top of page

ganmanaTleblobis daisi


თანამედროვე ეპოქის გაანალიზების მცდელობისას შეუძლებელია ტექნოლოგიების როლს გვერდი აუარო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის როლი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება თანამედროვეობის ნაწილი და ნელ-ნელა ცვლის ჩვენს რეალობას. ამ ორი დღის უკან, სრულიად შემთხვევით, სულ სხვა საკითხის ძიებისას კისინჯერის ძალზე საინტერესო სტატიას გადავაწყდი, რომელშიც იგი ფართოდ მიმოიხილავს დღევანდელი კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებს. აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მეტრი, რამდენიმე მთავრობის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და, ზოგადად, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა, ჰენრი კისინჯერი ჩემს წარდგენას ნამდვილად არ საჭიროებს. საყურადღებო ისაა, რომ იგი წერს იმ შესაძლებლობებზე და საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი საუკუნის და მომავლის გააზრებისას ძალზე მნიშვნელოვანია - ხელოვნურ ინტელექტზე - და რომელსაც, რომ არა ეს მნიშვნელოვნება, იგი არც ერთ სხვა შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევდა. სტატია საკმაოდ ახალია, თუმცა, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელზეც სიამოვნებით ვიკამათებდი მასთან. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი იმ ადამიანის დაწერილია, რომელმაც მრავალი წელი იმუშავა უსაფრთხოების საკითხებზე, ეს კი ძალაუნებურად ადამიანში გარკვეულ სკეპტიციზმს აყალიბებს. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სტატია საკმაოდ ვრცელია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობა ხარისხს არ აზარალებს. ეს არის არაჩვეულებრივი საკითხავი, რომელიც ვთარგმნე მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ რა ტიპის მასშტაბური დისკურსი მიმდინარეობს კაცობრიობის მომავლისა და ახალი ცივილიზაციის გზაგასაყარის შესახებ, ან თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენს თავს დავუსვათ ის შეკითხვები, რომელსაც კისინჯერი გვთავაზობს, და კიდევ ერთხელ გავიაზროთ და გადავაფასოთ კაცობრიობის როლი, ისტორია და ის მონაპოვარი, რომელიც ადამიანებად გვაქცევს.

თ. რ.

როგორ დასრულდება განმანათლებლობა

ჰენრი ა. კისინჯერი


ფილოსოფიურად, ინტელექტუალურად - ყველანაირად - კაცობრიობა არ არის მზად ხელოვნური ინტელექტის აღზევებისთვის.


სამი წლის წინ ტრანსატლანტიკური საკითხებისდამი მიძღვნილი კონფერენციის დღის წესრიგში ხელოვნური ინტელექტის თემა შევამჩნიე. ის იყო ამ სესიის გამოტოვებას ვაპირებდი - თემა ჩემს ჩვეულ საზრუნავს მიღმა იყო - რომ პრეზენტაციის დასაწყისმა ადგილს მიმაჯაჭვა.


გამომსვლელი აღწერდა კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც თამაშის „Go” საერთაშორისო ჩემპიონებს გაუწევდა მეტოქეობას. იმან, რომ კომპიუტერს შეეძლო ასეთი თამაშის ასეთ დონეზე დასწავლა, გამაოცა. ეს ხომ ჭადრაკზე ბევრად რთული თამაშია. მასში თითოეული მოთამაშე 180 ან 181 (გააჩნია, რომელ ფერს აირჩევს ის) ფიგურას მონაცვლეობით განათავსებს ცარიელ დაფაზე. გამარჯვებულია ის, ვინც უკეთეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ტერიტორიის ეფექტური კონტროლის გზით ოპონენტს არ მისცემს გასაქანს.


გამომსვლელი ამტკიცებდა, რომ ამ უნარის წინასწარ დაპროგრამება არ მომხდარა. მისი მანქანა, როგორც მან თქვა, ამ თამაშში საკუთარი პრაქტიკის გზით დახელოვნდა. „Go”-ს საბაზისო წესების გათვალისწინებით კომპიუტერმა აურაცხელი პარტია ითამაშა საკუთარ თავთან, რამაც საშუალება მისცა საკუთარ შეცდომებზე ესწავლა და შესაბამისად, გაეუმჯობესებინა საკუთარი ალგორითმებიც. ამ პროცესში მან უნარებით ადამიანებს - მის მენტორებს - აჯობა. და მართლაც, ამ გამოსვლიდან რამდენიმე თვეში, ხელოვნური ინტელექტის პროგრამას სახელად AlphaGo თავისუფლად შეეძლო მსოფლიოს უდიდესი მოთამაშეების დამარცხება.


