უკვე თითქმის ერთი წელია ჩვენი დიალოგი არ იცვლება:
- „როგორ ხარ?“
- „კარგად“ - მეტყვის და ცდილობს თვალი ამარიდოს, გამექცეს. არ იცის სად წაიღოს ხელები, არ იცის, სად წაიღოს საკუთარი თავი. პირველადი უკუკავშირი არ არსებობს. ვერ შედგა. საკუთარი თავით მიღებული უხერხულობა ერთგვარ ტრანსში ამყოფებს. „თუ გავჩუმდები, შეუმჩნეველი დავრჩები, იქნებ გადავრჩე“... „ჩემი ნათქვამი უმნიშვნელოა, მე უმნიშვნელო ვარ, ბევრჯერ დამინახავს“...
ასეთნი ბევრნი არიან: ფეხისწვერებზე მოსიარულენი, მათი ნაბიჯები არ ისმის, რადგან რათა მათმა ხმაურმა დედამიწა არ შეაწუხოს. სანამ ზანზარით მოსიარულე ზრდასრულთა სამყარო თავზე დაჰკივით და არასრულფასოვნებაში, სიზარმაცეში, არასაკმარის შედეგებში და უზრდელობაში სდებს ბრალს, ან უბრალოდ ზურგს აქცევს და, რადგან უკვე ჩამოკიდა შესაბამისი იარლიყი, გულგრილობაში იყინება („უნიათო“, „გაუზრდელი“, „ოროსანი“, „ღრჯო“), ისინი გაუჩინარებაზე ოცნებობენ, გაუცნობიერებლად ირგებენ ამ იარლიყებს და კომფორტის ჭაობში იძირებიან. იქ, სადაც არც შედეგების ჩვენებაა საჭირო, არც გონების დაძაბვა. იქ, სადაც „არ ვიცი“ ხსნაა, რომ უბრალოდ შეგეშვან და საკუთარ ბრჭყვიალა, დაკმაყოფილებული მოთხოვნებით გაბრწყინებულ ცხოვრებას მიხედონ. სინამდვილეში მათ სურთ, პირდაპირ შექსპირივით წერდნენ, აინშტაინივით ცვლიდნენ სამყაროს აღქმას, ციცერონივით ორატორები იყვნენ... ასეთი გადაჭარბებული მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ გარედან მუდმივი კრიტიკის და შინაგანი მოტივაციის არ არსებობის ფონზე მათ მუდმივად არასრულფასოვნების ტყვეობაში ამყოფებს. აქედან ხელის ჩაქნევამდე კი ერთი ნაბიჯია. გარემო, რომელიც იდეალური, ბრტყელი და სტერეოტიპული ხატებით აპელირებს (მავანი ჯობს მავანს, პოპულარობა=ბედნიერებას, წარმატება ერთადერთი გზაა გამარჯვებისკენ) უმოწყალოდ ჩეხავს ამ ბავშვების სათქმელს. არადა მათ ძალიან ბევრი აქვთ სამყაროსთვის შესათავაზებელი. ბევრი, საუცხოო და არაორდინარული - რომელსაც ჯერ სიჩუმის ფენა უნდა შემოეფრცქვნას, შემდეგ ნიჰილიზმის, შემდეგ შიშის და თვალწინ უკიდეგანო, ჯადოსნური რამ გადაგეშლებათ. მას ადამიანის პოტენციალი ჰქვია.
