top of page

momavlis adamiani




დღეს უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პროფესიები, რომელიც რუტინული ტიპის სამუშაოს მოიცავს, ნელ-ნელა ქრება. რატომ? იმიტომ რომ კარგად განსაზღვრული, შეზღუდული რაოდენობისა და განმეორებითი ტიპის პროცედურების კოდირება კომპიუტერულად უმარტივეს ამოცანას წარმოადგენს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ კომპიუტერს მისი შესრულება გაცილებით ადვილად შეუძლია. მაგალითად, ადვილია დააპროგრამო სამუშაო, რომელიც სულ რამდენიმე პროცედურისგან შედგება: „აიღე“, „დაადე“, „მოუჭირე“, „გადადე“. დღეს ასეთივე რუტინულია თუნდაც ავტომობილის ან თვითმფრინავის ტარება, რომელსაც თავად მანქამაც შეიძლება მარტივად გაართვას თავი. ამავდროულად, სულ უფრო იზრდება იმ პროფესიების სამუშაო ბაზარი, რომელიც კოგნიტურ, ინტელექტუალურ საქმიანობას მოიცავს, რადგან პრობლემების გადაჭრის უნარები ის სფეროა, სადაც ადამიანებს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვთ (ჯერჯერობით). რაც უფრო რთული და კომპლექსურია პრობლემა, მით რთულია მისი ავტომატიზირებული გადაჭრა. ტექნოლოგიურად არც ეს იქნება მალე დიდი წინაღობა. კომპიუტერმა უნდა გადაამუშავოს გარკვეული მოცულობის ინფორმაცია (ეს მოცულობა შეიძლება ძალზე დიდი იყოს და რაც წინ წავალთ, მით უფრო დიდი მოცულობის გადამუშავების უნარი ექნება მას), მონაცემთა მოპოვების (data mining) გზით

ტენდენციები, აარჩიოს ყველა შესაძლო ვარიანტი, ხოლო მათგან კი ის ოპტიმალური, რომელიც, მაგალითად, მსგავსი მონაცემების/ბრძანების შემთხვევებში ყველაზე ხშირად მეორდება. მაგრამ რამდენად ახლოს იქნება „მსგავსი“ მონაცემები უნიკალურ პრობლემასთან, მის კონტექსტთან, რომლის გადაჭრაც კომპიუტერს დაევალება? ან რამდენად მისაღები და სწორი იქნება ყველაზე ხშირად განმეორებადი ვერსია - როდესაც ის ისტორიულ მონაცემებს ეყრდნობა - კონკრეტულად ამ პრობლემისთვის? როგორ შეარჩევს ოპტიმალურ ვერსიას ის, თუკი თანაბარ პირობებში სწორი გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი აღმოჩნდება? აქ საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება, მასთან დაკავშირებული ფაქტების სინთეზი და არასტანდარტული მიდგომა.

მომავლის უნარები და პროფესიები


ძალიან ხშირად, ოპტიმალური გადაწყვეტილება სულაც არ არის სტანდარტული გადაწყვეტილება. ამიტომაც ადამიანურ რესურსში სწორედ ეს უნარები იქნება მოთხოვნადი - მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციისა და მონაცემების საფუძველზე ოპტიმალური, უნიკალური გადაწყვეტილების მიღების უნარი, რთულ პრობლემებთან გამკლავების უნარი. შემოქმედებითი მიდგომა საკითხისდამი და რთული პრობლემისათვის სწორი გადაჭრის გზის მონახვა კი სწორედ კრიტიკული აზროვნების უნარების კულტივაციით მიიღწევა.


სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ კვლევების თანახმად მოთხოვნა იზრდება სწორედ ისეთ პროფესიებზე, რომელიც აზროვნებას მოითხოვს. ერთ-ერთი ავსტრალიური ანგარიშის თანახმად კი კრიტიკული აზროვნების უნარებზე მოთხოვნა სამი წლის განმავლობაში 158%-ითაა გაზრდილი. თუმცა, თვით განვითარებული ქვეყნებიც წუხილით აღნიშნავენ, რომ ეს უნარები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არც თუ ისე კარგად ისწავლება. მაგალითისთვის შარშან „Wall Street Journal”-მა გამოაქვეყნა საკუთარი კვლევის ანგარიში, რომლის თანახმადაც გამოკვლეული მოსწავლეების ნახევარზე მეტმა ვერ შეძლო ცხრილში მოყვანილი მარტივი მონაცემების ინტერპრეტირება ან დასაბუთების/არგუმენტის ხარისხის განსაზღვრა მარტივ ტექსტში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლების სისტემები დღეს რეალური ცოდნის საჭიროებას საკმაოდ დაშორებულია. როდესაც ასე სწრაფად მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება, არასწორია მხოლოდ მოზარდის ნიჭიერების იმედზე ვიყოთ. რა უნდა იღონოს საშუალოსტატისტიკურმა ახალგაზრდამ, რომელმაც თავის დროზე ვერ მიიღო სათანადო ხელშეწყობა იმისთვის, რომ კრიტიკული აზროვნების უნარები განევითარებინა? დიდია ალბათობა, იგი იმ პროფესიისთვის მოემზადოს, რომელიც რამდენიმე დეკადაში უბრალოდ აღარ იარსებებს, ხოლო მისი უნარები და გამოცდილება არაკონკურენტუნარიანი იქნება. სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა ინტელექტუალურ სამუშაოზე და ისეთ პროფესიებზე, რომელიც მოითხოვს უნიკალურ შემოქმედებითობას. ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა საკმაოდ მასშტაბურმა კვლევამ დაადასტურა, რომ აშშ-ს პროფესიების 47% გაქრობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. აქ შედიან ისეთი პროფესიები, როგორიცაა ტაქსის მძღოლი, გადაზიდვის სერვისის მუშაკი, ან ჩვენი საყვარელი პროფესია - ბანკის თანამშრომელი, მათ შორის არა მხოლოდ ოპერატორი, არამედ საკრედიტო ექსპერტიც. სამაგიეროდ მაღალმოთხოვნად პროფესიებში შედის ფინანსისტი, მენეჯერი, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი... ასევე ისეთი საქმიანობები, რომელიც შეეხება ხელოვნებას, განათლებას/ცოდნის მართვას, ჯანდაცვას და სადაც საჭიროა ორიგინალობა, არგუმენტირებულობა და მოლაპარაკებების უნარი, ხელოვნებისადმი მიდრეკილება, შემოქმედებითობა. ერთი სიტყვით, ის, რასაც კრიტიკული აზროვნება ჰქვია.


შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს იყოს შემოქმედებითი?


ახლა რაც შეეხება შემოქმედებითობას. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მონაცემთა მოპოვების მომიჯნავე მეცნიერება - ტექსტის მოპოვება. მისი წყალობით შესაძლებელია უზარმაზარი ტექსტუალური მასალის სწრაფი დამუშავება ინფორმაციის მოდელირების, სტრუქტურირების და ხარისხიანი მასალის მოპოვების მიზნით. ელექტრონულად არსებული ნებისმიერი ტექსტუალური ინფორმაცია შესაძლებელია სტრუქტურირებული სახით, გარკვეული მოთხოვნების შესაბამისად საკმაოდ მარტივად მოვიპოვოთ, ანუ დამუშავებული და დასრულებული სახით მივიღოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება სანდო, ხარისხიანი და მაღალი კლასის უკვე მზა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ამოცანებს პასუხობს. ძალიან მალე ვიხილავთ ეპოქას, როდესაც სკოლაში სწორედ ტექსტების მოპოვებით გახდება სწავლება შესაძლებელი (თუკი, რა თქმა უნდა, გვსურს თანამედროვე და ეფექტიანი განათლების სისტემის არსებობა). მაგრამ ვინ დასვამს ამ ამოცანას, რომელსაც ტექსტის მოპოვება ემსახურება? როგორ უნდა დაისვას ეს ამოცანა სწორად? ვინ გამოიყენებს მიღებულ ინფორმაციას საბოლოო შედეგისთვის? აქაც ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის სწორი ხერხების შერჩევა, სტრატეგიის განსაზღვრა და საკითხისდამი შემოქმედებითად მიდგომა. როგორც უკვე აღვნიშნე, მოთხოვნა მაღალ ინტელექტსა და კრიტიკული აზროვნების უნარების მქონე ადამიანებზე გაიზრდება მანამ, სანამ ხელოვნური ინტელექტი არ შეძლებს ამ ფუნქციების ტვირთვასაც. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ტექსტის მოპოვების განვითარება იმას ნიშნავს, რომ ქოლცენტრის ოპერატორი როგორც პროფესია, საერთოდ გაქრება, რადგან შესაძლებელი იქნება მომხმარებლის ნებისმიერი ტიპის შეკითხვაზე სწრაფი და ამომწურავი ელექტრონული პასუხის გაცემა და ნაცვლად ოპერატორის სტანდარტული, ზოგადი პასუხებისა, მომხმარებელი ადამიანური რესურსის მინიმალური გამოყენებით ადექვატურ, დეტალურ და მასზე ბოლომდე მორგებულ ინფორმაციას მიიღებს. მაგრამ სადამდე მიგვიყვანს ეს? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე არსებობენ რობოტები, რომლებიც ხელოვნების ორიგინალურ, ინდივიდუალისტურ ნიმუშებს ქმნიან.