ვუსმენდი გამომსვლელს, რომელიც აღფრთოვანებით აღნიშნავდა ამ ტექნიკურ პროგრესს და ვიგრძენი, როგორ იჩინა თავი ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის გამოცდილებამ. რა იქნება თვითნასწავლი მანქანების ზეგავლენა ისტორიაზე? იმ მანქანებისა, რომელთაც ცოდნა საკუთარ თავში მიმდინარე პროცესების წყალობით შეიძინეს და იგი გამოიყენეს ისე, რომ ადამიანის გონებას მისი კატეგორიზება არ ძალუძს? ისწავლიან თუ არა ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას? როგორ მოხდება შესაძლო ვარიანტებს შორის არჩევნის გაკეთება? შესაძლებელია, რომ კაცობრიობის ისტორიამ ინკების ბედი გაიზიაროს, რომელთათვისაც ესპანური კულტურა გონებისთვის მიუწვდომელი და შოკისმომგვრელად შთამბეჭდავი იყო? ვართ თუ არა კაცობრიობის ისტორიის ახალი ეტაპის საზღვარზე?


ვიცოდი რა, რომ ამ საკითხში ჩემი ტექნიკური კომპეტენცია ნამდვილად არასაკმარისი გახლდათ, ამ თემაზე არაერთი არაფორმალური დიალოგი გავმართე ჩემს ნაცნობებთან ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული წრეებიდან. ამ დისკუსიებმა ჩემი შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.


აქამდე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლა, რომელმაც ყველაზე მეტად შეცვალა თანამედროვე ისტორიის გეზი, მე-15 საუკუნეში საბეჭდი დანადგარის გამოგონება იყო, რომელმაც კაცობრიობას საშუალება მისცა დაწაფებოდა ემპირიულ ცოდნას ლიტურგიული დოქტრინის საპირისპიროდ, და გონისმიერმა ეპოქამ ნელ-ნელა გადაწონა რელიგიური ეპოქა. ინდივიდუალურმა შემეცნებამ და მეცნიერულმა ცოდნამ ჩაანაცვლა რწმენა, როგორც ადამიანის ცნობიერების პრინციპული საზომი. დაიწყო ინფორმაციის შენახვა და სისტემატიზაცია სულ უფრო მზარდ ბიბლიოთეკებში. გონისმიერმა ეპოქამ შვა ის იდეები და ქმედებები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მსოფლიო წესრიგს. მაგრამ ეს წესრიგი ახლა ახალ, უფრო ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური რევოლუციის ფონზე მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც არ შეგვიძლია ბოლომდე გავაცნობიეროთ, და რომლის კულმინაციაც შესაძლოა იყოს მსოფლიო, რომელიც მონაცემებისა და ალგორითმების მიერ გამართულ მანქანებს ეყრდობა და არა ეთიკის ან ფილოსოფიურ ნორმებს.


ინტერნეტის ეპოქა, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ, ჩვენს წინაშე გარკვეულ კითხვებსა და საკითხებს წამოჭრის, და ხელოვნური ინტელექტის ფონზე ეს კითხვები კიდევ უფრო მწვავეა. განმანათლებლობა ცდილობდა ტრადიციული რწმენები და იდეები თავისუფალ, ანალიტიკურ აზროვნებას დაექვემდებარებინა. ინტერნეტის ამოცანაა ცოდნის გამყარება მუდმივად მზარდი მონაცემების აკუმულირებისა და მანიპულირების გზით. ადამიანის შემეცნებითი უნარები პერსონალურ ხასიათს კარგავს. ინდივიდები მონაცემებად გარდაიქმნებიან, ხოლო დღეს მონაცემები ბატონობენ.


