რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა. მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ – „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს. … ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო – ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა: – არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს”.
დავინახოთ სამყაროს მრავალფეროვნება. გავოცდეთ ამ მრავალფეროვნებით, რომ „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“. შევხედოთ, როგორ აღიქვამენ და აღიქვამდნენ მას დიდი შემოქმედები. გავიფართოვოთ თვალსაწიერი და ჩამოვყალიბდეთ, რა არის ჩვენი და რა არა, სად ვდგავართ ან სად გვინდა, რომ ვიდგეთ. ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავებთან. გავიაზროთ, რა იცვლება და რაა მუდმივი. გავხადოთ ჩვენ ცხოვრება ფერადოვანი. შევიქმნათ შთაბეჭდილებები და შევძლოთ მათი გარდასახვა ჩვენეულში: ვცადოთ, ჩვენც შევმატოთ სამყაროს მრავალსახეობას ჩვენი, უნიკალური და განუმეორებელი ფერები. ამ პროცესში სწორედ ხელოვნება გვეხმარება და ეს პროცესი არსად ისეთი ცოცხალი არაა, როგორც ექსპოზიციის სტუმრობისას.
კარლო კაჭარავას ნამუშევრების გამოფენის ბოლო დღე იყო. „მე კი ვიღაც თოფიანი კარდინალები დამცინიან, როცა ვსაუბრობ ჟან პოლ რიხტერზე ან დიობლინზე“… ხელოვნების კლასებში ბევრი გვისაუბრია თანამედროვე ხელოვნებაზე, ავანგარდზე, მათ წინამორბედებზე, თუნდაც კირხნერზე, მაგრამ აქ 90-ანი წლების სიცივე და სიბნელეა. „ჩვენში ის კულტურაც არ არსებობს, რომლის კონტრკულტურამაც უნდა იარსებოს“… შემოქმედი, ინტელექტუალური ადამიანის ექზისტენციალური მარტოობა და შემოქმედებითი ამბოხი რუხი ყოველღიურობის, სოციალური რასიზმის, სულიერი სიმწირის, ხორციელი მაძღრობის წინააღმდეგ. შეძლებენ კი მოზარდები ამ ყველაფრის გაგებას? „მწუხარეა არა შეტყობინება, ან მისი მიღება განშორების, ვეღარ შეხვედრის შიშით. არამედ სხვა: სადღაც არყოფნა და შეგუების წყნარი სიხარული“… ხელოვნება რისკია. ეზიარო ხელოვნებას – ესეც რისკი, რომელიც შემოქმედის გამბედაობასთან შედარებით არაფერია… მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულზე ვსაუბრობთ. ეპოქაზე, კულტურაზე, ჩვენს ქვეყანაზე, „მეათე სართულზე“. და მაინც, კარგია, რომ ბავშვებს ეს არ უნახავთ – ვფიქრობთ ჩუმად. ისინი ფეხაკრეფით შედიან დარბაზში. ყველაზე ცელქებიც კი. დიდხანს აკვირდებიან თითოეულ ნამუშევარს. მერე ერთს – თავისას ირჩევენ: იმას, რომელმაც ყველაზე მეტად მოხიბლა, დააინტერესა, განაწყო. და აი აქ ხდება ჯადოსნობა. თითქოს ხელით ვეხებით ბავშვების სამყაროს, რომელიც მაკროკოსმოსივით უკიდეგანო და ამოუცნობია. და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, როგორი ღრმაა მათი აღქმისა და ხედვის უნარი.
კლოუნი
ტილო ნაცრისფერ, შავ, თეთრ და ლურჯ ფერებშია შესრულებული. ნაცრისფერი იმის ნიშანია, რომ ძვირფასი ვინმე ან რამე დაკარგეს. შავი – მწუხარება დაკარგვისა. თეთრი – სიცარიელე, რომლის ადგილასაც ვიღაც, რაღაც იყო, ახლა კი მხოლოდ სითეთრეა. ლურჯი – სურვილი, მეგობრები და ახლობლები გამოიყვანონ დეპრესიიდან. ეს ფერი მაგონებს, თუ როგორ დაკარგა წელიწადნახევრის წინ ჩემმა მეგობარმა მამა და როგორ ვცდილობდი გამეხალისებინა, დავხმარებოდი… ეს ნახატი ნეგატიური დანაკარგის ემოციას აღძრავს.
