
მაიკ მარტლი: "საქართველო არის უნიკალური ქვეყანა შეუზღუდავი პოტენციალითა და ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანებით".
"ლეტერატოს" კრიტიკული აზროვნების ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი მაიკ მარტლი უკვე ოთხი წელია საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტია და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსაც ფლობს.
მაიკ მარტლის გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობას. მაიკს ჩატარებული აქვს სხვადასხვა ტრეინინგები როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში, რომელიც შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ეხება. დღეს ჩვენ მას კრიტიკული აზროვნების მნიშვნელოვნებაზე, საქართველოზე, მის პროგრამაზე გავესაუბრეთ:
რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების უნარები დღევანდელ სამყაროში?
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მსოფლიო ერთგვარი უკიდურესობების მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან სწრაფი განვითარება, ან პირიქით, განვითარების ნაკლებობა იწვევს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რყევებს, ხოლო ინფორმაციის სრული დემოკრატიზაცია და ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს წვდომა ზღვა ინფორმაციასთან, ან იმის უნარი, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ამა თუ იმ საკითხზე, მსოფლიოს საკმაოდ რთულ ადგილად წარმოაჩენს. ამ კონტექსტში კრიტიკული აზროვნება ერთადერთი სწორი იარაღია. იგი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს ძირითად გამოწვევებთან საბრძოლველად. ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი შესაძლო პასუხებისა და მოვლენების ახსნის ყველა შრე გავიაზროთ იმისთვის, რათა გავიგოთ ამ გამოწვევების მიზეზები, და პარალელურად სწორედ ამავე დოზით დავფიქრდეთ, რათა ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.
რა შესაძლებლობებს იძლევა განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარები ახალგაზრდობისთვის, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდებისთვის?
საქართველოში ბევრი სფეროა განსავითარებელი. კრიტიკული აზროვნების უნარები ის უნარებია, რომელის წყალობითაც ახალგაზრდობას დიდი უპირატესობა ეძლევა, რათა ამ სფეროებს მიხედოს და გადაჭრას ის პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ზოგადად, კარიერული და პროფესიული თვალსაზრისით კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარები სწორედ ის უნარებია, რაც ადამიანს სხვებისგან გამოარჩევს და კონკურენტუნარიანს ხდის. მასშტაბურად თუ შეხედავთ, დღევანდელ მსოფლიოს სწორედ ის ადამიანები ესაჭიროება, ვისაც შეუძლია რთული მდგომარეობებიდან ყველაზე ეფექტიანი გამოსავლის მოძებნა და შემდეგ მათი პრაქტიკაში დანერგვა.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების გასაღებს წარმოადგენს. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ცნობილი ბიზნესმენები და ლიდერები სწორედ იმით გამოირჩევიან სხვებისგან, რომ შეუძლიათ მათ წინაშე არსებული სირთულეები და გამოწვევები ბოლომდე გააანალიზონ და მათ გადაჭრის საუკეთესო ხერხები მოუძებნონ. საუკეთესო შეფ-მზარეული უნიკალურ სამზარეულოს ქმნის, საუკეთესო იურისტი ახერხებს რთულ სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი იპოვნოს, ხოლო საუკეთესო ქიმიკოსები ქმნიან მედიკამენტებს, რომელიც დაავადებებს კურნავს. ეს ყოველივე სწორედ კრიტიკული აზროვნების უნარითაა შესაძლებელი.
საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა და შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილ ახალგაზრდობას შეუძლია მას უზარმაზარი წარმატება მოუტანოს. სწორედ კრიტიკული აზროვნების განვითარებულ უნარებს შეუძლია სახელმწიფო სექტორი, ბიზნესი თუ საზოგადოება განსაკუთრებულად წასწიოს წინ.
რას იტყოდით შემოქმედებით აზროვნებასა და მის მნიშვნელობაზე?
მე ვიტყოდი, რომ კრეატიული აზროვნება ესაა ამოუწურავი საშუალება ნებისმიერი პრობლემის გადასაწყვეტად, გამოსავლის საპოვნელად თუ წარმატებული პროდუქტის შესაქმნელად. შემოქმედებითი აზროვნება ეს ის მეთოდია, რომელსაც უნიკალური და ყველაზე ეფექტური შედეგი მოაქვს და რომლის გამოყენებაც ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი. იგი იმითაა შეუდარებელი, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. მაგრამ, ამ უნარს განვითარება სჭირდება.