ინტერნეტის ტიპური მომხმარებლები ინფორმაციის ამოღებასა და მისით მანიპულირებას ამჯობინებენ, ვიდრე ამ ინფორმაციის მნიშვნელობის კონტექსტუალიზაციასა და კონცეპტუალიზაციას. ისინი იშვიათად ეკითხებიან ისტორიას ან ფილოსოფიას. როგორც წესი, ისინი მოითხოვენ ინფორმაციას, რომელიც შესაბამისია მათი იმწუთიერი პრაქტიკული საჭიროებისა. ამ პროცესში, საძიებო სისტემის ალგორითმები იძენენ უნარს, ამოიცნონ ინდივიდუალური კლიენტის გემოვნება და პრეფერენციები, რაც ამ ალგორითმებს საშუალებას აძლევს, მოახდინოს შედეგების პერსონალიზაცია და მიაწოდოს სხვა პირებს პოლიტიკური ან კომერციული მიზნებისთვის. ჭეშმარიტება ფარდობითი ხდება. ინფორმაცია წალეკვით ემუქრება სიბრძნეს.


სოციალური მედიის წყალობით მრავალთა შეხედულებებებით დახუნძლული მომხმარებლები ინტროსპექციას ვეღარ ახერხებენ. სინამდვილეში ხომ ბევრი ტექნოფილი ინტერნეტს სწორედ იმისთვის იყენებს, რომ გაექცეს მისთვის ასე შემზარავ მარტოობას. ყველა ეს წნეხი ასუსტებს გამბედაობასა და მდგრადობას, რომელიც აუცილებელია საკუთარი მყარი რწმენების ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად. ეს რწმენები ხომ მხოლოდ და მხოლოდ მარტოობაში იწრთობა, იმ გზაზე, რომელიც მხოლოდ მარტომ უნდა განვლო, და რაც, საბოლოო ჯამში, შემოქმედებითობის საფუძველია.


ინტერნეტ-ტექნოლოგიების ზეგავლენა პოლიტიკაზე დღეს განსაკუთრებით ხმამაღლა გამოითქმის. მიკრო-ჯგუფების ძალზე ადვილად ხელმისაწვდომობამ და მიზანში ამოღებამ დარღვია კონსენსუსი პრიორიტეტების შესახებ და დაუშვა აქცენტების დასმა სპეციფიკურ მიზნებზე ან ვიწრო ჯგუფების სატკივარზე. პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც თავზე აყრიათ ასეთი საკითხები და განიცდიან ე.წ. ნიშურ წნეხს, წაართვეს დრო, იაზროვნონ და იფიქრონ კონტექსტის შესაბამისად. ამ ყველაფერმა დაიკავა მათი ის სივრცე, რომელიც ხედვის ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.


ციფრული სამყაროს სისწრაფე ხელს უშლის რეფლექციას. ის გააზრებულზე მეტად რადიკალურს ამჯობინებს, მისი ღირებულებები ქვეჯგუფების კონსესუსით ყალიბდება და არა ინტროსპექციით. მიუხედავად მისი ყველა მიღწევისა, იგი თავისთავში შეიცავს რისკს, საკუთარ თავსვე დაუპირისპირდეს, როდესაც მის მიერ თავსმოხვევეული ვალდებულებები გადააჭარბებს კომფორტს.


როდესაც ინტერნეტმა და გაზრდილმა გამოთვლითმა შესაძლებლობებმა გაამარტივა დიდი მოცულობის მონაცემების აკუმულირება და გაანალიზება, ადამიანის წინაშე უპრეცენდენტო პერსპექტივები გადაიშალა. სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროექტია - ტექნოლოგია, რომელსაც ძალუძს გამოგონება და რთული, ცალსახად აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრა იმ პროცესებით, რომელიც ადამიანის გონების რეპლიკაციას წარმოადგენს.

ეს გაცილებით აღემატება იმ ავტომატიზაციას, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით. ავტომატიზაცია შეეხება საშუალებებს. ის წინასწარ განსაზღვრულ ამოცანებს ინსტრუმენტების რაციონალიზაციის ან მექანიზაციის გზით აღწევს. ხელოვნური ინტელექტი კი, ამისგან განსხვევებით, შეეხება საბოლოო შედეგს. ის საკუთარ ამოცანებს თავად ისახავს. იმდენად, რამდენადაც მისი მიღწევები გარკვეულწილად მის მიერვეა დასახული, ხელოვნური ინტელექტი არსებითად არასტაბილურია. ხელოვნური ინტელექტის სისტემები სწორედ მათი ოპერაციების წყალობით მუდმივ დინებაში იმყოფება, რადგან მუდმივად იძენს და მაშინათვე აანალიზებს ახალ მონაცემებს, შემდეგ კი ამ ანალიზის საფუძველზე ეძებს გზებს საკუთარი გაუმჯობესებისთვის. ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტი გამოიმუშავებს ისეთ უნარს, რომელიც მხოლოდ კაცობრიობის პრივილეგია გვეგონა. ის აკეთებს სტრატეგიულ დასკვნებს მომავლის შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი ეფუძნება მონაცემებს, რომელიც კოდის სახით აქვს ჩადებული (მაგალითად, თამაშის წესები), ხოლო ზოგიერთი - იმ მონაცემებს, რომელსაც ის თავისით აგროვებს (მაგალითად, 1 მილიონი პარტიის გათამაშების გზით).


