top of page

interviu Tamar razmaZesTan

"ლეტერატოს" დამფუძნებელი




- რა არის კრიტიკული აზროვნება და რატომ ასწავლით მას მოზარდებს?


პირველ რიგში ეს არის ობიექტური აზროვნება, რომელიც ემყარება ფაქტებს და არა რწმენებს. ობიექტური აზროვნება გადამწყვეტია მეცნიერებაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს მტკიცებულებების გარეშე არ მივიღოთ ჰიპოთეზა; მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა სფეროებშიც, მაგალითად მართვის სისტემებში, რომელიც გვეხმარება ვიხელმძღვანელოთ ფაქტებით და არა სუბიექტური განწყობებით და ისე მივიღოთ ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზაციის შემდგომ განვითარებაზე; პოლიტიკაში, რათა შევძლოთ სიტუაციის სწორად შეფასება; და საბოლოოდ, ის გვეხმარება საკუთარი ცხოვრების დაგეგმვაში - ერთი სიტყვით, ნებისმიერ სფეროში. ვფიქრობ და, რაღა თქმა უნდა, ამ საკითხში მარტო არ ვარ, კრიტიკული აზროვნება დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია და ეს უნარი მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, თუ გავითვალისწინებთ ინფორმაციის მზარდ ნაკადებს და უზარმაზარ კონკურენციას ამ სფეროში; ძალზე განვითარებულ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას იძლევა ინდივიდუალურ დონეზე ადამიანი საკუთარი ინტერესების და რწმენების ვაკუუმში მოაქციოს; ბრძოლას უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული გზებით ვიდრე ეს იყო ადრე ადამიანის გონებასა და არჩევანში ადგილის დაპყრობისთვის; ტექნოლოგიების განვითარებასა და მის ხარჯზე ტემპის კიდევ უფრო აჩქარებას. ამ კონტექსტში ობიექტური აზროვნება ადამიანს ეხმარება გაცნობიერებული არჩევნის გაკეთებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, საკუთარი „მეს“ რეალიზაციაში, რაც ნებისმიერ ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანია, იქნება ეს პროფესიული წარმატების მიღწევა, პირადი ცხოვრების წარმართვა თუ სოციუმში ინტეგრაცია.


- ანუ, კრიტიკული აზროვნება არის ერთადერთი წამალი, ეგრეთწოდებული რეცეპტი? რაიმე ალტერნატივა თუ აქვს კრიტიკულ აზროვნებას?


ზოგადად მგონია, რომ გამზადებული რეცეპტები დიდად არ მუშაობს. კრიტიკული აზროვნების უნარი უბრალოდ მძლავრი ინსტრუმენტია აღმოჩენების, შექმნის, განვითარების გზაზე. ნახეთ, საბოლოო ჯამში ყველაფერი არჩევნის საკითხია. ადამიანს ისიც შეუძლია, ლუარსაბ თათქარიძის მსგავსად ცხოვრების კრედოდ ბუზების თვლა გაიხადოს. ეს მისი პირადი არჩევანია, ისევე როგორც არ აირჩიოს სიმართლე, რადგან იგი, როგორც ერთი იგავი გვეუბნება, მახინჯია. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა პოზიტიური აზროვნება. იდეოლოგია, რომ ყველაფერში კარგი დავინახოთ მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ნეგატიურის იგნორირებით ხომ არ ვცდილობთ დავემალოთ სიმართლეს? სულ უფრო მეტად გვეუბნებიან, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ, უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი, დავტკბეთ მისით, მოვიშოროთ თავიდან და საკუთარი ცხოვრებიდან ნეგატიური ფიქრები, პროცესები, ადამიანები. ამ პათოსით მთელი ინდუსტრიები მუშაობენ იმაზე, რომ დაღლილმა, დათრგუნულმა და საწყალმა ადამიანებმა თავი ოდნავ მაინც უკეთ იგრძნონ. ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ნებისმიერი სახის პროპაგანდა. პროპაგანდის მთავარი თვისება რა არის? ინფორმაცია მხოლოდ ერთი კუთხიდან დაგვანახვოს. ზრდასრულმა ადამიანმა ყველა წესის მიხედვით უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ის, რის გამოც საკუთარი თავი უნდა უყვარდეს, და ისიც, რაც საკუთარ თავში არ უყვარს. საკუთარი უნიკალურობა სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი დიალოგი ამ მხარეებს შორის და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ დიალოგისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მიიღება. ადამიანი ინტელექტუალური არსებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს ინტელექტუალური გამბედაობა სიმართლეს თვალი გაუსწოროს. სიმართლე კი რა არის? ის, რაც ფაქტებით დასტურდება. ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ უფრო მნიშვნელოვანია ობიექტური აზროვნება. უნარი, დავინახოთ სრული სურათი და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ავირჩიოთ. კარგია, როდესაც არჩევანი პოზიტიურის სასარგებლოდ კეთდება. მაგრამ ეს არჩევანი გაცნობიერებული უნდა იყოს - თავისუფალი არჩევანი ზუსტად ეს არის. ობიექტური აზროვნება და ინტელექტუალური გამბედაობა სწორედ კრიტიკული აზროვნების თვისებებია. როგორ უნდა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, თუკი სიმართლის მხოლოდ ნაწილს ვხედავთ? ეს ჰგავს იმას, რომ ვიყიდო სახლი მხოლოდ მისი ფასადით და არ შევხედო მას სხვა რაკურსიდან. შევაფასო მხოლოდ ლამაზი ანფასი და არ დავინტერესდე რა ხდება მაგალითად სახლის უკან: იქნებ წყალი ჩამოდის? იქნებ კედლებია გაბზარული? არ დავსვა კითხვები: რა უნდა გავაკეთო, რომ მართლაც ლამაზი სახლი მქონდეს? და რა დამიჯდება ეს? სრული სურათის დანახვა გვეხმარება არა მარტო ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ განვითარებაში, გაუმჯობესებაში.