ნიკა, 12 წლის
ქალაქი ნეუ
ეს ნახატი მხიბლავს, რადგან მასში ვხედავ რეალობას, თუ როგორი იყო ადრე ქალაქი. ნამუშევარი პირველ რიგში ლამაზი და რეალურია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მგონია იქ ვარ და დახატვის პროცესშიც იქ ვიყავი. ნახატზე ვხედავ გაჭირვებულ ქალაქ ნეუს გაჭირვებული ხალხით. ჩემი აზრით, მთავარი ფიგურა მათხოვარს გამოხატავს და ეს კაცი ლუკმა-პურს ეძებს. დადის ქალაქში და მათხოვრობს, ჩანთაში კი უყრია საჭმელი, რაც კი შეძლო და მოაგროვა. კაცის უკან კი დგას შედარებით მდიდარი კაცი. იგი არის მდიდარი იმით, რომ პურიც აქვს და სახლ-კარიც. მათხოვარი დაღლილია და დაღონებული, ეს მის სახეზეც ჩანს. ეს სურათი იმას გამოხატავს, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია და მათ სჭირდებათ ზრუნვა. ისინიც ხომ ადამიანები არიან. აქ ბევრი სახლია და ერთი ოთახის დათმობა რა იქნებოდა, გაჭირვებულებს ეს კი ძალიან გაუხარდებოდათ. კარლო კაჭარავას ნამუშევრებში არის მწუხარება, ტკივილი.
ლეო, 13 წლის
Do you think so?
ნამუშევარში უზომო სევდა იგრძნობა და ამით ყველაზე თვალში საცემი დარჩა ჩემთვის. სურათში ისეთი სევდაა აღწერილი, რომ დამაფიქრა, რატომ არის ის ასეთი ნაღვლიანი, ნეტავ რას გრძნობდა ამის ხატვისას მხატვარი?
მარი, 14 წლის
ჯვარცმა
ვხედავ ავტორის განსხვავებულ ხედვას ქრისტეს ჯვარცმისადმი. სურათზე ვხედავთ ქრისტეს, რომელიც ჯვარზე გააკრეს. იესოს თავზე თითქოს გვირგვინი ადგას, ხოლო მისი სხეული წითლითა და ყვითლით არის გამოსახული. ჩემი აზრით, ნახატში ძალიან კარგად არის გადმოცემული რელიგიის მნიშვნელობა. ძალიან მომწონს ნამუშევარში ნათელი ცისფრისა და მუქი ფერების შეხამება, რაც ჩემთვის რელიგიასთან ასოცირდება. ნახატი ასახავს ქრისტეს ტანჯვას ჯვარცმის დროს, მაგრამ თავზე გვირგვინი მიანიშნებს, რომ ამდენი ტკივილის მიუხედავად ქრისტე მაინც ძალიან დიდია. ავტორის სხვა ნამუშევრები განსხვავდება ამ ნახატისგან: ისინი უფრო დამთრგუნველ ემოციას მიტოვებენ. იმის მიუხედავად, რომ ამ ნახატში იესოს ტანჯვაა გამოსახული, აქ მაინც არ არის დაკარგული მისი სინათლე, და თავისი განწყობით, უფრო პოზიტიური ტილოა, ვიდრე სხვა დანარჩენი.
ნიტა, 12 წლის
Fur Helena
ამ ნახატში ძალიან ბევრი ემოციის დანახვა შეიძლება. მის თითოეულ დეტალში ძალიან ბევრ რამეს ამოიცნობთ. ძალიან მომწონს ფერები! როდესაც მას შეხედავ, აუცილებლად სხვადასხვა ემოციას გამოიწვევს, გააჩნია, ნამუშევრის რომელ ნაწილს დააკვირდები და რომელ კუთხეს შეხედავ. უფრო მეტად სურათის საერთო განწყობა სევდიანი და უცნაურია, როგორც სხვა ნამუშევრებში.
სანდრო, 11 წლის
ეს ნახატი ჩემთვის ყველასგან განსხვავებულია, უბრალოდ სხვანაირია… სურათზე ვხედავ გოგოს, რომელსაც სახე სულ სხვანაირი აქვს. ნამუშევარი თითქოს მარტო ერთი ფერით არის შესრულებული. რთული ნახატია და მის გაგებას ვცდილობ…
ნიკა, 12 წლის
“ყველამ, ვინც ახალი ხელოვნების ნიმუშს ნახავს, როგორმე უნდა დაინახოს, რომ ავტორი მხოლოდ ერთი თხოვნით მიმართავს ადრესატს: ”მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდა, რომ შენც უფრო მეტი ხარ, ვიდრე გგონია”.
Comments