ავტომატურად მართვადი ავტომობილი კარგი საილუსტრაციო მაგალითია, რათა დავინახოთ განსხვავება ტრადიციულ, ადამიანის მიერ კონტროლირებად, პროგრამული უზრუნველყოფის მქონე კომპიუტერსა და იმ სამყაროს შორის, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ორიენტირებს. მანქანის მართვას ესაჭიროება გადაწყვეტილებები სხვადასხვა სიტუაციებისთვის, რომელთა წინასწარ ამოცნობაც, და შესაბამისად, დაპროგრამებაც შეუძლებელია. რა შეიძლება მოხდეს, ცნობილი ჰიპოთეტური მაგალითის მოშველიებით, თუკი გარემოებათა მიზეზით ავტომობილს მოუწევს აირჩიოს ბაბუასა და შვილიშვილის სიცოცხლეს შორის? რომელს აირჩევდა ის? რატომ? არსებულ ვარიანტებს შორის რომელი ფაქტორების ოპტიმიზაციას შეეცდებოდა ის? შეძლებდა თუ არა საკუთარი ლოგიკის ახსნას? ასეთ შემთხევაში სარწმუნო პასუხი, თუკი მას კომუნიკაციის საშუალება ექნებოდა, სავარაუდოდ იქნებოდა „არ ვიცი (რადგან მე მათემატიკურ პრინციპებს მივსდევ, და არა ადამიანურს“, ან „შენ ვერ გაიგებ (რადგან მე მასწავლეს გარკვეული პრინციპით ქმედება, მაგრამ არა მისი ახსნა“). მიუხედავად ამისა, ავტომატურად მართვადი მანქანები შემდგომი ათი წლის მანძილზე ჩვენს სატრანსპორტო გზებზე უმრავლესობაში იქნება.


აქამდე მხოლოდ სპეციფიკური დანიშნულების მქონე და გარკვეულ სფეროებში გამოყენებადი ხელოვნური ინტელექტის კვლევები ახლა მომართულია „ზოგადად გონიერი“ ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ, რომელიც სხვადასხვა სფეროებში შეძლებს დავალებების შესრულებას. ადამიანის საქმიანობის მზარდი პროცენტი დროის გაზომვად პერიოდში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით ჩანაცვლდება. მაგრამ, ეს ალგორითმები, რომელიც დაკვირვებადი მონაცემების მათემატიკურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, ვერ ხსნის იმ ფონურ რეალობას, რომელიც მათ წარმოშობს. პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო გამჭვირალე გახდება სამყარო, მით ამოუცნობი იქნება ის.

რა განასხვავებს ახალ მსოფლიოს იმისგან, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით? როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ მასში? როგორ შევძლებთ ხელოვნური ინტელექტის მართვას, მის გაუმჯობესებას, ან, სულ ცოტა, ზიანის მოტანისგან დაცვას მაინც, რომლის კულმინაციაც ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი შეიძლება იყოს: რომ ხელოვნური ინტელექტი, გარკვეულ კომპეტენციებში ადამიანზე სწრაფად და ღრმად დახელოვნების შემდეგ, გააბათილებს ადამიანის კომპეტენციებს და თავად ადამიანის პოზიციებს, როდესაც ის მას მონაცემებად გარდაქმნის.


