top of page

13 fsiqotipi



როგორ გამოვნახოთ მოზარდებთან საერთო ენა და დავეხმაროთ მათ განვითარებასა და წარმატებაში? აქცენტების კლასიფიკაცია ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რაც ამაში დაგვეხმარება.


ადამიანის ფსიქიკაში აქცენტების კლასიფიკაცია პირველად გერმანელმა ფსიქიატრმა კარლ ლეონჰარდმა შეიმუშავა 1968 წელს. შემდეგ კი მეცნიერმა ანდრეი ლიჩკომ შექმნა პიროვნების ტიპოლოგია და გამოყო პიროვნების 13 ფსიქოტიპი. ეს კლასიფიკაცია ფსიქოლოგებს ეხმარება, განსაზღვრონ ადამიანის ფსიქოტიპი შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად. მაგრამ ამავდროულად, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზამკვლევია აღმზრდელებისთვის, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოტიპების ამოსაცნობად და მათთან შესაბამისი მიდგომების შესამუშავებლად, რათა ისინი საზოგადოების შემდგარ, სრულფასოვან და თვითკმარ წევრებად ჩამოყალიბდნენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ფსიქოტიპების აქცენტირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის დაავადება. იმის მიუხედავად, რომ აქცენტირების ვარიანტების ზოგიერთი სახელწოდება: ეპილეპტოიდი, შიზოიდი და სხვა, აღებულია ფსიქიკური დაავადებების სახელწოდებებიდან, აქცენტირების მქონე ნებისმიერი ადამიანი ჯანმრთელი და ნორმალურია. ეპილეპტოიდს არ აქვს ეპილეფსია, ხოლო შიზოიდს არ აწუხებს შიზოფრენია. ადამიანებს მხოლოდ აქცენტირებით აქვთ გამოხატული გარკვეული ხასიათის თვისებები.


ე. წ. „სუფთა“ ტიპები ბუნებაში იშვიათად გვხვდება. თუ სახეზეა აქცენტირების სრული სახით გამოვლინება, ეს საყურადღებოა, რადგან ასეთ შემთხვევაში ფსიქოტიპს დახმარება ესაჭიროება. ყველა სხვა შემთხვევაში საუბარია მხოლოდ მიდრეკილებაზე. ხშირად გვხვდება შერეული ფსიქოტიპებიც, სადაც ადამიანი შესაძლებელია იყოს მაგალითად მკვეთრად გამოხატული კონფორმული ტიპი ჰიპერტიმის თვისებებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია აქცენტირებები შეიცვალოს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. ქვემოთ გთავაზობთ 13 ფსიქოტიპის დახასიათებას, ხოლო ცხრილებში მოცემულია ის, თუ როგორ შეიძლება თითოეულ ფსიქოტიპს მივუდგეთ.


1. პარანოიდი


ამ ფსიქოტიპის თვისებები იშვიათად იკვეთება ბავშვობაში; კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ ერთ რამეზე. ისინი არიან სერიოზულები, მშფოთავნი, ყველანაირად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რაც სურთ. პარანოიდის დამახასიათებელი თვისებაა მოახდინოს საკუთარი პრობლემების პროეცირება გარე სამყაროზე, დაინახოს ისინი საკუთარი თავის გარეთ და ებრძოლოს მათ. ამიტომაც პარანოიდული ფსიქოტიპი ხშირად გვხვდება პოლიტიკოსებში.