ამ ყველაფერზე, როგორც წესი, პასუხი ასეთია: „აბა, რა ვქნათ, მივუშვათ? აკეთოს, რაც უნდა, ანუ არ აკეთოს არაფერი და გადაიჩეხოს?“ „სხვა რომ აჯობებს, მერე გვიანი იქნება“, „სამსახური რომ არ ექნება და მშიერი დარჩება მერე ირტყას თავში ხელი?“ ეს კი უკვე ჩვენი შიშებია, რომელიც ცხოვრების ყველაზე ბნელ მონაკვეთებში გვაბრუნებს და გვახსენებს ჩვენი წარუმატებლობის, ჩვენი გაჭირვების, ჩვენი უკმაყოფილებისა და დაუკმაყოფილებლობის წამებს. შიშზე დამყარებული გარემო ყველაზე დესტრუქციული მგონია. დიახ, როგორც ყველაფერს, შიშსაც აქვს საპირისპირო - პოზიტიური - მხარე, რომელიც გიბიძგებს არ გაჩერდე, იმოძრაო. მაგრამ ძალას აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც ყველა მიზეზს - თავისი შედეგი. როგორც ფიზიკაში, ზოგ სხეულს მეტი ინერცია აქვს, ზოგს ნაკლები. მაგრამ გარე ძალაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სხეულის აჩქარებას იწვევს. თუ ეს ძალა შიშია, თუ მიზეზიც შიშია, მაშინ აჩქარებაცა და შედეგიც შიშის ანალოგიური დადგება. და ბავშვებიც ხშირად სწორედ ჩვენს შიშებს ირეკლავენ.
„ზოგჯერ ჩემს თავში ეჭვი მეპარება და სხვანაირად მოქცევას ვიწყებ. თავდაუჯერებელიც ვარ და ჩემს ყველა სიტყვას, ქცევას ვაკვირდები. მგონია, რომ ყველაფერს მიკონტროლებენ, რამე თუ შემეშლება, გამრიყავენ და გამაკრიტიკებენ, ან აღარ ენდომებათ ჩემთან დროის გატარება“
„ხანდახან სახლში მისვლა არ მინდა და არც მიხარია, იმიტომ, რომ ვიცი, რომ მივალ მეჩხუბებიან. მეტყვიან, რომ უნდა ვიმეცადინო, მივედო ცხოვრებას, ვიფიქრო მომავალზე... თუმცა ვიცი, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ ჩემთვის, და, რაც ყველაზე მთავარია, მათ ვუყვარვარ“
„ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მეხმარებიან გავაანალიზო ჩემი შეცდომები, დავფიქრდე და დასკვნა გამოვიტანო, რომ, მართლაც არ ვარ ამდენად კარგი ადამიანი, როგორც მე მგონია“
„ძალიან მაწუხებს, როცა ჩემს საყვარელ ადამიანს რაიმეს ვაწყენინებ, ღამე მშვიდად ვერ ვიძინებ, როცა ვიცი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ნაწყენია ჩემზე“.
ეს ბავშვების წუხილებია. დაცინვის, უარყოფის, გარიყვის შიში მოზარდებში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ზრდასრულობაშიც გაგვყვება ხოლმე.
რა არის ამის წამალი? როგორ დავიცვათ უფროსებმა მათთან ურთიერთობაში ბალანსი სამართლიანობასა და ზრუნვას შორის? ვალდებულებების შესრულებასა და მოთმინებას შორის? თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის? როგორ დავანახოთ, რომ გარემო მათ მიმართ ასეთი მტრული არ არის? როგორ ვაჩუქოთ სილაღე და შინაგანი თავისუფლება? არ მინდა მზა რეცეპტები დავწერო. პუნქტებად ჩამოვწერო რჩევები სამყაროში, სადაც ამდენი რეცეპტის გამცემია. მგონია, რომ წამალი ფიქრია. უბრალოდ დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე. ვიფიქროთ ბევრი და, თუ სიყვარული და თანაგრძნობა გვეყოფა, საუკეთესო გამოსავალს აუცილებლად ვიპოვნით.
მე ველოდები. ერთ დღესაც, როდესაც ის შემოვა, მე ვკითხავ: „როგორ ხარ?“ ის კი მიპასუხებს: „კარგად, თქვენ?“ მისი ნაბიჯები უფრო თავდაჯერებული, უფრო ხმაურიანი გახდება. ვიცი, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ შიშს.
Comments