ხელოვნური ინტელექტი დროთა განმავლობაში აუცილებლად მოიტანს განსაკუთრებულ სარგებელს მედიცინაში, ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაში, ეკოლოგიის საკითხებსა და ბევრ სხვა სფეროში. მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს დასკვნებს აღმოცენებად, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველ მომავალზე, გაურკვევლობა და ბუნდოვანება არსებითად იქნება მის შედეგებში. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენთვის დასაფიქრებელ სამ მიმართულებას:



პირველი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მოგვიტანოს არასასურველი შედეგები. სამეცნიერო ფანტასტიკას აქვს წარმოდგენილი სცენარები, სადაც ხელოვნური ინტელექტი საკუთარ შემოქმედსვე უპირისპირდება. ყველაზე მეტად მოსალოდნელია, ხელოვნურმა ინტელექტმა არასწორად მოახდინოს ადამიანის ინსტრუქციის ინტერპრეტირება კონტექსტის უქონლობის გამო. ამის ცნობილი მაგალითი ახლახანს გვქონდა - ხელოვნური ინტელექტი ჩატბოტი ტაი, რომელიც 19 წლის გოგონას სასაუბრო ლექსიკით იქნა შექმნილი მეგობრული დიალოგის საწარმოებლად. მაგრამ მანქანამ ვერ შეძლო ინსტრუქტორების მიერ ჩატვირთული „მეგობრული“ და „ლოგიკური“ ენის იმპერატივების განსაზღვრა და ამის ნაცვლად მოგვცა რასისტული, სექსისტური და მსგავსი არაკორექტული პასუხები. ზოგიერთი ტექნოლოგიური სამყაროდან დაიჩემებს, რომ ექსპერიმენტი ცუდად ჩაფიქრებული და აღსრულებული იყო, მაგრამ ის ახდენს ზემოთნახსენები ბუნდოვანების საუკეთესო ილუსტრირებას: რა დონემდე შესაძლებელია დავაჯილდოვოთ ხელოვნური ინტელექტი უნარით, აღიქვას კონტექსტი, რომელიც მისი ინსტრუქციის ინფორმირებას ახდენს? რა მედიუმი უნდა დახმარებოდა ტაის განესაზღვრა საკუთარი თავისთვის სიტყვა შეურაცხმყოფელი - სიტყვა, რომლის მნიშვნელობაზეც ადამიანებს არ შეუძლიათ საერთო, ერთმნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიონ? შეგვიძლია თუ არა ჩვენ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ და ჩავასწოროთ ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელიც ქმედებს ჩვენი მოლოდინების სივრცის მიღმა? ან შეძლებს თუ არა იგი საკუთარ თავში, გარე ჩარევის გარეშე, შეუქცევადად განივითაროს გადახრები, რომელიც დროთა განმავლობაში კატასტროფული შედეგების კასკადს გამოიწვევს?


მეორე, რომ დასახული მიზნების მიღწევისას, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა შეცვალოს ადამიანის აზროვნების პროცესები და ჰუმანური ღირებულებები. ზემოთნახსენებმა ინტელექტმა დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონები უპრეცენდენტო სტრატეგიული სვლებით - სვლებით, რომელიც ადამიანებს მოფიქრებული არც კი ჰქონდათ, და, რასაკვირველია, არც მათი გადალახვის გზები ესწავლათ. აღემატება თუ არა ეს სვლები ადამიანის გონებას? ან შეძლებენ თუ არა ადამიანები მათ დასწავლას, რაკი ახლა უკვე მისი დემონსტრირება ახალმა ვირტუოზმა შეძლო?


სანამ ხელოვნური ინტელექტი “Go“-ს თამაშს დაიწყებდა, თამაშს განსხვავებული, მრავალმხრივი მიზნები ჰქონდა: მოთამაშე არა მხოლოდ მოგებას ცდილობდა, არამედ ახალი სტრატეგიების სწავლასაც, რომელიც ცხოვრების სხვა განზომილებებსაც მიესადაგებოდა. ამისგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ერთ მიზანს ცნობს: მოგებას. ის „სწავლობს“ არა კონცეპტუალურად, არამედ მათემატიკურად, თავისი ალგორითმების ზღვრული შესწორებების გზით. ასე რომ, ამ თამაშის მოგების სწავლისას, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანისგან განსხვავებულად თამაშობს, მან შეცვალა როგორც თამაშის ბუნება, ასევე მისი ზეგავლენა. ახასიათებს თუ არა ასეთი ცალმხრივი დაჟინებულობა აღმატებულობაზე ყველა სახის ხელოვნურ ინტელექტს? ხელოვნური ინტელექტის სხვა პროექტები მუშაობენ ადამიანის აზროვნების ცვლილებაზე ისეთი დანადგარების შექმნით, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის შეკითხვებს პასუხების გარკვეული რიგი გამოუნახონ. ფაქტობრივი კითხვების მიღმა („რა ტემპერატურაა გარეთ“?) კითხვები რეალობის ბუნების ან ცხოვრების აზრის შესახებ უფრო ღრმა პრობლემებს წარმოშობს. გვსურს კი, რომ ბავშვებმა ღირებულებები უკონტროლო ალგორითმებთან დისკურსის გზით შეითვისონ? უნდა დავიცვათ თუ არა იმ პირების პირადი სივრცე, რომელნიც ხელოვნური ინტელექტის გამოკითხვას აწარმოებენ, ხელოვნური ინტელექტისთვის მათი შესწავლის აკრძალვის გზით? თუ კი, მაშინ რა ხერხებით?


