top of page

mozardebi da kompiuterTan mijaWvuloba



კომპიუტერთან მიჯაჭვულობა ნებისმიერ შეკრებაზე, რომელიც ორი მშობლისგან მაინც შედგება, სულ მალე ჩივილისა და განსჯის საგანი ხდება. მოზარდების უმეტესობა სხვადასხვა თამაშებში, დისქორდში და თამაშების ფორუმებზე ცხოვრობს. არის უფრო მძიმე შემთხვევები, როდესაც მოზარდი თვითონ არ თამაშობს, მაგრამ სხვის თამაშებს უყურებს. ხშირად. მეტსაც გეტყვით, მუდმივად. ანუ, ნათლად რომ წარმოიდგინოთ: ადამიანი შედის მაგალითად იუთუბზე და ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც სასაცილო ვიდეოს უყუროს, უყურებს იმას, თუ როგორ თამაშობენ სხვები კომპიუტერულ თამაშებს. საინტერესო ისაა, რომ შეიძლება თავად მაყურებელი საერთოდ არ თამაშობდეს თავად. ანუ, არ გეგონოთ ამოცანა ისაა, რაიმე ისწავლოს სხვისგან.


ასე გადის დრო. ჩუმ ლეთარგიაში, ან ფსევდო აზარტში და გამარჯვებებში, რომელიც არ არსებობს. რა არის მიზეზი? რა სჭირს ამ ბავშვს? - კითხულობენ უფროსები. მიზეზი, როგორც წესი სოციალური შფოთვაა, სხვა ადამიანებთან რეალური კონტაქტის შიში, რომელსაც მოზარდი კომპიუტერულ სამყაროში ცხოვრებით იხშობს. იქ, იმ სამყაროში, დრო უსაფრთხოდ მიიზლაზნება, ან პირიქით - არარსებულ მოგებებსა და წარმატებებში სწრაფად და საინტერესოდ გადის. ცხოვრება მშვენიერია. ოღონდ ის არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეს არ ეხება, და არც ტექნოლოგიების დემონიზაციას ვახდენთ. საუბარი მიჯაჭვულობაზე გვაქვს. მოზარდებზე, რომელთაც რეალურ კონტაქტებს ურჩევნიათ ვირტუალურ სამყაროში დარჩნენ და დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერულ თამაშებში ატარებენ.


ხშირად თავად მშობლებიც სცოდავენ, როდესაც საკუთარი შვილი კომპიუტერით შეპყრობილად მიაჩნიათ. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ მართლა ასე არის თუ არა: რამდენად ადვილია ბავშვის აყოლიება ალტერნატიულ, მისთვის საინტერესო აქტივობებში; რეალურად რამდენ დროს ატარებს კომპიუტერთან, რისთვის, და აქვს თუ არა შფოთვა, როდესაც მას ან ტელეფონს გარკვეული დროით მოწყდება, და ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია.


ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებული მოზარდები, როგორც წესი, ინდიფერენტულნი არიან. მათი გამოღვიძების მცდელობას ნიჰილიზმსა და ცინიზმს უპირისპირებენ. და თუ ძალიან შევაწუხებთ, შეიძლება მაშინ ხმამაღლაც გითხრან, რომ არ აინტერესებთ, არ უნდათ, არ შეუძლიათ - არაფერი, გარდა მაგალითად კომპიუტერული თამაშებისა. უფროსები მხრებს იჩეჩავენ, ზღუდავენ, კრძალავენ, ჩხუბობენ, სჯიან, აწესებენ პირობებს, ვაჭრობენ, ახალისებენ, მაგრამ არაფერი იცვლება - საკმარისია ოდნავი მოდუნება, და მოზარდი მაინც კომპიუტერშია (ან ტელეფონში). სოციალური შფოთვა, იგივე სოციოფობია, ეს არის სოციალურ გარემოში ფუნქციონირების შიში. შიში კი უკავშირდება იმას, რომ ადამიანს განსჯიან, დასცინებენ, არ მიიღებენ.