- როგორ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება?


ამას ვარჯიში სჭირდება. ბევრ ცინიკოსს ვხვდები, რომელსაც ეცინება, რომ ასეთ აზროვნებას და ზოგადად აზროვნებას სწავლა სჭირდება. ვცდილობ ასეთი ადამიანების გავიგო, მაგრამ არ არის ადვილი. ადამიანის ნებისმიერი უნარი რომ ავიღოთ, თუ იგი არ ვავარჯიშეთ, არ განვავითარეთ, ერთ ადგილას იყინება, რეგრესირებს კიდეც. ადამიანს შეუძლია სწრაფად სირბილი, მაგრამ უკეთ დარბის ის, ვინც სირბილში ვარჯიშობს, რა თქმა უნდა იგულისხმება თანაბარი შესაძლებლობების მქონე ადამიანები. მეტიც, თუ ადამიანი ცოტას იმოძრავებს, სირბილს თითქმის ვერ შეძლებს. კრიტიკული აზროვნებაც ასეა. ისიც უნარია და მასაც სჭირდება ვარჯიში. ახლა ეს რომ ვთქვი, ხომ დამეთანხმეთ?


- დიახ...


დამეთანხმეთ, იმიტომ, რომ ლოგიკური ბმაა ხომ ასეა? დაახლოებით ასეთი: ადამიანის ყველა უნარს სჭირდება ვარჯიში. აზროვნება ადამიანის უნარია. მაშასადამე, აზროვნებასაც სჭირდება ვარჯიში. მაგრამ, მე რომ მეთქვა, რომ აზროვნებას სჭირდება ვარჯიში, რადგან ადამიანების ორი ტიპი არსებობს - წარმატებულები, რომლებიც გონებას ავარჯიშებენ და წარუმატებლები, რომლებიც ამას არ აკეთებენ - დამეთანხმებოდით?


- ალბათ...


აი აქ კი არ უნდა დამეთანხმოთ, რადგან ეს გავრცელებული ლოგიკური ცთომილებაა. მე მცდარი დილემის წინაშე დაგაყენეთ... სწორედ ამიტომ არის კრიტიკული აზროვნების უნარის დაუფლება მნიშვნელოვანი. მაგრამ აზროვნებას რომ დავუბრუნდეთ, არსებობს კრიტიკული აზროვნების საპირისპირო ცნება - ინტელექტუალური სიზარმაცე. როდესაც ადამიანი ინტელექტუალურ სიზარმაცეში იძირება, ეს არ არის მხოლოდ “ამოცანა ვერ გადავჭერი და თავი დავანებე”. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ძალაუნებურად ეძებს განმტკიცებებს, რაც მას საკუთარ სიმართლეში, საკუთარ შეხედულებებში დაარწმუნებს. ასე ვმშვიდდებით და შინაგან დისონანსსაც ვძლევთ, მაგრამ საწინააღმდეგო ფაქტების უგულებელყოფით საკუთარ თავს ვწირავთ შეზღუდულობისთვის, აზროვნების ჩაკეტილობისთვის. ინტელექტუალურ სიზარმაცეში არაფერი ახალი არ იქმნება. მხოლოდ სხვის მოსაზრებებს ვირგებთ და საბოლოოდ გამოდის, რომ სხვისი თვალებით ვცხოვრობთ. ეს არის სამყარო ეჭვის გარეშე, სადაც მხოლოდ იმპერატიული კატეგორიები არსებობს და საბოლოოდ ჭეშმარიტებაზე ექსკლუზივის განცდა ჩნდება. კრიტიკული აზროვნება სწორედ ამ ყველაფრის დაძლევაში გვეხმარება. როდესაც საუბრობენ კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე, ეს ლირიკა არ არის. ეს უბრალოდ ერთადერთი გზაა განვითარებისთვის. ეს განვითარება კი პირველ რიგში საკუთარი თავის ტყვეობიდან გამოსვლას გულისხმობს.