როდესაც უმბერტო ეკო ამდენს საუბრობდა ჰიპერტექსტებზე და იმაზე, რომ სიტყვების სწორი გამოყენებით ყველას შეუძლია გახდეს „დაკარგული სამოთხის“ ავტორი, არ ცდებოდა. ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია ბორხესისეული ბაბილონის ბიბლიოთეკის კონსტრუირება და შეიძლება ითქვას, ელექტრონულად ის უკვე არსებობს. ხელოვნურმა ინტელექტმაც რომ შეძლოს სიტყვების სწორი გამოყენება მწერლობის მიზნით?

„მგონია, რომ ადამიანთა მოდგმა - ერთადერთი მოდგმა - გადაშენების კიდეზე ქანაობს, მაგრამ ბიბლიოთეკა - განათლებული, მარტოხელა, უსასრულო, სრულყოფილად უძრავი, ძვირფასი წიგნებით აღჭურვილი, უმიზნო, მარადიული და იდუმალი - მარად იარსებებს.“ ეს ბორხესის სიტყვებია, შესაძლოა წინასწარმეტყველებაც კი.

დიახ, გადამუშავებული ტექსტებისა და ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებლად

მეჩვენება ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნას კომერციულად წარმატებული რომანი. თავისი შესავლით, სიუჟეტის დინამიური განვითარებით, კულმინაციით, კვანძის გახსნითა და დასასრულით. კომერციულად წარმატებული რომანი, რომელიც ადამიანს გააცინებს, დაადარდიანებს, შეიძლება ატიროს კიდეც. არ ვიცი გსმენიათ თუ არა აფექტივას ან სენშენის შესახებ. ეს ემოციური ინტელექტის ტექნოლოგიებია, რომელიც საშუალებას იძლევა ხელოვნურმა ინტელექტმა ამოიცნოს ადამიანის ემოციები და მოახდინოს მისი სიმულირება (ჯერჯერობით). სხვათაშორის ტექნოლოგიების სპეციალისტებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა უნდა ჰქონდეს თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ემოციები. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ ადამიანის ემოციებზე უნდა ახდენდეს სწორ რეაგირებას და, რაკი მეორე მხარე თვლის, რომ მას თავად უნდა ჰქონდეს განვითარებული ემოციური ინტელექტი, სავარაუდოდ ადრე თუ გვიან ასეც მოხდება. ერთი სიტყვით, ტექნიკურად შესაძლებელია ელექტრონული ტექსტების და ბიბლიოთეკის გადამუშავება, მოპოვებული ინფორმაციის შეკავშირება, შემდეგ სტრუქტურირებული ტექსტების შედარება ადამიანის ემოციებთან და საბოლოოდ სახეზე გვაქვს კომერციულად წარმატებული რომანი. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამ გზით შედევრის შექმნა? მგონია, რომ არა. რატომ? იმიტომ რომ აქ ისევდაისევ საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება, სხვა ტიპის ემოციური ინტელექტი, უნიკალურობა, არასტანდარტული მიდგომა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ.