კონტაქტისას პარანოიდები ხშირად აჩუმებენ თანამოსაუბრეს, ზედმეტად კატეგორიულნი არიან თავიანთ განსჯაში და შეუძლიათ სხვებს ზიანი მიაყენონ სიტყვით. ისინი ვერ ამჩნევენ საკუთარ კონფლიქტურობას. არიან აბსოლუტურად არასენტიმენტალურები, ხოლო მეგობრები მხოლოდ პარტნიორებად და თანამებრძოლებად განიხილებიან. აინტერესებთ მხოლოდ ის აკადემიური საგნები, რომლებიც ახლა ან მომავალში იქნება მათთვის საჭირო, და საგულდაგულოდ შეისწავლიან მათ. ამისათვის არც ბიბლიოთეკაში წასვლას დაიზარებენ, არც დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ან დამატებითი გაკვეთილების აღებას. მათი ინტერესის სფეროს შესახებ ბევრ წიგნსაც იყიდიან და წაიკითხავენ ყველაფერს ყველგან. სამაგიეროდ, ღირებულად არ თვლიან არაფერ დანარჩენს.


პარანოიდს დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია ინდივიდუალურ შემოქმედებით საქმიანობაში. ისინი დიდი იდეების შეუდარებელი გენერატორები, და რთული პრობლემების გადასაჭრელად არასტანდარტული მიდგომების ავტორები არიან. ამავდროულად საშიშია, რომ პარანოიდი განდიდების მანიაში არ გადავარდეს.


2. ეპილეპტოიდი


ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკიდან ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ ტიპისკენ, განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ტანსაცმელს და სათამაშოებს. აგრესიულად რეაგირებენ მათზე, ვინც ცდილობს დაეპატრონოს მათ ქონებას. ბავშვობიდანვე ამჟღავნებენ აკურატულობას და სისუფთავეს, მაგრამ პატარაობისას მტირალები არიან. ამავდროულად ეპილეპტოიდები ხშირად ის მოზარდები არიან, რომლებიც თანატოლებს ჩაგრავენ ან ცხოველებს აწვალებენ. ზრდასრულობაში ასეთ ფსიქოტიპებს ხშირად უკავიათ წამყვანი და პრესტიჟული თანამდებობები.

ეპილეპტოიდები არ აბამენ შემთხვევით ნაცნობობას. მათ ურჩევნიათ ურთიერთობა ბავშვობის მეგობრებთან და თანაკლასელებთან. თუ ისინი ვინმეს მეგობრად ჩათვლიან, მაშინ შეასრულებენ ყველა ვალდებულებას, რასაც მეგობრობა აკისრებს. ღალატს, არც მეგობრობაში, არც სიყვარულში, არასოდეს პატიობენ ვინმეს.

ამბობენ, რომ თუ პარანოიდი „წინასწარმეტყველია“, ეპილეპტოიდი - „მოციქულია“. მას პარანოიდის მსგავსად აქვს ფასდაუდებელი იდეების ნაკრები და ყოველთვის მზადაა გვერდით დაუდგეს პარანოიდს ამ იდეების განხორციელებაში. ამიტომაც იგი საიმედო ადამიანია ყველა ურთიერთობაში.


ბავშვობისას ეპილეპტოიდები საუკეთესო მოსწავლეები არიან. არ აცდენენ გაკვეთილებს, გულმოდგინედ ასრულებენ დავალებებს. როდესაც ეპილეპტოიდები იზრდებიან, ისინი საუკეთესოდ ასრულებენ სამუშაოს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც დაკავშირებულია სხვის მიერ მიღებული წესრიგის, წესებისა და ნორმების დაცვასთან. მათგან გამოდიან კარგი ფინანსისტები, იურისტები, სამხედროები და ა.შ.


3. ჰიპერტიმი


ბავშვობიდანვე ჰიპერტიმები ხმაურიანები არიან. გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით და გამბედაობით; ეს ტიპი მიდრეკილია ცელქობისკენ. ჰიპერტიმი კარგი ტაქტიკოსია და ცუდი სტრატეგი.


ჰიპერტიმები ყოველთვის თამაშობენ მხიარული თანამოაზრეებისა და ოხუნჯების როლს. მათ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ. ჰიპერტიმების სახლი მეგობრებისა და ნაცნობების შეხვედრის ადგილია, სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და დარჩეს იქამდე, სადამდეც მოუნდება. ისინი ყოველთვის იზიდავენ ხალხს, თანატოლებს შორის ისინი ლიდერობისკენ ისწრაფვიან. სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, ადვილად აღმოჩნდნენ არაჯანსაღ გარემოში, რადგან ზედმეტად მიდრეკილნი არიან თავგადასავლებისკენ, თუნდაც ამან ზიანი მოუტანოს.