- თქვენ ასევე გაქვთ წიგნებისა და წიგნიერების მოდული. რატომ გადაწყვიტეთ ამ მოდულის შემოღება?


წიგნიერებასა და წიგნების კითხვაზე იმდენი რამ თქმულა, რომ ძნელია, რაიმე დაამატო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც წიგნებს სულ უფრო ნაკლებად კითხულობენ. აქაც საინტერესო ვითარებაა - ვინც კითხულობს, მან იცის, რატომ კითხულობს და რას აძლევს ეს მას, და, ვინც არ კითხულობს, ის არც იმით ინტერესდება, თუ რატომ უნდა წაიკითხოს. აქაც ერთგვარ ლოგიკურ ცთომილებასთან - “დადასტურების გადახრასთან“ (confirmation bias) გვაქვს საქმე. მეტსაც ვიტყოდი, საზოგადოებაში ყველა ერთხმად იტყვის, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა კარგია, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ხშირად მკითხველებს უხერხემლო, ერთგვარ თეიმურაზ ხევისთავებად წარმოადგენენ, ადამიანებად, რომელთაც წიგნების სამყარო რეალობიდან გაქცევისათვის სჭირდებათ. მე უბრალოდ ვეტყოდი ასეთი აზრის მქონეთ: როდესაც თქვენი შვილი გახდება ყველაფერი ის, რაზეც თქვენ ოცნებობთ, იქნება ეს მისი ბედნიერების გარანტი? შეძლებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, რომელიც ყველა ადამიანის ხვედრია, და ამ მარტოობაში კომფორტულად ყოფნას? იქნება თვითკმარი? იქნება უფრო მეტი, ვიდრე მისი სამსახურეობრივი რეგალიაა, ან საკუთარი ძალაუფლება, ან ციფრი მის საბანკო ანგარიშზე? ადამიანი ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე ეს ყველაფერი. მხატვრული ლიტერატურა გვეხმარება ვიყოთ და დავრჩეთ ადამიანი. ვიცხოვროთ ათასობით ცხოვრება ერთ ცხოვრებაში და ამ პროცესის დახმარებით შევიცნოთ პირველ რიგში საკუთარი თავი და შემდეგ სამყაროც.

შეიძლება ამ საკითხზე ცოტა მეტად პრაგმატული კუთხითაც ვისაუბროთ. ეპოქაში, სადაც ძალიან ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები გვიწყვეტენ როგორი იქნება მთავარი პერსონაჟი, რა ეცმევა მას და როგორი უნდა იყოს მის გარშემო არსებული გარემო, სულ უფრო ცოტა ადგილი რჩება წარმოსახვისთვის. ჩვენ მივეჩვიეთ მზა გამოსახულებების, გამზადებული სახეების მიღებას, რომელსაც სხვა გვთავაზობს და უკვე ვიცით, რომ მაგალითად შერლოკ ჰოლმსი გამოიყურება როგორც ბენედიქტ კუმბერბაჩი. ალბათ ამიტომაა, რომ მოზარდებს უჭირთ აბსტრაგირება. და ამიტომაც უჭირთ მათემატიკა. ნებისმიერი მათემატიკური მოდელის საფუძველი ხომ აბსტრაგირებაა. ლიტერატურა გარდა იმისა, რომ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზებს გვაწოდებს, სერიოზულად ავითარებს წარმოსახვის უნარს. ეს კი, როგორც იცით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში წამყვანი უნარი გახდება. ამ მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ ლიტერატურა იმ მომავალი თაობის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა იყოს, ვინც საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენს და ქვეყანას წინ წაწევს.


- გარდა ამისა, მუშაობთ მოზარდების საკომუნიკაციო უნარების, თვითრწმენის, ლოგიკური აზროვნების, ემოციური ინტელექტის განვითარებაზეც...


