კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთ კლასზე სიტუაციური ანალიზის პროცესში ვიყავით, როდესაც ერთმა მოსწავლემ ასეთი რამ გვითხრა: „ამ სიტუაციაში მნიშვნელობა არ აქვს რაა სიმართლე, მთავარია მეგობარს არ ვუღალატო, თუნდაც ის ცდებოდეს, იმიტომ რომ ჩემი მეგობარია. ამიტომაც მას ყოველთვის გავამართლებ და დავიცავ. ერთგულების გარეშე სიმართლეს რა ფასი აქვს?“ ოპონენტმა გუნდმა გადაწყვეტილება სიმართლის სასარგებლოდ მიიღო, რაზეც ასეთი პასუხი გაგვცა: „რა ფასი აქვს ერთგულებას სიმართლის გარეშე? თუ სიმართლესა და ერთგულებას შორის მეორეს ირჩევ, მაშინ ეს ერთგულებაც არაა მართალი. ამ ერთგულებას კეთილსინდისიერება აკლია“. ქეისი ერთი შეხედვით მარტივი პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა, რომლის გარჩევაც სწრაფად გადაიქცა ფილოსოფიურ დისკურსად, რომლის შედეგადაც ორივე მხარე მიხვდა, რომ არის საკითხები, რომელზეც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხების მიღება რთულია.
გარემოში, სადაც ძალიან ხშირად მისაღები და მიუღებელი დიდი ხნის დახარისხებული და დაკანონებულია, სადაც შეკითხვების დასმა უგუნურებად და ღალატადაც კი ითვლება, ხოლო ყველა კითხვაზე მზა პასუხი არსებობს, შეუძლებელ
ია განვითარება. მნიშვნელოვანია არსებობდეს სივრცეები, სადაც სამყარო შავად და თეთრად არ არის დაყოფილი. ასეთი სივრცე კი პირველ რიგში ადამიანის გონებაში უნდა იყოს, რომლის შექმნისთვის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი იარაღია. ინტელექტუალური გამბედაობის წყალობით ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, სიმართლისთვის თვალის გასწორებას და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური განწყობების პირობებში იდეების არგუმენტირებულ ანალიზს ახერხებს. ხოლო ინტელექტუალური ემპათიის წყალობით - განსხვავებული აზრის და მისი ავტორის პატივისცემას, მისი იდეის არგუმენტირებულად მიღებას ან უარყოფას.
ბავშვებმა ნამდვილად სწორად დაინახეს: ცხოვრებისეული რეალობა ადამიანებს ხშირად რთული არჩევანის წინაშე გვაყენებს - მძიმე არჩევანისა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს შორის. სიმართლე და ერთგულება სწორედ ასეთი ღირებულებებია. ორივე უმაღლესი მნიშვნელობის მქონე ცნებებია, რომლებიც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს. თუმცა, არის სიტუაციები, არჩევანის გაკეთება სწორედ ერთ-ერთის სასარგებლოდ რომ გვიწევს. სიმართლე ერთი შეხედვით თითქოს უფრო რაციონალურობის მატარებელია, ერთგულება - უფრო ემოციური. სიმართლის მიმართ სწრაფვა და მისი წახალისება ალბათ უფრო ინდივიდუალისტური კულტურებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო ერთგულების მიმართ - უფრო კოლექტიური კულტურებისთვის, იქ, სადაც მიკუთვნებულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სიმართლეს ფაქტების სინთეზი და ანალიზი, და შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ობიექტური ხედვა ესაჭიროება. თითქოს მარტივია, რომ ღამე ბნელია, ხოლო მეფე შიშველი. მაგრამ ხშირად თავადვე წარმოსახვაში ვიქმნით ილუზორულ სამოსს, რომლითაც მეფეს ვმოსავთ, რადგან იგი „ჩვენი მეფეა“. ის მეფე, რომელმაც „ამდენი კარგი გაგვიკეთა“ და „ვერ გავწირავთ“. რატომ შეიძლება იყოს სიმართლე მნიშვნელოვანი? სიმართლე სწორედ ის ერთადერთი იარაღია, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია პრობლემა