top of page

me vfiqrob, maSasadame virCev


რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეები უკანასკნელად ვაძლევთ ხმას პრეზიდენტობის კანდიდატს (დაშვებით, რომ საერთო შეთანხმების მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ მერამდენედ არ გადაიწერება), ძვირფასო მოსწავლეებო, ჩვენც გვინდა გითხრათ:

თქვენ გაიზრდებით, და რადგან მრავალჯერ გვისაუბრია დემოკრატიისა და მისი ძირითადი ბერკეტების მნიშვნელობაზე, იმედია:

  • არ დაიჯერებთ გავრცელებულ აზრს, რომ კარგია, თუკი პოლიტიკით არ ინტერესდები. რადგან პოლიტიკა ქვეყნის წინსვლისკენ წარმართვის სტრატეგია და ტაქტიკაა. ამ ქვეყანაში კი თქვენ ცხოვრობთ. პოლიტიკა ქმნის გარემოს. განა ეს გარემო თქვენი ყოველდღიურობა არაა?

  • აუცილებლად გამოიყენებთ თქვენს პრივილეგიას, რომელიც ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც არის: წახვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. რადგან ყველა თქვენთაგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობების და ძალისხმევის ფარგლებში შეცვალოს რეალობა და უკეთესი გახადოს ის.

  • მისცემთ ხმას პირველ რიგში იდეას, უკეთესობისკენ ქვეყნის შეცვლის თქვენთვის ოპტიმალურ სტრატეგიას, და მხოლოდ შემდეგ მის განმახორციელებელს.

  • გააკეთებთ გაცნობიერებულ, გაანალიზებულ და გააზრებულ, და არა შიშზე ან პროპაგანდაზე დაფუძნებულ არჩევანს. რადგან უკვე გაქვთ ხელთ მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას უწყობს ხელს.

  • აიღებთ პასუხისმგებლობის ტვირთს თქვენი არჩევანიდან გამომდინარე, რადგან თავისუფლება პირველ რიგში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაა. და სწორედ ამიტომ, ის ტვირთიც არის.

და რადგან უკვე იცით თავისუფლების მნიშვნელობა, იქნებ თქვენ შექმნათ თავისუფლებაზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანზე ნაწილდება. სადაც განიხილავენ იდეებს და არა ადამიანებს. სადაც შრომა ყველაზე მძლავრი იარაღია. სადაც არსებობს გარემო, რომელშიც ადამიანის პოტენციალი მაქსიმალურად ვლინდება.

Letterato Logo
bottom of page