როგორ შეიძლება მოვახერხოთ, რომ მოზარდებმა წიგნებიც შეიყვარონ, წერის კულტურაც გამოუმუშავდეთ, ერთმანეთთან კომუნიკაცია გაიუმჯობესონ, გუნდში მუშაობა ისწავლონ, იდეების გარშემო იმსჯელონ, თანამედროვე ტექნოლოგიებსაც აუწყონ ფეხი და დღევანდელი სამყაროს ნაწილადაც იგრძნონ თავი? ამ მრავალმხრივ ამოცანას გადაჭრის ერთი ასეთი ხერხი მოვუძებნეთ: მოსწავლეები გუნდურად წერენ ბლოგს. ეს მეთოდი არაერთხელ ვცადეთ და ყველამ დიდი სიამოვნებაც მივიღეთ. ამ შემთხვევაში თქვენს წინაშეა ჩვენი მოსწავლეების ნააზრევი რეი ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინოს“ გარშემო:ბლოგი, რომელიც მათ ერთად შექმნეს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ნიკა ბუთბაიას, ნუცა გამეზარდაშვილს, სიდონია ლაღიძეს და ნიტა კვირიკაძეს რომელთაც უკვე ძალიან შეიყვარეს ეს დიდი ავტორი.
როცა ეს წიგნი ხელში ავიღეთ, თავიდან კითხვა გაგვიჭირდა, თუმცა რამდენიმე გვერდის მერე „ბაბუაწვერას ღვინო“ წყალივით მიედინება. როცა ამ წიგნზე ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა ითქვას: ნაწარმოებში მოგროვილია ბევრი სხვადასხვა ისტორია, პატარა ქალაქის ამბები, რომელიც ერთ ზაფხულშია ჩატეული. შეგვიძლია აქ დავსვათ წერტილი, მაგრამ ამ წიგნში უფრო მეტი რამ ხდება, ვიდრე უბრალოდ სხვადასხვა ამბავია.
„ბაბუაწვერას ღვინო“ თავისთავად საინტერესო სახელწოდებაა. ესაა სათაური განსაკუთრებული მნიშვნელობით. „ბაბუაწვერას ღვინო“ ხომ სინამდვილეში არც არსებობს. იგი ერთგვარი ზაფხულის სიმბოლოა, რომელიც ზამთრის ცივ სუსხიან დღეებში უნდა მივირთვათ, როგორც მოგონება ტკბილად გატარებული ზაფხულის შესახებ.
რა არის მთავარი ზოგადად ლიტერატურულ ნაწარმოებში? მოთხრობილი ამბავი, რომელიც თავგადასავალს განგაცდევინებს. მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია აზრი და მიზანი, თუ რას ემსახურება ესა თუ ის წიგნი. „ბაბუაწვერას ღვინოში“ ყველა ისტორიას თავისი აზრი აქვს: თუნდაც ის, რომ ადამიანს უკეთ უნდა გაუგო, შეხვიდე მის მდგომარეობაში - ამაზე მოგვითხრობს ჰელენ ბენტლის ამბავი, როდესაც მას ბავშვები არ უჯერებენ, რომ ოდესღაც ის ახალგაზრდა იყო. ნაწარმოები ზაფხულს დაგანახვებს სხვა თვალით - თუ როგორ შეიძლება თითოეული უქმე დღე, მისი თითოეული წუთი საჩუქრად იქციო და ზამთარში ზაფხულის თბილი დღეები გაიხსენო. ესაა წიგნი, რომელიც განგაცდევინებს, თუ რა კარგია სიცოცხლე! რეი ბრედბერი თავისი გასაოცარი ენით გვაცხოვრებს იმ ზაფხულში, რომელშიც ყოველი ფრაგმენტი სიცოცხლითა და სითბოთი არის სავსე. მაგრამ, ამ პატარა ქალაქში ბევრი სხვა საინტერესო, ხანდახან უსიამოვნო ამბავიც კი ხდება: თუნდაც „მარტოხელა მკვლელი“ ან მეგობრის დაკარგვა - რომელსაც თან ცხოვრებისეული განცდები ახლავს.
მარტო ის რად ღირს, როგორ ოცნებობს დაგლასი ახალ ბოტასებზე: როგორ უნდა გიყვარდეს ბოტასი, რომ ასე მოახერხო მისი აღწერა! ჩვენი გადმოსახედიდან მართლაც რომ საჭიროა ყოველ ზაფხულს ახალი ბოტასის ყიდვა, რომ ყოველ წელს სიახლის შეგრძნება დაგეუფლოს. ამ ეპიზოდით ვიგებთ, რომ კარგი გამყიდველი რომ იყო, ყოველთვის უნდა იცოდე რას ჰყიდი და გრძნობდე პროდუქტს. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ყოველთვის მიაღწევ მიზანს შრომით.
მაგრამ მარტო ბოტასები როდი შეგაგრძნობინებს ბედნიერებას, ამ ნაწარმოებში „ბედნიერების მანქანაც“ შეგხვდება, რომელსაც ლეო აუფმანი თავგამოდებით აგებს. თუმცა რამდენად ბედნიერების მომნიჭებელია წამიერი სიამოვნებები, რომლებიც გაცილებით შორს არიან რეალური ბედნიერებისგან, ეს თავად უნდა ნახო, როდესაც ამ წიგნს წაიკითხავ.
ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ეპიზოდი ლაიმის ნაყინის ისტორიაა. ეს ამბავი მოგვითხრობს 30 წლის კაცისა და 80 წლის ქალის ურთიერთობის შესახებ, რომლებთაც კაფეში ნაყინის არჩევისას უცნაური გემოვნება გააცნობს ერთმანეთს. ესაა იდუმალებითა და სევდით აღსავსე ისტორია: ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, თუმცა ცხოვრებამ ისინი არასწორ დროს შეახვედრა. ეს ამბავი შეესაბამება ფრაზას „სწორი ურთიერთობა არასწორ დროს“. ავტორი გვეუბნება: ის რომ ყოფილიყო 30 წლის ქარაფშუტა ქალბატონი, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო, მაგრამ ელენი იმედს იტოვებს, რომ სხვა ცხოვრებაში ის შეხვდებოდა ამ ადამიანს ზუსტად საჭირო დროს.
საშუალება რომ გვქონდეს, ერთადერთი დასასრულს შევცვლიდით. როგორ? აი ასე: არის ღამე, დაგი და ტომი ბრუნდებიან ერთი ძალიან უცნაური ადგილიდან, სხდებიან სავარძელში, მიირთმევენ ცხელ კაკაოს ზეფირით და ერთ-ერთი მათგანი წამოიძახებს: „რა მაგარია, წიგნს ვამთავრებთ!“ ასრულებენ კითხვას და იძინებენ.
როგორც ბრედბერი გვეუბნება, არ არსებობენ ფუტკრები სურნელის გარეშე. ჩვენ კი გვსურს ვთქვათ, რომ არ არსებობს წიგნი აზრის გარეშე. ყველა წიგნში შეიძლება ვიპოვოთ რაიმე საინტერესო და განსაკუთრებული. ხოლო ამ ნაწარმოებში შეგვიძლია ცხოვრებისეული გაკვეთილები როგორც თევზები, ჩვენს მიერ დაგებულ ბადეში გავხვიოთ და „ბაბუაწვერას ღვინოსთან“ ერთად დავაგემოვნოთ.
Comments