top of page

ratom kritikuli azrovneba: ekonomikuri unarebi?

რატომ უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა ეკონომიკური უნარების კურსზე?


განათლება ეს არაა მხოლოდ ფაქტებისა და მოვლენების აღნუსხული სია ადამიანის გონებაში, უკვე შეფასებული და განსაზღვრული იარლიყებით; განათლება პირველ რიგში საკუთარი ცოდნის დასაზღვრულობის, სამყაროს პირობითობის ცოდნაა, მრავალფეროვნების აღიარებაა და მას სწორედ კრიტიკული აზროვნება ხდის ქმედითად, იმ ინსტრუმენტად აქცევს, რომელიც ადამიანს ეხმარება გზა გაიკვლიოს ცხოვრებისეულ წყვდიადში, თვალი გაუსწოროს რეალობას და შეძლებისდაგვარად სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ამ მხრივ ეკონომიკა და ეკონომიკური უნარები უმნიშვნელოვანესია. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ის სფეროა, სადაც კრიტიკული აზროვნება ყველაზე მეტად იხსნება და თვალსაჩინო ხდება. ეკონომიკის ცოდნა და ეკონომიკური უნარები ადამიანს ეხმარება შეიცნოს სამყარო მის გარშემო, გაიგოს, თუ როგორ ფუნქციონირებენ ადამიანები, ბიზნესები, ბაზრები, სახელმწიფო ინსტიტუტები, და შეძლოს ლოგიკის დანახვა ამ ერთი შეხედვით ქაოსში. კურსი „კრიტიკული აზროვნება: ეკონომიკური უნარები“ კი საშუალებას აძლევს მოზარდს, დიდ სურათში დაინახოს მიმდინარე მოვლენები, გაარჩიოს სწორი გადაწყვეტილებები არასწორისგან და ის, თუ რამდენი გზა არსებობს პრობლემის გადასაჭრელად.

სამწუხაროდ, ეკონომიკური უნარები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. არადა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ქვეყნის წინსვლა, პატრიოტიზმი, მოქალაქეობრივი ვალდებულებები და ადამიანთა კეთილდღეობა მეტწილად ეკონომიკურ საკითხებში რეალიზდება. მეტიც, სწორედ ეკონომიკური გარემოა ის, რაც უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად - საზოგადოებასა და სოციუმზე. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა კი სამწუხაროდ, არ იცნობს ეკონომიკის საბაზისო საკითხებს, უჭირს იქ მიმდინარე მოვლენათა ანალიზი და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მასსა და მის ოჯახზეც უარყოფითად აისახება.

სწორედ ამიტომ, ლეტერატოს ეკონომიკური უნარების კურსი ცდილობს ახალგაზრდებს ფუნდამენტური ცოდნა მიაწოდოს გარემოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე და აღზარდოს თაობა, რომელიც მომავალში პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ ქმედებებზე და კრიტიკული აზროვნების წყალობით შეძლებს სწორად შეაფასოს მის გარშემო მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები.

კურსის „კრიტიკული აზროვნება: ეკონომიკური უნარები“ მანძილზე მოსწავლეები გაეცნობიან ძირითად პოლიტიკურ იდეოლოგიებს და ეკონომიკურ თეორიებს, რისი ცოდნაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაიაზრონ როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი არჩევანი.პროგრამის მიზანია განუვითაროს უფროსკლასელებს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ გარემოს ანალიზს გაუადვილებს და მოამზადებს რეალური ცხოვრებისათვის.


პარალელურად, ის მოსწავლეები, ვინც დაინტერესებულნი არიან დაეუფლონ ეკონომისტის პროფესიას, ისწავლონ ბიზნეს-ადმინისტრირება, აირჩიონ უმაღლესი განათლების სფეროდ პოლიტოლოგია ან თავისუფალი მეცნიერებები, ეს კურსი სამომავლო განვითარებისთვის მყარ საფუძველს შეუქმნის. პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები აგრეთვე დაეუფლებიან ბიზნესის საფუძვლებს, რათა იცოდნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს ის და შეძლონ მომავალში სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ. პროგრამა ინტერაქტიულია და მოიცავს როგორც უშუალოდ პროექტებზე მუშაობას, ასევე პრაქტიკულ ვიზიტებს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

მოზარდები გაეცნობიან არა მარტო ეკონომიკის არსსა და მნიშვნელობას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მის მოწყობას ეკონომიკის ჭრილში და ეკონომიკის ძირითად მოთამაშეებს. ისინი შეძლებენ გაერკვიონ, თუ რა არის ფული და მისი ღირებულება დროში, დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი და სამომავლო ინვესტიციები, მოახდინონ იდეის კომერციალიზაცია და დაეუფლონ ინოვაციურ აზროვნებას.


ამგვარად, პროგრამა მრავლისმომცველია და ახალგაზრდებს მისცემს იმ ცოდნასა და უნარებს, რაც არა მარტო პროფესიულად, არამედ ცხოვრებისეულადაც გამოადგებათ. კურსის გავლის შემდეგ მოზარდები მიხვდებიან, რა ფუნქცია აქვს საბანკო-საფინანსო სისტემას და არ ექნებათ მის მიმართ წინასწარვე მტრული განწყობა, გაიაზრებენ, თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი და რატომ აისახება მისი ქმედებები თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. შეძლებენ სახელმწიფო დაწესებულებების ნაბიჯებისა და ძირითადი რეგულაციების ანალიზს, კერძო სექტორის მნიშვნელობის გააზრებას სხვადასხვა იდეოლოგიათა ჭრილში და ობიექტური დასკვნების გამოტანას ყველა ამ საკითხზე.

გვჯერა, რომ ამ კურსის გავლის შემდეგ მოზარდები ზრდასრულობისას შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში და თავადაც უკეთ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება.

Comentarios


Lett Square.png
bottom of page