თუკი ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე გაცილებით სწრაფად სწავლობს, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ის ძალზე ააჩქარებს ცდისა და შეცდომის მეთოდის პროცესს, რომლის შედეგადაც ხდება ზოგადად ადამიანური გადაწყვეტილებების მიღება: დაუშვას შეცდომები უფრო სწრაფად და მასშტაბურად, ვიდრე ამას ადამიანები ახერხებენ. შესაძლოა, ამ შეცდომების დაბალანსება საერთოდ შეუძლებელი იყოს, როგორც ხელოვნური ინტელექტის მკვლევარები ხშირად აღნიშნავენ, პროგრამაში ისეთი სპეციალური ბრძანებების ჩატვირთვის გზით, რომელიც „ეთიკურ“ ან „გონივრულ“ შედეგებს მოითხოვს. მთელი რიგი აკადემიური დისციპლინებისა წარმოიშვა სწორედ იქიდან, რომ კაცობრიობა უძლური აღმოჩნდა შეთანხმებულიყო ამ ტერმინების მნიშვნელობაზე. ამიტომაც, ხომ ნიშნავს ეს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ საკითხში შეიძლება გახდეს კაცობრიობის არბიტრი?


მესამე - რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მიაღწიოს დასახულ მიზნებს, მაგრამ ვერ შეძლოს მისი დასკვნების უკან მდგარი ლოგიკის განმარტება. კონკრეტულ სფეროებში - ტენდენციის ამოცნობა, მოცულობითი ინფორმაციის ანალიზი, თამაშები - ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები შეიძლება უკვე აღემატება კიდეც ადამიანურს. თუკი მისი გამოთვლითი სიმძლავრე სწრაფად განვითარდა, ხელოვნური ინტელექტი მალე შეძლებს სიტუაციების ისეთ ოპტიმიზაციას, რომელიც სულ მცირე ზღვრულად განსხვავებულია, და ალბათ მნიშვნელოვნად განსხვავებულიც იმისგან, როგორც ამას ადამიანი მოახერხებდა. მაგრამ ამ მომენტში შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანისათვის გასაგები გზით ახსნას, რატომ არის მისი ქმედება ოპტიმალური? და თუ გადაწყვეტილების მიღება გადალახავს ადამიანის ენისა და გონების შესაძლებლობების ზღვარს? კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ცივილიზაციები ქმნიდნენ სამყაროს ახსნის ხერხებს - შუა საუკუნეებში - რელიგია; განმანათლებლობის ეპოქაში - ლოგიკა; მე-19 საუკუნეში - ისტორია; მე-20 საუკუნეში - იდეოლოგია. ყველაზე რთული, თუმცაღა მნიშვნელოვანი კითხვა იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ახლა შევდივართ, ესაა: რა დარჩება ადამიანის ცნობიერებისგან თუკი მის ახსნის უნარს ხელოვნური ინტელექტისა გადააჭარბებს, და საზოგადოებები ვერ შეძლებენ იმ სამყაროს განმარტებას, რომელშიც ცხოვრობენ, მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით?


როგორ მოხდება ცნობიერების განსაზღვრა მანქანების სამყაროში, რომელნიც ადამიანის გამოცდილებას მათემატიკურ მონაცემებამდე დაიყვანენ? ვინ არის ხელოვნური ინტელექტის ქმედებებზე პასუხისმგებელი? როგორ უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობა მათ შეცდომებზე? შეძლებს თუ არა ადამიანების მიერ შექმნილი სამართლებრივი სისტემა ფეხი აუწყოს ხელოვნური ინტელექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ხელოვნური ინტელექტისა, რომელსაც შეუძლია გადააჭარბოს ადამიანის აზროვნებასა და მის მანევრირებას?


