაიკი იმ უცნაურ სამყაროში 10 წელი იყო...


* * *


ასე აგრძელებდა მაიკი ცხოვრებას: ისევ ისე დადიოდა სკოლაში. სულ არ შეცვლილა არც გარეგნობით, არც გაზრდილა. იგი იყო იმავე ასაკის, როდესაც სახლი დატოვა. სკოლაში მას "დაკარგულს" ეძახდნენ.

და აი ერთხელ მიდიოდა მაიკი ქუჩაში, როდესაც ისევ ის კვამლი შენიშნა. მაშინვე მიხვდა, რაც იყო. დაუფიქრებლად შეაბიჯა მასში და ისევ იქ გაჩნდა, სადაც 10 წელი დაჰყო.


დასასრული

Hozzászólások


Lett Square.png
bottom of page