საიდან ყალიბდება ასეთი შიში? მიზეზი შეიძლება გენეტიკაშიც იყოს და ბიოლოგიაშიც, მაგრამ ჩვენ გარემოზე ვისაუბროთ. გარემოზე, რომელსაც ადამიანის ჩამოყალიბებაში შეიძლება ყველაზე დიდი როლიც აქვს. ჯერ კიდევ ბავშვი, ის ხედავს, რომ სამყარო უსაფრთხო ადგილი სულაც არ არის. უფროსი მუდმივად გასულია, დაკავებულია ან ცუდ ხასიათზეა - და ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე ყოველი მხრიდან შეიძლება დაგატყდეს თავს. მაგრამ როცა უფროსი შენთვის მოიცლის, არც მაშინ არის ადვილი. „არ ახვიდე! გაჩერდი!.. რატომ და იმიტომ! რა არის ეს გაუთავებელი „რატომ რატომ“! მაცალე, ხომ ხედავ არ მცალია! რა ვერ გაიგე, რა არის აქ ასეთი? ნუ გარბიხარ!“ - ეს ჩვენი ყოველდღიური, ყოველწამიერი ლექსიკონია. ბავშვმა იცის, რომ, თუ პარკში სწრაფად გაიქცევი, მაშინ შეიძლება წაიქცე. თუ ძაღლს მოეფერები - აუცილებლად გიკბენს, და თუ არ გიკბინა, რწყილები მაინც გადაგედება. სასრიალოდან შეიძლება ჩამოვარდე და საუკეთესო შემთხვევაში, ცხვირი გაიტეხო. უცხო ბავშვებმა შეიძლება გცემონ და უცხო ბიძიამ თუ კანფეტი მოგაწოდა, არავინ იცის, რაშია ამოვლებული. ჯობია ჩუმად იყო, გუბეში ფეხები არ ატყაპუნო და თანატოლებსაც მოერიდო. "რა ვქნათ აბა?" - იკითხავთ თქვენ - „ჩვენც ადამიანები ვართ, ვიღლებით, ნერვები გვღალატობს... გვეშინია ჩვენი შვილების გამო და ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. აბა ასე მივუშვათ და არ ვასწავლოთ, რომ საფრთხეები არსებობს?“


ჩვენი შვილების ცხოვრება მონაკვეთია, სადაც ერთი ბოლო სრული თავისუფლებაა, ხოლო მეორე - სრული უსაფრთხოება. რაც მეტად ვიხრებით უსაფრთხოებისკენ გადაწყვეტილების მიღებისას, მით მეტი აკლდება თავისუფლებას და პირიქით. ალბათ ცხადია, რომ როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, სრული თავისუფლება არათუ საჭირო არ არის, არამედ ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთიცაა. მაგრამ ჩვენ ვერ აღვზრდით თავისუფალ ადამიანს, თუკი მუდმივად მის სრულ უსაფრთხოებაზე ვიზრუნეთ.


ამასობაში ბავშვი ექვსი წლის ხდება და ახლა უკვე სკოლის ჯოჯოხეთი თავისი შვიდი წრით სრულად ატყდება თავს. თუკი არ გაინძრევი და რაფაზე შემომდგარი ქოთნის როლს ითამაშებ, მასწავლებელი აღარ იყვირებს და თავს დაგანებებს მაინც. სამწუხაროა, რომ სანდროს, ნინჩოს, ნიკას ან სულაც მაგულისნაირად ვერ სწავლობ, რომელსაც სახლში ყოველდღე გადარებენ, სხვის მხარეს ბალახი ხომ უფრო მწვანეა. და შენ გძაგს სანდროც, ნინჩოც და მაგულიც. არ გინდა მათი დანახვა, მათ გვერდით ჯდომა, განსაკუთრებით თუ ერთმანეთს ჩუმად რაღაც გადაულაპარაკეს და მერე შენ გადმოგხედეს... და საერთოდ სკოლა არ გინდა. ან კი როგორ ისწავლი, როდესაც შენს ყველა შეცდომაზე დედა იმედგაცრუებული რჩება, ან, უარესი, გიყვირის კიდეც. მუდმივი შენიშვნები და ნეგატიური შეფასება შენი ყოველდღიურობა ხდება. და როცა მაგული სკოლის რაღაც თავყრილობაზე რომელიღაც სერტიფიკატს აიღებს, ეს იქნება შენთვის ყველაზე საზარელი დღე. მერე რა რომ ასეთი სერტიფიკატი წინა სემესტრში შენც მოგცეს. ახლაც უნდა აგეღო. და ყოველთვისაც. საერთოდაც ნიშნები - ეს შენი საგზურია წარმატებული მომავლისკენ (ანუ ოფისში თეთრი პერანგით ჯდომისა და 50 საათიანი მუშაობის შედეგად 2000 ლარიანი ხელფასისკენ), და თუ კარგ ნიშნებს ვერ მიიღებ, მაშინ უვარგისი იქნები და არც არავის ენდომები. გავიმეორებ - სოციალური შფოთვა, ესაა შიში, რომ ადამიანს განსჯიან, დასცინებენ, არ მიიღებენ.


