პანდემიამ ძირეულად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ განსაკუთრებით რთულია მისი გადატანა მოზარდებისთვის. მათთვის ხომ სოციალიზაცია და სოციალური ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია, ამას მოკლებულნი და სახლში მყოფები ძირითადად მოწყენილობის მძიმე განცდას ვერ უმკლავდებიან. ეს კი ფონური დეპრესიის საშიშროებას წარმოქმნის.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოზარდებს ამ საკმაოდ რთული პერიოდის გადატანაში.
პრობლემა 1
არეული დღისა და ღამის, ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი. ეს კი ფსიქიკისათვის მძიმე ტვირთია.
გულწრფელად გაესაუბრეთ ბავშვებს ამ საკითხზე. გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ დღის რეჟიმის კარგად დაგეგმვაშია. სწორი რეჟიმი გააადვილებს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. თუკი მოზარდს აქვს სურვილი, ერთად შეადგინეთ მისი დღის გრაფიკი. შეგიძლიათ მიაწოდოთ დღის რეჟიმის დაგეგმვის აპლიკაციაც, მაგალითად ZenDay ან ANY.DO. თუკი ის გაჰყვება დაგეგმილ რეჟიმს, აუცილებლად დააჯილდოვეთ მცირედით მაინც.
რეჟიმის ცვლილება ერთბაშად ვერ მოხდება. ამასთან, ისედაც სჯობს, ასეთი ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდეს. ყოველ დღე მოზარდმა რომ 10-15 წუთით ადრე დაიძინოს და ადრე გაიღვიძოს, ეს საბოლოოდ მას რეჟიმში ჩააყენებს.
დაეხმარეთ ამაში. თავად ის ამას ვერ შეძლებს. დახმარებაში იგულისხმება ირიბი ხელშეწყობა. მაგალითად: სახლში სიმშვიდის უზრუნველყოფა დაძინებამდე 1 საათის მანძილზე; რეჟიმის დაცვის წახალისება სხვადასხვა მეთოდებით; დიალოგი მისთვის საინტერესო თემაზე ან რაიმეს ერთად კეთება ძილის წინ.
პრობლემა 2
მოტივაციის ნაკლებობა და ინერტულობა. სხვადასხვა მოზარდი სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, თუმცა ყველაზე ხშირი მოტივაციის ნაკლებობა და ინტერესის დაკარგვაა, რაც პასიურ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს და მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის მის ჯანმრთელობას
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, არ დავნებდეთ მოცემულობას, და ბავშვს აუცილებლად შევუქმნათ მოტივაცია, რიგ შემთხვევაში კი შევეცადოთ, მაქსიმალურად დავაკავოთ ისეთი საქმიანობით, რაც მას რაიმე ახალს შესძენს. მოზარდებს სიახლის ძიება ბუნებრივად ახასიათებთ, ასე რომ ეს არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
დაეხმარეთ ბავშვს ფიზიკური აქტივობით დაკავდეს. და მნიშვნელობა არ აქვს ეს სუფთა ჰაერზე ფეხით გასეირნება იქნება, ველოსიპედის ტარება თუ იოგა სახლში. სასიცოცხლოდ აუცილებელია მოზარდი დღეში ერთხელ მაინც გადიოდეს სუფთა ჰაერზე, თუნდაც 1 საათით. ყველანაირად დაეხმარეთ, ეს შეძლოს. მაქსიმალურად ეცადეთ, მოზარდი დაკავებული იყოს სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით - თუნდაც ეს იყოს იუთუბზე ვიდეოების ყურება, რომლის სარგებელიც თქვენთვის გაუგებარია. ხოლო თუ ეს უფრო მნიშვნელოვანი რამ იქნება, როგორიცაა წიგნის კითხვა ან ჭადრაკის თამაში თუნდაც კომპიუტერში - ეს გაცილებით უკეთესია.
მიეცით ურთიერთობის საშუალება თავის მეგობრებთან და თანატოლებთან. თუკი რისკი ნაკლებია - დაე გაისეირნოს პარკში მეგობართან ერთად პირბადით; თუ ეს მაღალი რისკის შემცველია თქვენი ოჯახისთვის - მაშინ მოაწყოს ონლაინ საუბარი მეგობრებთან თავის ოთახში. თავადაც ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მოტივაციას შეუქმნის ეს. რაც მთავარია, აჩვენეთ საკუთარი მაგალითი - თუ თქვენ არ დანებდებით და აქტიური ცხოვრებით იცხოვრებთ, ბავშვიც აუცილებლად თქვენ მოგბაძავთ.
პრობლემა 3
უხასიათობა, შფოთვა და "ცუდი" ფიქრები. დიდი ცვლილებების, მით უფრო ასეთი უარყოფითი ცვლილებების დროს მოზარდებს კიდევ უფრო უმძაფრდებათ უხასიათობა და ბევრს ფიქრობენ უარყოფითზე. ამისი მთავარი მიზეზი კი ობიექტური გარემოებების გარდა, მოწყენილობაა.
საუკეთესო გამოსავალია, არ დავტოვოთ მოზარდი უსაქმოდ. მაქსიმალურად შეეცადეთ, ჩართოთ ის სხვადასხვა აქტივობებში, იქნება ეს ერთად რაიმეს კეთება (კულინარია, სამაგიდო თამაშები, ფოტოგადაღება და სხვა) თუ თვითშემეცნებითი აქტივობები (ხატვა, ძერწვა, ქარგვა, ინფორმატიკა და სხვა).
საუკეთესო თერაპია ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად კი, რა თქმა უნდა, არის წიგნების კითხვა. წიგნების კითხვა, განსაკუთრებით კი რთულ ტექსტებთან ურთიერთობა, საუკეთესო გზაა მოზარდს განუვითარდეს კონცენტრაციის უნარი, შეძლოს მხატვრულ ტექსტებში მოცემული პრობლემების საკუთართან იდენტიფიცირება, მიხვდეს, რომ მისი პრობლემები არაა უნიკალური. ამიტომაც, შეეცადეთ, წიგნი გახდეს მოზარდის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
შეეცადეთ, მოზარდი ჩართოთ პრობლემების გადაჭრაში. იქნება ეს ლოგიკური თავსატეხები, პროფესიის არჩევა თუ თავისუფალი დროის დაგეგმვა - აღნიშნულ საკითხებზე ფიქრი მას ხელს შეუწყობს გონება სასარგებლო ფიქრებით დააკავოს და გასაქანი არ მისცეს "სარეველა" ფიქრებს, რომელიც, როგორც წესი, არაფრის კეთების დროს ჩნდება.
აღნიშნული რჩევები ითვალისწინებს საშუალო სირთულეების პრობლემების მქონე მოზარდებს. შედარებით რთულ სიტუაციებში უმჯობესია პროფესიონალის კონსულტაცია, მოზარდის თანხმობის საფუძველზე.
Comments