დიახ, ასეა. ყველაფერი ეს აზროვნების პროცესით იწყება, აქვეა თვითანალიზი, საკუთარ თავში გარკვევა, საკუთარი ადგილის სოციუმთან მიმართებაში განსაზღვრა, თვითდამკვიდრების სურვილის პოზიტიურ ჭრილში ტრანსფორმირება... დღეს მოზარდები განსაკუთრებულად წარმატების წნეხისა და მათგან დიდი მოლოდინების ტვირთის ქვეშ ცხოვრობენ. გარემოში, რომელიც მათ მუდმივ შეფასებაში ამყოფებს - იქნება ეს ინსტაგრამის მიმდევრების რაოდენობა, ფეისბუქის ლაიქები თუ ნიშნები სკოლაში. მოსწრების შეფასების სისტემის არსებობა არარსებობის საკითხი სინამდვილეში დიდი დილემაა, რადგან ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა სამართლიანობა და მერიტოკრატია კონფლიქტში მოდის ასევე ძალზე მნიშვნელოვან ღირებულებებთან - ინდივიდუალიზმთან, თანაბარი შესაძლებლობების შექმნასთან... ფაქტი კი ფაქტად რჩება: ძნელია იფიქრო საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებსა და პოტენციალზე სამყაროში, სადაც მუდმივად ქულებს გიწერენ. ამიტომა რომ მოზარდებს უჭირთ საკუთარი თავის დანახვა, საკუთარი შესაძლებლობების ადექვატურად შეფასება. ხშირად აქვთ საკუთარი თავისთვის დაწესებული ძალზე მაღალი თამასა, ან გადაჭარბებული შეხედულებები საკუთარ უნარებზე, რაც ასევე დიდი პრობლემაა. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი თავის ადექვატურად შეფასების უნარი, არ ჩაიკეტონ საკუთარ თავებში, ჰქონდეთ ადგილი, სივრცე - განსჯისთვის, ფიქრისთვის, ერთმანეთთან შინაარსიანი ურთიერთობებისთვის, საკუთარი თავის გამოცდისთვის, აღმოჩენებისთვის, თავისუფალი აზროვნებისთვის. სწორედ ამ სივრცის შექმნას ვცდილობთ ჩვენ მათთვის. ჩვენ ხომ ყველანი უკლებლივ ვცოდავთ მათ წინაშე. ვახვევთ საკუთარ არარეალიზებულ ოცნებებს და ვაიძულებთ ის გზა განვლონ, რაც ჩვენ ვერ გავიარეთ, გვეშინია მომავლის და საკუთარი შიშების ტყვეობაში თავში ვუტენით ათასნაირ უსარგებლო ინფორმაციას, ასეთი გამოცდილება გვაქვს და ამიტომ მუდმივად ვადარებთ კლასელს, ძმას, ვუნდერკინდს, ვირტუოზს... გვეშინია მათს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას და ამის გამო გასაქანს არ ვაძლევთ, ზედმეტად ვზღუდავთ მათ თავისუფლებას... არ მინდა დრამატული სურათი დავხატო, მაგრამ გარედან რომ შევხედოთ საკუთარ თავებს - უფროსებს, სევდიანი სურათია. ჩვენი გაგება შეიძლება, რატომ ვაკეთებთ ასე. კარგი იქნებოდა ისიც გაგვეგო, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ საკუთარ თავებს, და გაგვესწორებინა თვალი საკუთარი შიშებისა და მოლოდინებისთვის.


- რომ შევაჯამოთ, „ლეტერატოს“ მთავარი ამოცანა მოზარდებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაა?


დიახ, მაგრამ არა მარტო ეს. ჩვენ ვეხმარებით მოზარდებს, შეიძინონ ის მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები, რაც მათ მომავალში საკუთარი თავის რეალიზაციასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო კურსი წიგნიერებაში, სადაც პროგრამა ყოველწლიურად, საფეხურების მიხედვით რთულდება, აგრეთვე ხელოვნების ისტორიის ძალზე შემეცნებითი და სახალისო კურსი. აქ მოზარდები შემოქმედებით უნარებს იძენენ და სიღრმისეულად ეცნობიან ხელოვნების ჟანრებს, მიმართულებებს. ზემოთ ვახსენე მათემატიკური აზროვნების უნარის პრობლემები მოზარდებში. ამ მხრივ გვაქვს საინტერესო კურსი მათემატიკურ ლოგიკაში, სადაც მოსწავლეები მათემატიკურ აზროვნებას სწავლობენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ინგლისურენოვანი პროგრამები, სადაც გამოცდილი უცხოელი პედაგოგები გვყავს. მინდა გამოვყო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი კურსი ინოვაციებსა და ბიზნეს-უნარებში, სადაც მოზარდები ინგლისურ ენაზე ინოვაციურ აზროვნებასა და იდეიის ხელშესახებ პროდუქტად გარდაქმნას სწავლობენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ განათლებული, გონიერი, წარმატებული და განვითარებული ახალი თაობის ჩამოყალიბებას.

Comments


Lett Square.png
bottom of page