რა უნარები ჩამოუყალიბდებათ ან რა შესაძლებლობები ექნებათ სტუდენტებს თქვენი კურსის გავლის შემდეგ?
სიბრძნე გამოცდილებით მოდის, ცოდნა კი სწავლის შედეგად. ამ კურსის წყალობით მოსწავლეები დააგროვებენ სიბრძნესაც და ცოდნასაც. კურსი იმგვარადაა შედგენილი, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ იმსჯელონ რეალური სამყაროს პრობლემებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ ეძლევათ დავალებები, რომელიც მოითხოვს პრობლემებისა და გამოწვევების ძირეულ ანალიზს და მათი საუკეთესო გადაჭრის ხერხის მოძებნას. კურსის მსვლელობისას ისინი იაზროვნებენ, შექმნიან, ააგებენ, ჩამოაყალიბებენ, იმუშავებენ გუნდურად, გადაჭრიან რთულ და წინააღმდეგობრივ საკითხებს, ერთი სიტყვით, ჩართულნი იქნებიან დინამიურ პროცესში, რომელიც მათი კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება. კურსის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ თავდაჯერებულობაც, საკუთარი ანალიტიკური უნარების რწმენაც, პრობლემებთან შეხების და მათი გადაჭრის გამბედაობაც და გაუმჯობესებული კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარებიც.
თქვენი კურსი საკმაოდ რთულ საკითხებს ეხება, ისეთს, როგორიცაა უნივერსალური შემოსავალი, თანასწორობა, რესურსების მართვა, რისკების მართვა...
ასეთი საკითხები შემთხვევით არ შემომიტანია. მინდა, კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ჰქონდეთ ამ კონცეფციების სიღრმისეული ცოდნა, ისევე როგორც, საკუთარი შეხედულება, რომელიც ფაქტებს, ობიექტურ დასაბუთებასა და ეთიკას ეფუძნება. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის უნარი ძალზე მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომაც, რომ როდესაც ეს მოსწავლეები ამ საკითხებს თავიანთ მეგობრებს გაუზიარებენ, ისინიც თავის მხრივ, დაფიქრდებიან მათზე და საბოლოო ჯამში უფრო მოაზროვნე, პასუხისმგებლობის უნარის მქონე საზოგადოებას მივიღებთ. ეს თემები მოზარდებს მიუკერძოებლად ფიქრს აჩვევს და თავიდანვე გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორებს, რაც შემდეგში წინდაუხედაობის ან დაუდევრობის მიზეზი ხდება. რაც შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა რესურსების ან რისკების მართვა, ეს ის საკითხებია, რომელიც ძალიან დაეხმარება მოზარდებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში; ეს სწორედ ის თემებია, რომელიც კრიტიკული აზროვნების პრაქტიკაში გამოყენებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, როგორც საქართველოს მომავალ ლიდერებს, ჩვენს მოსწავლეებს ხელთ ექნებათ ღირებული უნარები საზოგადოების სათავეში ჩადგომისა და ქვეყნის განვითარების მიმართულებით.
რას ნიშნავს თქვენთვის სწავლება?
სწავლება ჩემთვის არის გზა, რაიმე შემატო საზოგადოებას. ცხოვრების განმავლობაში ადამიანები პროგრესს განვიცდით და ყველას გვიგროვდება ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გვსურს, გავაზიაროთ. ალბათ ყველას გვსმენია ფრაზა „ნეტავ ადრე მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი“. სწავლება ჩემთვის იმ გარემოს შექმნაა, რომლის წყალობითაც მოზარდები უფრო მეტი გახდებიან, ვიდრე ამ გარემოში მოსვლამდე იყვნენ. არა მხოლოდ პროგრამის დასაწყისიდან მის დასასრულამდე, არამედ უფრო მეტნი იქნებიან ყოველი შეხვედრის, ყოველი სესიის შემდეგ.
დაასრულეთ წინადადება, „საქართველო არის“...
...უნიკალური ქვეყანა შეუზღუდავი პოტენციალითა და ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანებით.
Comentários