როგორც წესი, ჰიპერტიმები ძალიან ნიჭიერები არიან. ადვილად უღებენ ალღოს ყველაფერს, თუმცა არასისტემურნი არიან და დისციპლინაში მოიკოჭლებენ. შეუძლიათ წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში, თუმცა თუკი საქმე რუტინული გახდა, აუცილებლად მობეზრდებათ და თავს უბედურად იგრძნობენ. თავისი ხმაურიანობის და გახსნილობის წყალობით, ადვილად შეუძლიათ შექმნან წარმოდგენა, რომ ბევრს მუშაობენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გაცილებით მეტს პირდებიან, ვიდრე ასრულებენ.


4. ისტეროიდი


შეუძლებელია ადრეული ბავშვობიდანვე არ შეამჩნიოთ ისტეროიდი. დიდი რაოდენობით ზრდასრული უცნობებით გარემოცული, ეს საყვარელი ბავშვი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე კითხულობს პოეზიას, მღერის სიმღერებს, აჩვენებს თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს. მისთვის მთავარი მაყურებლის აღფრთოვანებაა. თუ სტუმრებმა იგი შემთხვევით დაივიწყეს, ის აუცილებლად კვლავ მიიპყრობს ყურადღებას, და თუ ეს არ გამოუვიდა, აუცილებლად გატეხავს თეფშს ან გადაისხამს ლიმონათს.


ისტეროიდებს მუდმივად სჭირდებათ უამრავი მაყურებელი. პრინციპში, ეს არის მათი ცხოვრებაც. მაგრამ, როგორც წესი, ისინი ურთიერთობენ მხოლოდ მათთან, ვინც გამოხატავს აღტაცებას, თაყვან სცემს მათ შესაძლებლობებსა და ნიჭს. ძალიან ხშირად ისინი შერჩევითად მეგობრობენ, ცდილობენ დაუმეგობრდნენ ცნობილ ადამიანებს, რათა მათი დიდების ჩრდილში აღმოჩნდნენ, ან ისეთ ადამიანებთან, ვინც მათზე რაღაცით ნაკლები არიან, რათა საკუთარი თავი კიდევ უფრო ეფექტურად წარმოაჩინონ. ისტეროიდები ნიჭიერები არიან, მაგრამ უმჯობესია, თუკი მათ ექნებათ ისეთი საქმე, სადაც აუცილებელი ვალდებულებები და კოლექტივი არ არსებობს. ისეთი რამ, როგორიცაა ესტრადა, მათთვის ზედგამოჭრილია.


5. შიზოიდი


სკოლის წლებიდან ასეთ ბავშვებს უყვართ მარტო თამაში, არ კონტაქტობენ კლასელებთან, ერიდებიან ხმაურიან გართობას, ამჯობინებენ უფროს ბავშვებს. მოზარდობის პერიოდში თვალშისაცემია მათი დისტანციურობა და ჩაკეტილობა. უჭირთ სხვების თანაგრძნობა.

შიზოიდები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური საქმის მიმართ. ემოციურად ცივები არიან, ხოლო მათი ეგოიზმი გაუცნობიერებელია. ამავე დროს, შიზოიდები ძალზე დაუცველები არიან, რადგან ძალზე დიდი თავმოყვარეობა აქვთ. ვერ იტანენ საკუთარი სისტემების კრიტიკას.

მათი ურთიერთობები ძალიან შერჩევითია. ადამიანებს თითქმის ვერ ამჩნევენ, ისევე როგორც ბევრ რამეს მატერიალური სამყაროდან. მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ღრმა და გულწრფელი კომუნიკაცია. ადამიანთა წრე, რომელთანაც ისინი კონტაქტში შედიან, შეზღუდულია (როგორც წესი, ისინი უფროსები არიან).