გადაჭრას. მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, თუკი ექიმმა არ იცის პაციენტის დიაგნოზი, ის მის მკურნალობას ვერ შეძლებს. თუკი მეწარმემ არ იცის, რატომ არ იყიდება მისი პროდუქცია, ის ვერ შეძლებს გაყიდვების გაზრდას. ადამიანის ცხოვრება კი სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება და უმნიშვნელო თუ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა. სწორედ ეს გამოწვევები და პრობლემები განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელსაც ათასობით ვიღებთ დღის განმავლობაში: ბევრ ძალზე ელემენტარულს, ხოლო ზოგს - უკიდურესად მნიშვნელოვანს. მიუხედავად ამისა, ნათქვამი სიმართლე, რომელიც ძველი იგავისა არ იყოს, თითქმის ყოველთვის მახინჯია, ხშირად ნეგატიური მოვლენაა, ხოლო მისი მთქმელი - მტერი. მაგრამ, თუკი „მტერი“ გაწოდებს პრაქტიკულად ერთადერთ იარაღს პრობლემის გადაჭრისთვის, მაშინ მას შენთვის ყველაზე ძვირფასი მოუცია და რატომ არ უნდა დაიცვა პრინციპი, რომლის დაცვისკენაც ქრისტიანობა მოგიწოდებს: „გიყვარდეს მტერი შენი“, ხოლო თუკი ამ სიმართლეს „მოყვასი“ გაწოდებს, ის ხომ მით უმეტეს უნდა გიყვარდეს და გიყვარდეს?
თავის მხრივ, ერთგულება ის ღირსებაა, რომელიც ადამიანის მადლიერების, თანაგრძნობის და გვერდში დგომის უნარს განაპირობებს. როგორც ერთმა ჩვენმა მოსწავლემ დაახასიათა: „ერთგული ადამიანი გასაჭირში არ მიგატოვებს, ყოველთვის შენს მხარეს იქნება, თუნდაც ტყუოდე, და ყოველთვის დაგიცავს, თუნდაც შენი საქციელი გაუმართლებელი იყოს“. თუკი ერთგულება პირადი კეთილდღეობის ელემენტს არ შეიცავს და უანგაროა, იგი სიყვარულითაა ნაკარნახევი. და განა შეიძლება მასზე მაღლა რაიმე დავაყენოთ? ადამიანები ერთგულების წყალობით ერთმანეთისთვის საყრდენნი ხდებიან და ვიცით, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია. ნამდვილად, ერთგულებაში სიყვარულის ელემენტის დანახვა უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლეში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთგულების მოტივი არ შეიძლება სხვა რამ იყოს. თუკი ერთგულება ერთი ადამიანისდამი მეორე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, მაშინ ის, როგორც ღირებულება უფასურდება. კარგად ვიცით, რომ როგორც სიმართლის, ასევე ერთგულების სახელით ადამიანმა შესაძლოა გასაოცრად დესტრუქციული ნაბიჯები გადადგას, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც.
მაშ სად არის გამოსავალი? რა არის სწორი და არასწორი? კრიტიკული აზროვნების ფუნდამენტური პრინციპები გვეუბნება, რომ გამოსავალი გაცნობიერებულ არჩევანშია: კონტექსტის, ინფორმაციისა და გარემოს ანალიზში, თვითდაკვირვებასა და ინტროსპექციაში, რწმენებისა და ფაქტების გარჩევაში; იმ პრინციპების დაცვაში, რომ ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება, და უმთავრესია იგი საკუთარ თავთან იყოს მართალი.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მესამე პირებისგან მუდმივად სიმართლის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ითხოვს, რთულია ხელაღებით ითქვას, პიროვნულ დონეზე სიმართლის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი უფრო მისაღებია თუ ერთგულებისა. ალბათ ამიტომაც გვეუბნება ქრისტიანობა, ნუ განიკითხავთო. ერთი რამ კი ცხადია, როდესაც სიმართლის წახალისება ხდება, როგორც წესი, იგებს მთლიანად საზოგადოება, ხოლო როდესაც ერთგულებისა - იგებს ადამიანთა ჯგუფი. ეს კი უკვე სულ სხვა ბლოგის თემაა.
Comments