ლეტერატოს ხელოვნების ისტორიის კლასი ცარიელია არადა ყველა წესის მიხედვით ახლა აქ მეცადინეობა უნდა მიმდინარეობდეს. საქმე ისაა, რომ ხელოვნების ისტორიის პედაგოგს სოფო გოზალიშვილს გასვლითი კლასი აქვს - მოსწავლეები გარეთ, ბუნებაში ეძებენ და გარემოში ცდილობენ ხელოვნებისათვის, იდეისათვის შთაგონებისა და მასალის მოძიებას. თემა თანამედროვე ხელოვნების ახალი ფორმებია. სწორედ ამ გზით ითავისებენ მოსწავლეები თეორიულ და ვიზუალურ მასალას: საკუთარი ჩართულობის, უშუალო მონაწილეობის წყალობით შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილენი ხდებიან. ასე ხომ გაცილებით ადვილია გაითავისო ამა თუ იმ მიმდინარეობის ფილოსოფია და ხედვა. ასეთია სოფოს ყველა კლასი - ერთმანეთისგან განსხვავებული, აზარტული, თავგადასავლებით აღსავსე. მოსწავლეები ხან რენესანსის სამყაროში მოგზაურობენ, ხან ჯაკომეტისგან შთაგონებულნი მავთულის ქანდაკებებს ქმნიან, ხანაც ცოცხალი ხილისაგან არჩიმბოლდოს ტილოებს აცოცხლებენ. სწორედ სოფოს მონდომებითა და ძალისხმევითაა რომ "ლეტერატოს" მოსწავლეები საგამოფენო სივრცეების, მუზეუმების, ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენების ხშირი სტუმრები არიან. ხელოვნების ისტორიის პედაგოგი ფიქრობს, რომ ასე ისინი გაცილებით უკეთ გაიგებენ შემოქმედების არსს და უფრო შეუყვარდებათ ხელოვნება და მათ გარშემო არსებული სამყაროც. სოფო გოზალიშვილს სწორედ ხელოვნებაზე და ხელოვნების ისტორიის სწავლებაზე გავესაუბრეთ.
ხელოვნების ისტორიის მნიშვნელობის ახსნა ალბათ ღია კარის მტვრევას ჰგავს, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიურ წინსვლასთან კავშირში გაცილებით წინ წამოიწია ხელოვნების და ხელოვნების ისტორიის სწავლების მნიშვნელობამ. რას გვეტყოდით, რა საჭიროა ადამიანისათვის ამ ყველაფრის ცოდნა?
გეთანხმებით, ეს მართლაც ჰგავს ღია კარის მტვრევას, თუმცა ვთვლი, რომ მოზარდს ხელოვნების დანიშნულების განსაზღვრება და ის, თუ, რას ნიშნავს ვიზუალური აზროვნება და სამყაროს დანახვა ამ ენით - უნდა ვასწავლოთ, ისევე, როგორც აღმოჩენა და ამ აღმოჩენის პროცესით სიამოვნება. ზოგადად მთელი კაცობრიობის ისტორიის შემეცნება შეიძლება ხელოვნების ნიმუშების საშუალებით და ეს მნიშვნელოვანი საბაზისო გამოცდილება და ცოდნა საკვანძოა სწორედ დღევანდელობის უკეთ წასაკითხად და გასაანალიზებლად.
სოფო, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოწვევები ახლავს თან დღევანდელ მოზარდებთან მუშაობას, როდესაც ხელოვნების ისტორიაზე ვსაუბრობთ?
მასწავლებლის პროფესია თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანური ცოდნა ინტერნეტში დაგროვილ ინფორმაციასთან შეფარდებით უბრალოდ უმნიშვნელოა, უკვე გარკვეულ გამოწვევებს ბადებს, მით უფრო, რომ დღევანდელ ბავშვებს ამ ინფორმაციასთან წვდომა ბევრ ზრდასრულზე უკეთ და მარტივად შეუძლიათ. ასეთ ფონზე მასწავლებელს სხვა გზა არ აქვს: სანამ კლასში შევა, უნდა იყოს ყოველმხრივ მომზადებული, ფლობდეს სათანადო ცოდნასა და ინფორმაციას, იქნება ეს ადეკვატური და ბავშვებისთვის საინტერესო მასალა და სასწავლო მეთოდები თუ რესურსები. აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მეტ გამოწვევებს უკავშირდება ხელოვნების ისტორიის კლასში, სადაც თითოეული თემის მომზადების უამრავი პერსპექტივა და საშუალება არსებობს. თუმცა, ეს ასევე უპირატესობაცაა, რაც საშუალებას იძლევა ამოუწურავი ზღვა მასალიდან შეარჩიო ყველაზე საინტერესო, დამაინტრიგებელი, მოზარდებისთვის მიმზიდველი. თუკი შენ მოსწავლეებს ნამდვილად იცნობ და იცი, რა შედეგზე უნდა გახვიდე, მაშინ ინფორმაციის მასშტაბურობა მასწავლებლის ხელში ჯადოსნურ ჯოხად გადაიქცევა, რომელსაც საოცრებების დატრიალება შეუძლია.