შიზოიდები საკმაოდ თვითკმარნი არიან. შეუძლიათ ურთიერთობა საკუთარ თავთან ან ერთ ადამიანთან. მეგობრად თვლიან მას, ვისაც არგად ესმის მათი, არ აქცევს ყურადღებას მის უცნაურობას და ჩაკეტილობას. ისინი ნიჭიერები არიან, მაგრამ მათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ, ვინაიდან მათ აქვთ სამყაროს განსაკუთრებული ხედვა, საკუთარი, განსხვავებული ჩვეულებრივი ხედვებისგან. მათ ბევრი რამ ხელეწიფებათ, მაგრამ არასისტემურები არიან, რადგან ძნელია საყოველთაოდ მიღებული მოთხოვნების შესრულება და არა იმ სქემის, რაც მათ თავად გამოიგონეს. არ უყვართ სწორხაზოვნება და საკმაოდ კრეატიულებიც არიან. მეცნიერება ის სფეროა, სადაც ისინი განსაკუთრებულად გამოიჩენენ თავს, განსაკუთრებით ფიზიკაში ან მათემატიკაში.


6. ფსიქასტენოიდი


მორცხვობასა და შიშთან ერთად, ასეთ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული განსჯის უნარი და თავიანთი ასაკისათვის შეუფერებელი, სერიოზული ინტელექტუალური ინტერესები. მცირე ასაკიდან იტანჯებიან სხვადასხვა ფობიებით - უცნობი ადამიანების მიმართ, ახალი საგნების, სიბნელის, სახლში მარტო დარჩენის და სხვა შიშებით.


მუდმივი შიშებისგან დაცვის მათეული ფორმაა შეგნებული ფორმალურობა და პედანტიზმი, რომელიც ემყარება იმ იდეას, რომ თუ წინასწარ კარგად იფიქრებ ყველაფერზე, წინასწარ განჭვრეტ და შემდეგ იმოქმედებ, მაშინ პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება. ასეთი ადამიანები გადაუწყვეტელნი არიან, რადგან ყველაფერზე ეჭვი უჩნდებათ, მაგრამ თუ გაბედეს, სწრაფად იწყებენ მოქმედებას, რადგან ეშინიათ, არ გადაიფიქრონ.


მორცხვ და ჩაკეტილ ფსიქასტენოიდს არ უყვარს ახალი კონტაქტების დამყარება. მათ ცოტა მეგობარი ჰყავთ, მაგრამ ეს მეგობრობა სამუდამოდ გაგრძელდება. ურთიერთობაში მათ ახსოვთ უმცირესი დეტალები და ყოველთვის მადლობლები არიან ყურადღებისთვის.

არიან მოწესრიგებულები, და რასაც აკეთებენ, მასში ყოველთვის დიდ ძალისხმევას დებენ, რადგან არ სურთ იმედი გაუცრუონ გარშემომყოფთ. ფსიქასტენოიდებს უყვართ მშვიდი სამუშაო, მათგან საუკეთესო დაქვემდებარებულები და მიმდევრები გამოდიან. თავს გრძნობენ კომფორტულად ისეთ პროფესიებში, როგორიცაა ლაბორანტი, ბუღალტერი, არქივარიუსი.


7. მგრძნობიარე


მგრძნობიარე ფსიქოტიპი მიჯაჭვულობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად ეშინიათ, ეშინიათ მარტოობის, სიბნელის, ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების და თავს არიდებენ აქტიურ და ხმაურიან გარემოს, საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან მათთან, ვისაც ისინი შეჩვეულები არიან. მგრძნობიარენი მიჯაჭვულნი არიან ნათესავებთან და მეგობრებთან. ბავშვობაში მათ "სახლის ბავშვებს" ეძახიან: ცდილობენ არ დატოვონ თავიანთი მშობლიური კედლები, არ უყვართ სტუმრობა და მით უმეტეს, სადმე შორს გამგზავრება (მაგალითად, სხვა ქალაქში, თუნდაც მათი საყვარელი ბებია იქ ცხოვრობდეს).


