"მშობლებს შეუძლიათ მხოლოდ კარგი რჩევები მოგვცენ ან სწორ გზაზე დაგვაყენონ, მაგრამ ჩვენი ხასიათის საბოლოო ჩამოყალიბება მაინც ჩვენს ხელშია"
ანა ფრანკის დღიური
ეს წერილი მშობლებს ეძღვნება. მათ, ვისაც ასე ხშირად ადანაშაულებენ უგულისყურობაში, დროის უქონლობაში, და თითის გაშვერით ბრალს სდებენ, რომ ბავშვებს ყურადღება და სწორი აღზრდა აკლიათ. თითქოს ბავშვთა ფსიქოლოგია ერთ დიდ საბრალდებო დასკვნას დაემსგავსა, სადაც მშობელია ყველაფერში დამნაშავე. მაგრამ ეს წერილი მშობლების იმ მხარეს ეძღვნება, რომელიც დღე და ღამ შრომობს, იღწვის, რომ შვილებს უკეთესი მომავალი მისცეს და ამ ორომტრიალში ხანდახან აღარ ყოფნის მოთმინება, ენერგია და გულისხმიერება, სწორი კითხვები დაუსვას ბავშვს, განთავისუფლდეს ყოფიერების აუტანელი სიმძიმისგან და საკუთარი შვილისთვის იმ ლამპრად იქცეს, გზას რომ გაუნათებს სამყაროში, სადაც თანაბრადაა კარგიც და ცუდიც, მშვენიერიც და შემზარავიც.
რა ვქნათ, ხანდახან ჩვენც ვბჟუტავთ და ვერ ვანათებთ. ძნელია, როდესაც გადარჩენაზე ფიქრობ, დიდი სურათი დაინახო. ძნელია, როდესაც მაქსიმუმის მაქსიმუმს აკეთებ, არ მოითხოვო სანაცვლოდ უტყვი მორჩილება და პატივისცემა. და კიდევ უფრო ძნელია, მუდმივად ოქროს შუალედი დაიცვა და არც მეტი მოგივიდეს, არც ნაკლები. მით უფრო მაშინ, როდესაც საკუთარი ტრავმები არ მოგიშუშებია და მუდმივად გახსენებს თავს. მორჩილი შვილი თუ თავისუფლად მოაზროვნე შვილი? მშობლის აუხდენელი ოცნებების განხორციელების იარაღი თუ თვითმყოფადი არსება? საკუთრება თუ საჩუქარი? შვილის უსაფრთხოება თუ თავისუფლება? რაც უნდა უარვყოთ, გულის სიღრმეში, მშობლებმა ვიცით, რომ საკითხი უმეტესად ასე დგას. ჩვენ გვსურს, ყველაფერი მივცეთ ჩვენს შვილებს, ვასწავლოთ ჩვენი მწარე გამოცდილებიდან და ამ ორომტრიალში ხშირად მთავარი - უპირობო სიყვარული - გვავიწყდება. ამას კი სწავლა სჭირდება, რადგან ჩვენც არ გვინახავს, ეს რა არის.
ხშირად გვამშვიდებენ კიდეც, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, შესაბამისად, შეცდომების დაშვება გარდაუვალია და ხუმრობით იმასაც გვახსენებენ, რომ რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენს შვილებს ყოველთვის ექნებათ ფსიქოთერაპიისას მოსაყოლი. დიახ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვეცადოთ. ეს უკვე დიდი საქმეა, რადგან ასეა ეს სამყარო მოწყობილი. ვინც არ ცდილობს, იქ უკვე ისეთი წყვდიადია, რომ მასთან შეხება ყოველ დღე გვზარავს. მაგრამ რით განვსხვავდებით ზრდასრულები ჩვენი შვილებისგან? წესით, იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენი ცოდნა შეზღუდულია, ხოლო წარმოდგენები - სუბიექტური. მოაზროვნე ადამიანი იმითაა კარგი, რომ უნივერსალურ კარგს და სწორს პირობითი კარგისგან და სწორისგან არჩევს. ის რაც კარგია ჩემთვის, შესაძლოა სულაც არ იყოს კარგი დამოუკიდებელი არსებისათვის, რომელიც ახლა ისეთ ასაკშია, რომ უნებლიეთ ჰგონია - ყველაფერი იცის. და თუ ჩვენც გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, ხომ არ ვგავართ ამით სწორედ ჩვენს თინეიჯერ შვილებს? გიყვარდეს და არ ავნო - სულ ორი წესია, დანარჩენი კი პირობითობა, რისი აღიარებაც ჩვენი შიშების გამო არ გვსურს.
„ბავშვის აღზრდა ქვემეხების ჩამოსხმაზე ძნელი ყოფილა“ - წერია ერთ უსაყვარლეს საბავშვო წიგნში. სწორედ ამიტომაც, ჩემთვის ყველა მშობელი ყველაზე რთულ დავალებას ასრულებს და, თუ ყველაფერი იდეალურად არ არის, ბავშვი ხომ ერთ დღესაც დამოუკიდებელი პიროვნება გახდება, და მას მიეცემა შანსი, თავისი წილი სამუშაო გასწიოს. ვიცი, ეს მშობლებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ არავინაა ისეთი, ვისაც საკუთარ თავზე მუშაობა არ უწევს. და როცა ამაზე ვსაუბრობთ, ჯერ საკუთარი თავებიდან უნდა დავიწყოთ. უკვე ბოლომდე გაცვდა ეს პოსტულატი, რომ ბედნიერი მშობელი ბედნიერ შვილებს ზრდის, მაგრამ რას ვიზამთ, გამეორება ცოდნის დედაა. ყოველთვის ვიპოვით მიზეზს, ვიგრძნოთ თავი უბედურად, მაგრამ ამ სამყაროში ნამდვილი გმირობის ტოლფასია, შევძლოთ ბედნიერების განცდა. ვეცადოთ, გავხდეთ ასეთი გმირები. როგორც ეგზისტენციალისტები ამბობდნენ, ჩვენ ხომ სინამდვილეში ჩვენი არჩევანი ვართ. მე ვირჩევ ბედნიერებას და თქვენ?
Comentários