top of page

moswavlis modus operandi



სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაგვეწყება. რამდენი რამ გელოდება წინ! რა თავგადასავლები, რა ახალ-ახალი ამბები! აღმოჩენის სიხარული და ჩავლილი წამების სევდა, პასუხებით დახუნძლული და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, რუტინა და უეცარი სიურპრიზები, ფიქრით აღტაცება და ფიქრითვე დაღლა, ძველის გახსენება და ახლის შექმნა... ვიცი, სექტემბრის მოახლოება დიდად არ გიხარია ხოლმე, მაგრამ მოდი, როდესაც მოხვალ, ერთად შევცუროთ იმ დიდ ზღვაში, სამყარო რომ ჰქვია, იმ გემით, სხვა ადამიანებმა - მეცნიერებმა, მწერლებმა, მოაზროვნეებმა რომ გაგვიმზადეს, რომ ამ ზღვაში ცურვა ჩვენთვის უფრო ადვილი ყოფილიყო, რომ უკეთესად გაგვეკვლია გზა იმ დიდი მოგზაურობისას, რომელიც საბოლოოდ საკუთარ თავთან გვაბრუნებს.


მანამდე კი რამდენიმე რამ მინდა გითხრა. ამ ახალი წლიდან მოდი

  1. იყავი კეთილი. მართალია, ხანდახან მოგეჩვენება, რომ სიკეთე არ გიფასდება, მაგრამ გახსოვდეს, ის ყოველთვის გიბრუნდება, ოღონდ იქიდან, საიდანაც არ ელი.

  2. ისწავლე კარგად. ვიცი, ბანალურად ჟღერს და ყველა ამას გეუბნება. მეც გეტყვი. ისწავლე არა იმიტომ, რომ ვინმეს აჯობო, ან ვინმემ შეგაქოს, არამედ იმიტომ, რომ ნებისყოფა ავარჯიშო, ისწავლო შრომა და აღიჭურვო იმ ერთადერთით, რასაც ვერანაირი გარეშე ფაქტორი ვერ დაგაკარგინებს.

  3. იმხიარულე. ეს უკვე ნაკლებად ბანალურია, ესეც ვიცი. მაგრამ მხიარულების გარეშე არ იქნება არც აღმოჩენის სიხარული, არც ის პოზიტიური განწყობა, რაც ენერგიას მოგცემს, იყო კეთილი და ისწავლო კარგად.

  4. იყავი ცნობისმოყვარე და ყოველთვის იქნება რაღაც ახალი, რასაც შეიცნობ, რაც დაგაფიქრებს, და შენს ცხოვრებას უფრო საინტერესოდ, შინაარსიანად აქცევს.

  5. არ შეგეშინდეს, რომ არ გამოგივა. იმიტომ რომ თუ გამოგივა, წარმატების სიხარულს შეიცნობ, თუ არ გამოგივა - გამოცდილებას მიიღებ. გამოცდილება კი მომავალში წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.

სულ ეს არის. საკუთარი აზრი რომ უნდა გქონდეს, ეს უკვე იცი. დანარჩენი ერთად...

Letterato Logo
bottom of page