როდესაც ვამბობ „სხვა ტიპის ემოციური ინტელექტი“ ვგულისხმობ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა დავუშვათ სინდისიერება, მაღალი ადამიანური პრინციპები, ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება. მაგალითად, რაციონალური გადმოსახედიდან სრულიად არაფექტიანი დანახარჯია მათხოვრისათვის ფულადი დახმარება. ასევე, ზრუნვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე, ან საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება სხვის გადასარჩენად. მაგრამ სწორედ ეს ყველაფერი აქცევს სამყაროს მშვენიერ, განუმეორებელ ადგილად, ხოლო ადამიანს - ადამიანად. ხშირად, სწორედ ამ ადამიანობის დემონსტრირება ხდება სამაგალითო, ახდენს დიდ გარდატეხას მთელ კაცობრიობაში და სწორედ ეს ფუნქცია აქვს ლიტერატურასაც - კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს და გადაგვაფასებინოს საკუთარი თავი, ეპოქა და თავად სამყაროც. ასეთი საქციელი სტანდარტულ გადაწყვეტილებებს არ გულისხმობს და სწორედ ამას გეუბნებით. ადამიანები, რომელთაც ექნებათ კარგად განვითარებული აზროვნების და შემოქმედებითი უნარები, ისევე როგორც ჰუმანური პრინციპები - არიან მომავლის ადამიანები. თუკი ოდესმე კაცობრიობა გამოიკვლევს, რა იმპულსები განაპირობებს არასტანდარტულ და შემოქმედებით გადაწყვეტილებებს, ვგულისხმობ არა პოპულარულ სტატიებს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროს დახასიათებების შესახებ, არამედ სერიოზულ მეცნიერულ აღმოჩენებს ამ მიმართულებით, მაშინ ტექნიკურად შესაძლებელია, ოდესმე ხელოვნური ინტელექტიც გაუტოლდეს ჰუმანურს.


ტექნიკურად შესაძლებელია, არა მარტო ჩავტვირთოთ ხელოვნურ ინტელექტში, არამედ სულ ზედა იერარქიაზე განვათავსოთ მასში, დავუშვათ ათი მცნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მაგალითისთვს ყველანაირი შემდგომი ალგორითმი დაექვემდებარება ბრძანებას „არა კაც კლა“. მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს ეთიკის პრინციპების გამოყენება კონტექსტში? როგორ უნდა მოხდეს მისი სინთეზი ფაქტებთან? წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიცაა დავუშვათ მოსახლეობის ევაკუაცია, ან უფრო მარტივი - თუნდაც კომპანიის სამოტივაციო სქემის შემუშავება. ოპტიმალური ვარიანტი, რომელსაც ის შემოგთავაზებს, არაფერი ექნება საერთო ჰუმანურ ღირებულებებთან, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რაციონალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება სულ სხვა რამაა. სწორედ ამისთვისაა აუცილებელი ამოცანა ადამიანმა დასვას. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ემპათიური რობოტები უკვე არსებობენ, რომელიც პაციენტებს უვლიან. აფექტივას მსგავსად, ესეც სისტემაა, რომელიც რეაგირებს ადამიანის გამომეტყველებაზე, ინტონაციასა და ფრაზებზე. რამდენად შესაძლებელია ამაზე შორს წავიდეთ და ხელოვნური ინტელექტი ინტელექტუალური ემპათიით დავაჯილდოვოთ, რომელიც უფაქიზესი რამ არის და ადამიანის გონების მწვერვალს წარმოადგენს, ან მივცეთ უნარი რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში სწორედ თანაგრძნობით იხელმძღვანელოს? ეს ისევ ის კითხვაა, რომელიც აბზაცის დასაწყისში დაისვა.


როგორც იტყვიან, კეთილი ზრახვებით ჯოჯოხეთის გზაა მოკირწყლული. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე საფეიქრო დაზგა იმიტომ იქნა გამოყენებული, რომ მუშებს ხელით კერვით აღარ ეწვალათ... მაგრამ, თუმცა ინდუსტრიული რევოლუციის წყალობით მუშახელი ძირითადად უმუშევარი დარჩა, ყველაზე მეტად მისით სწორედ ისევ მუშათა კლასმა ისარგებლა. გაუმჯობესდა სამუშაო პირობები, დარჩენილ სამუშაოზე გაიზარდა ანაზღაურება, ზოგადად ამაღლდა მათი ცხოვრების დონე. ამასობაში კი თავად ინდუსტრიებში, თუკი ადრე მუშახელის ინტენსივობით გამოირჩეოდა, ახლა მეტი კაპიტალის დაბანდება გახდა საჭირო. ხელოვნური ინტელექტის განვითარების შემთხვევაშიც ასე იქნება. ასე, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. და როგორც ამბობენ - რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენაა.

Comments


Lett Square.png
bottom of page