როგორია თქვენთან სასწავლო პროცესი?
ძალიან მნიშვნელოვანია დაანახო ბავშვს, რომ სასწავლო პროცესი არა მხოლოდ შრომა, არამედ უფრო მეტად სიხარულია და ყოველი ჩემი კლასი თავისთავად ამას გულისხმობს. მე მათთვის ერთგვარი ანიმატორი ვარ, იმპულსის მიმცემი, მათი ენით მოსაუბრე, რომელიც მართავს ამ პროცესს შემეცნების და შემოქმედების გზაზე. ყოველი შეხვედრა დატვირთულია ინტერაქტიული თამაშებით და პრაქტიკული დავალებებით, რომ მოსწავლემ უკეთ გაითავისოს, საკუთარ თავში გაატაროს მიღებული ცოდნა. აქ არ გვაქვს შემზღუდავი და მოსაწყენი დავალებები.
რომ შეიძლებოდეს ერთი სიტყვით გადმოსცეთ თქვენი კლასების არსი, რა სიტყვა იქნებოდა ეს?
ალბათ ეს სიტყვა იქნებოდა „სიხარული“ - რაღაც ახლის აღმოჩენის, გაგების, სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობის სიხარული. სწორედ ეს გრძნობაა კლასის შემდეგ კარგა ხანს რომ მიგყვება და ივსები ენერგიითა და იმ ემოციებით, რასაც მოსწავლეებთან ერთად განიცდი.
რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო სასწავლო პროცესში?
პროცესის დროს ძალიან ბევრი რამ არის სასიამოვნო. ყველაზე მეტად ალბათ მაინც გახარებს უკუკავშირი, როცა ხედავ, რომ ის ენერგეტიკა და რესურსი რაც ჩადე, ნაყოფს იღებს. როცა ხედავ, რომ ამ ძალისხმევამ გაამართლა და უკან გიბრუნდება. ყველაზე უარყოფითიც შესაბამისად ისაა, თუკი აღმოჩნდება, რომ შენი ძალისხმევა უშედეგოა.
რა არის ის უმთავრესი, რაც თქვენი კლასებიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ?
ერუდიცია, გამოცდილება და ის უნარები, რომელიც სამყაროს უკეთ შეცნობაში, შემეცნებასა და გადმოცემაში დაეხმარება. იცით, ანრი მატისს ეკუთვნის ასეთი ფრაზა „შემოქმედებითობას სიმამაცე ესაჭიროება“. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელოვნების შექმნა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საშუალებით, შეუძლია იქვე მოახდინოს ხელოვნების სინთეზიც კი - იმღეროს თან დახატოს, თან დახიოს რასაც დახატავს და ეს უკვე პერფორმანსია... ამას უბრალოდ სჭირდება შინაგანი თავისუფლება და გამბედაობა, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო სამყაროს ხედვის ყველასგან განსხვავებული უნარი, ხორცი შეასხა მას და გადმოსცე, როგორც ხელოვნების ნიმუში. რა თქმა უნდა, ყველა ხელოვანი ვერ იქნება, მაგრამ ეს გამბედაობა და შემოქმედებითობა საშუალებას გაძლევს შენი უნიკალური ხედვით უყურო ყველაფერს შენ გარშემო. სწორედ ეს ხდება ხოლმე მნიშვნელოვანი ადამიანის შედგომაში, მიღწევებში. და ამის მიცემას ვცდილობთ ჩვენ.
როგორი იქნება მომავალი სასწავლო წელი, რას პირდებით თქვენს მოსწავლეებს?
ძალიან დინამიური და შთაბეჭდილებებით აღსავსე წელი გვექნება. ვგეგმავ საინტერესო მასალის მომზადებას, რომელიც მოიცავს ახალ ტენდენციებს არტში 6 კონტინენტის ქვეყნებში ვირტუალური მოგზაურობით. ახლა ვამუშავებ სწორედ ამ თემისთვის ინოვაციურ მეთოდს და იმედი მაქვს, რომ ეს მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში დაუვიწყარი იქნება მოსწავლეებისთვის.
რას უსურვებდით თქვენს მოსწავლეებს?
მეტ შემოქმედებით იმპულსებს, სილაღეს, რომ შეძლონ ამ მოცემულობაში გაიფერადონ ის გარემო, სადაც უწევთ ცხოვრება.
Comments