დაახლოებით მეექვსე კლასში ბავშვმა უკვე იცის ყველაფერი სოციუმის შესახებ, რომლისაც ეშინია და რომელსაც, როგორც მას ჰგონია, ის არაფერში სჭირდება. რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ ამბობს. არ ამბობს, რადგან თუ არ გაუძლებს, უარესი იქნება. ამას ჯერჯერობით სადღაც, მხოლოდ გულის სიღრმეში ხვდება. ეს ჯერ კიდევ არ არის ცოდნა. ჯერჯერობით მხოლოდ ის იცის, რომ სკოლა არ უყვარს. სამაგიეროდ, უკვე აღმოჩენილი აქვს ინტერნეტის ბრჭყვიალა სამყარო და თამაშები, სადაც შეუძლია თავად იყოს სამყაროს მბრძანებელი ("მაინქრაფტი"), თავიდან მოიშოროს ყველა მაგული ("ფორტნაიტი") და გახდეს ლიდერიც ("ფაბ-ჯი"), რომელიც მისი ოჯახის და მასწავლებლების აზრით, ვერანაირად ვერ იქნება. მან უკვე იცის, რომ გარე, რეალური სამყარო სასტიკი და ცივია. ხოლო ინტერნეტში - ვინც გინდა ის გახდები. რამდენიმე წლის შემდეგ კი ვირტუალური სამყაროდან აღარც გამოდის. არის თუ არა ეს მოზარდის ბრალი? რა თქმა უნდა - არა. ვისი ბრალია? სიმართლე მახინჯია.


კარგი ამბავი ის არის, რომ მოთმინებისა და სწორი ქმედებების შემთხვევაში, მოზარდის სოციოფობიას აუცილებლად ეშველება. საჭიროა მასთან რეალური კავშირი, მისი პიროვნებით დაინტერესება და ერთად დროის გატარება, სადაც ის იქნება წამყვანი და არა ჩვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გავერკვეთ, რა და რატომ აინტერესებს ჩვენს შვილს და თავად ჩავიხედოთ იმ საკითხებში, თუ საკმარისი ცოდნა არ გვაქვს. საჭიროა წახალისება და დახმარება, გამოვიდეს საკუთარი ნაჭუჭიდან, ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც საკუთარ თავს თამამად გამოხატავს და არავინ განსჯის. დახმარება დაძალებას, შეგონებასა და შენიშვნებს არ ნიშნავს, არამედ ისეთი სიტუაციების შექმნას, სადაც მოზარდი სოციალურ კონტაქტებს დაამყარებს და რაიმე ახალს სცდის. მისი პიროვნებით დაინტერესება იმასაც გულისხმობს, შევიტყოთ რა აწუხებს მას და შევეცადოთ, გავიგოთ მისი. მისი გაგება კი გაგვიადვილდება, თუკი მის ასაკში საკუთარ თავებს გავიხსენებთ და ღიად ვეტყვით, თუ რა გვაწუხებდა, რისი გვეშინოდა, რის გამო ვშფოთავდით... მოზარდებს ახლის ძიების მოთხოვნილება ბუნებრივად აქვთ და ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, შევუქმნათ მათ რეალური ალტერნატივები, რაც მათ ვირტუალური ლეთარგიიდან გამოიყვანს.


Comentários


Lett Square.png
bottom of page