ასეთი ფსიქოტიპი კონტაქტში შედის ადამიანების ვიწრო წრესთან, მხოლოდ მათთან, ვინც მათ სიმპათიას იწვევს. ყველანაირად თავს არიდებენ თამამ და მოუსვენარ ადამიანებთან შეხვედრას და კომუნიკაციას. საკუთარ გრძნობებსა და გამოცდილებებს მხოლოდ ძველ მეგობრებს ანდობენ. მათი სიმორცხვე ხელს უშლით თავის გამოჩენაში.

მგრძნობიარე ფსიქოტიპი მხოლოდ კეთილგანწყობილ გარემოში იხსნება და მაშინვე საუკეთესო შედეგებს დებს. მათთვის საქმე ყოველთვის მეორეხარისხოვანია. მთავარი - კოლეგებთან ურთიერთობა, ადამიანებს შორის მშვიდი და დადებითი განწყობები და ხელმძღვანელის თანადგომაა. მგრძნობიარე ფსიქოტიპი როგორც წესი, არაჩვეულებრივი თანაშემწე, მდივანი ან კადრების განყოფილების თანამშრომელია.


8. ჰიპოტიმი


ჰიპოტიმებისთვის უცხოა სასიხარულო განწყობა. ისინი განაწყენებულნი არიან ყველას და ყველაფრის, განსაკუთრებით კი მშობლების მიმართ. ჰიპოტიმების სახეებზე ხშირად გამოხატულია უკმაყოფილება, იმედგაცრუება იმით, რომ არ გამოუვიდათ, როგორც მათ სურდათ.


ჰიპოტიმები ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში არიან განაწყენებულები სამყაროზე და მეგობრებზე. ამავდროულად მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობები და კომუნიკაცია, რათა ვინმეს ეწუწუნონ ცხოვრების უსამართლობაზე, იმაზე, თუ როგორ ვერ გაუგეს და არ დააფასეს. განსაკუთრებით უყვართ საუბარი იმ რთულ გარემოებებზე, რომლებშიც აღმოჩნდნენ და უამრავ არგუმენტს მოიყვანენ, თუ რატომ არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მათთან მეგობრობა ძნელია, რადგან თითოეული ადამიანი მათთვის კიდევ ერთი მიზეზია ხასიათის გასაფუჭებლად.


ისინი თავს იჩენენ მასალის კარგად დამახსოვრებით, დავალებების ფრთხილად შესრულებით, მაგრამ თავად სიღრმე და შინაარსი არ აინტერესებთ, სწავლობენ ძირითადად ცუდი შეფასების შიშით. ავადმყოფობის მომიზეზებით შეუძლიათ გამოტოვონ კლასები.


9. კონფორმული


საკმაოდ გავრცელებული ფსიქოტიპია. ეთანხმებიან ყველაფერს, რასაც გარემო გვთავაზობს, მაგრამ თუ ისინი მოექცევიან სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ, ცვლიან დამოკიდებულებას საპირისპიროდ. კონფორმული ფსიქოტიპები ადვილად კარგავენ პირად დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ - განსჯები და შეფასებები დაემთხვევა მათ მოსაზრებებს, ვისთანაც ისინი ამ მომენტში ურთიერთობენ. უფრო მეტიც, ისინი არ გამოირჩევიან საკუთარი შეხედულებებით და წარმოადგენენ მასას, რომელიც ეთანხმება ლიდერს.


კონფორმული ტიპები ადვილად შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ბაძავენ ლიდერებს. მეგობრული ურთიერთობები არამდგრადია. კონფორმულები არ ცდილობენ მეგობრებს შორის გამორჩეულობას, არ იჩენენ ინტერესს ახალი ნაცნობების მიმართ.

ამ ფსიქოტიპს შეუძლია გამოიჩინოს შრომისმოყვარეობა, კრეატიულობა და გამჭრიახობა, გააკეთოს ყველაფერი, რასაც დაავალებენ. თუმცა, ადვილად არიდებენ თავს დავალებას, თუ ირგვლივ უსაქმურები არიან.


10. არამდგრადი


ბავშვობიდან დაუმორჩილებლები, მოუსვენრები არიან, ყველგან მიძვრებიან, მაგრამ ამავე დროს ეშინიათ სასჯელის. ადვილად ემორჩილებიან თანატოლებს.

ხშირად გარეგნულად მორჩილნი, მზად არიან შეასრულონ დავალება, მაგრამ მათი მოტივაცია სწრაფად ქრება. ძალიან მალე ავიწყდებათ მიცემული სიტყვა ან ზარმაცობენ, ხოლო შემდეგ ბევრი მიზეზი მოჰყავთ, რის გამოც დაპირებულის შესრულება შეუძლებელია.


მათი კონტაქტები არეული და უმიზნოა. არამდგრადი ფსიქოტიპები უკონფლიქტოები არიან. ერთდროულად რამდენიმე ჯგუფს მიეკუთვნებიან და შეუძლიათ მიიღონ თითოეული გუნდის ქცევის წესები და სტილი. ისინი მიდრეკილნი არიან იცხოვრონ დღევანდელი დღით; საათობით შეუძლიათ იწვნენ ტელევიზორის წინ, ან უსმინონ მუსიკას. როგორც წესი, ასრულებენ ლიდერების ხელქვეითების ფუნქციას.

არამდგრადი ფსიქოტიპის ცოდნა არასისტემური, ხოლო კონცენტრაცია - არამდგრადია, მუდმივად გაურბით ყურადღება. დავალებას უხალისოდ ასრულებენ. ასეთი ფსიქოტიპისთვის რთულია კარგი სპეციალისტი გამოვიდეს.


11. ასტენიკი


ასტენიკს ბავშვობიდან ცუდად ძინავს, არ აქვს მადა, ხშირად ჭინჭყლობს და ყველაფრის ეშინია. მგრძნობიარეა ხმამაღალი ბგერების, ნათელი შუქის მიმართ; ცოტა ხალხიც კი სწრაფად ღლის, ისწრაფვის მარტოობისკენ.


ასტენიკი მორცხვია, დაბალი თვითშეფასება აქვს და უჭირს საკუთარი თავის დაცვა. იგი შფოთავს, როდესაც გარემოებები იცვლება, სტერეოტიპების ნგრევა ხდება, რადგან მისი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი საგნების და ცხოვრების წესის მიმართ მიჩვევაა.

რადგან ასტენიკები დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან, არასოდეს იჩენენ ინიციატივას ურთიერთობებში. მათი მეგობრების წრე შეზღუდულია. სწორედ ეს თვითშეფასება უშლით ხელს წარმატების მიღწევაში. ისინი მუდმივად ორჭოფობენ, შფოთავენ, ხოლო შეცდომის დაშვების შიში თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც შრომას მათთვის არც სიამოვნება მოაქვს და არც შვება. პირიქით, ეს მათთვის მძიმე ტვირთი ხდება. უმჯობესია, თუ ისინი ხშირად შეიცვლიან სამუშაოს ტიპს და პერიოდულად დაისვენებენ.


12. ლაბილური


ლაბილური ფსიქოტიპის ადამიანებს შეუძლიათ გაბრაზდნენ უხამსი სიტყვის, არამეგობრული გამოხედვის, გატეხილი ჭიქის გამო. ტკბილი სიტყვა, ახალი ტანსაცმელი, წიგნი, ან კარგი ამბები სწრაფად ახალისებთ, მაგრამ ნებისმიერ მომენტში რაიმე მცირე "უსიამოვნებამ" შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ხშირად ცივდებიან.

თუ ისინი ბედნიერები და კმაყოფილნი არიან ცხოვრებით, მაშინ ადვილად შედიან ურთიერთობებში, მაგრამ თუ ლაბილური ტიპი აღელვებული და უკმაყოფილოა, ურთიერთობები მინიმუმამდე დაჰყავს. მათ ახასიათებთ ძლიერი ინტუიცია, შეუძლიათ ადვილად ამოიცნონ "კარგი" და "ცუდი" ადამიანები. ურჩევნიათ ემეგობრონ მას, ვინც ცუდი განწყობის პერიოდში იცის როგორ დაამშვიდოს, გადაიტანოს ყურადღება, ხოლო ემოციური აღმავლობის მომენტებში - აყვნენ მხიარულებასა და გართობაში. ამ ფსიქოტიპს შეუძლია იყოს უერთგულესი მეგობარი.


ასეთი მოზარდები არ ემორჩილებიან არც ავტორიტეტებს და საკუთარი თავის კონტროლიც არ შეუძლიათ. მათი რეაქციები არაპროგნოზირებადია. ერთი და იგივე საკითხზე განსხვავებულად რეაგირებენ. ზრდასრულობაში მათი ცოდნა ზედაპირული და არასისტემურია, მაგრამ სამუშაოს კარგად ასრულებენ, თუ საქმე მათთვის საინტერესოა.


13. ციკლოიდი


ხმაურიანი, მოუსვენარი ციკლოიდი სულ რაღაცის მზადებაშია. მოზარდებში თავს იჩენს განწყობის ცვლილების ფაზები, რომელთა ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე ან მეტხანს გასტანს და შემდეგ საპირისპიროთი იცვლება. ასე ცხოვრობს ციკლოიდი - ამაღლებული განწყობიდან უგუნებობამდე და პირიქით.

რეცესიის დროს უფრო რთულია ცხოვრება, მუშაობა, ურთიერთობა. ხალხმრავლობა აღიზიანებს, რისკი, თავგადასავლები, გართობა კარგავს მიმზიდველობას. ამ დროს ისინი სახლში ჯდომას ამჯობინებენ და მაქსიმალურად ერიდებიან სხვებთან კონტაქტს. პესიმისტურ დღეებში ციკლოიდისთვის შეცდომების, უმნიშვნელო პრობლემების გადატანა ძალიან რთულია. ამ დროს უჭირთ საკუთარი თავის გაგება, საკუთარი სხეულის მიღება, ისინი იკეტებიან, არ სურთ ახლობლების დანახვა.


ისინი არ პასუხობენ ზარებს, შეტყობინებებს, თუმცა გულის სიღრმეში ეს ძალიან ადარდებთ. შენიშვნების მიმართ გულგრილნი არიან, თუმცა ასეთი ცვლილება თავადაც აშფოთებთ. ამავდროულად, მათ არ აქვთ უიმედობის განცდა, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ისევ კარგად იქნება. უბრალოდ რეცესიის პერიოდს უნდა გაუძლონ. ამგვარად, მათი ცხოვრება ციკლურია. აღმავლობის პერიოდში მხიარულები, კომუნიკაბელურები, აქტიურები არიან. სამუშაოს კარგად ასრულებენ, არ უჭირთ არაფერი. დაღმავლობის პერიოდში კი ეს ყველაფერი რთულდება და მათი უკმაყოფილებაც პიკს აღწევს.




ძირითადი ჯგუფები

აქცენტირების ტიპები

საკუთარ ხასიათზე დამოკიდებულნი

ჰიპერტიმი, ციკლოიდი, ლაბილური

შფოთის მაღალი დონე

მგრძნობიარე, ასტენიკი, პარანოიდი, ფსიქასტენოიდი

საკუთარ თავზე ორიენტირებულნი

შიზოიდი, ისტეროიდი, ეპილეპტოიდი, ჰიპოტიმი

მასაზე ორიენტირებულნი

კონფორმული, არამდგრადი


ქვემოთ მოცემულია თითოეული ფსიქოტიპის ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეები და აღზრდის მეთოდები:





Letterato Logo
bottom of page