საბოლოო ჯამში, ტერმინი ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა არასწორი სახელდება იყოს. რომ ვიცოდეთ, ამ მანქანებს ძალუძთ რთული, აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრა, რომელიც მანამდე მხოლოდ კაცობრიობის პრივილეგიას წარმოადგენდა. მაგრამ რაც მათ შეუძლიათ უნიკალურად გააკეთონ აზროვნება როდია, როგორც ეს აქამდე იყო ჩაფიქრებული და გამოცდილებაში გატარებული. არამედ უპრეცენდენტო დამახსოვრებისა და გამოთვლის უნარი. ამ სფეროებში ასეთი არსებითი უპირატესობის გამო, როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ნებისმიერი თამაშის მოგებას, რომელსაც მას მისცემენ. მაგრამ ჩვენი - ადამიანური მიზნებისთვის, თამაშები მხოლოდ მოსაგებად არ არსებობს. ისინი აზროვნებისთვისაც არსებობს. თუკი მათემატიკურ პროცესს მოვეპყრობით ისე, თითქოს ის აზროვნების პროცესი იყოს, და ან ჩვენ თვითონ მივბაძავთ ამ პროცესს, ან მისაღებად მივიჩნევთ მის შედეგს, ჩვენ ვდგებით საფრთხის წინაშე დავკარგოთ ის უნიკალურობა, რაც ადამიანის ცნობიერების არსს წარმოადგენს.

ამ ევოლუციის შედეგები ნათლად ჩანს ახლახანს შექმნილი პროგრამის მაგალითზე AlphaZero, რომელიც ნებისმიერ გროსმაისტერზე უკეთ თამაშობს ჭადრაკს იმ სტილში, რომელიც ჭადრაკის ისტორიას აქამდე არ უნახავს. თავისით, საკუთარ თავთან რამდენიმესაათიანი თამაშის შემდეგ, მან მიაღწია დახელოვნების იმ დონეს, რომლის მისაღწევადაც კაცობრიობას 1,500 წელი დასჭირდა. AlphaZero-ს თამაშის საბაზისო წესები მიეწოდა მხოლოდ. არც ადამიანები, არც მათ მიერ გენერირებული მონაცემები არ ყოფილა თვითშესწავლის პროცესის მონაწილე. თუკი მან ასეთ დიდოსტატობას ასე სწრაფად მიაღწია, სად იქნება ხელოვნური ინტელექტი ხუთ წელიწადში? როგორი იქნება მისი ზეგავლენა ზოგადად ადამიანების ცნობიერებაზე? როგორია ეთიკის როლი ამ პროცესში? პროცესში, რომელიც იდეაში დაჩქარებული არჩევნების რიგისგან შედგება?


როგორც წესი, ასეთი კითხვები ტექნოლოგიის სპეციალისტებისა და შესაბამისი მეცნიერული სფეროების წარმომადგენლების, ინტელიგენციის მხარეს რჩება. ფილოსოფოსები და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც კაცობრიობას დახმარება გაუწიეს მსოფლიო წესრიგის კონცეფციებისა და იდეების ფორმირებაში, ჩანს რომ არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ან ხელოვნური ინტელექტის მექანიზმების შესახებ ცოდნა აკლიათ, ან მისი შესაძლებლობებისგან დამუნჯებულნი არიან. საპირისპიროდ, სამეცნიერო წრეები იძულებულნი არიან გამოიკვლიონ მისი მიღწევების ტექნიკური შესაძლებლობები, და ტექნოლოგიური სფერო გადატვირთულია საკმაოდ მასშტაბური კომერციული პერსპექტივებით. ამ ორივე სამყაროს აქვს შესაბამისად, გაცილებით მეტი მოტივაცია გააფართოვოს აღმოჩენების საზღვრები, ვიდრე გაიაზროს და გაანალიზოს ეს აღმოჩენები. და მთავრობებიც, როგორც ჩანს, უფრო ორიენტირებული არიან ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის მიზნებით გამოყენებაზე, ვიდრე კაცობრიობის მდგომარეობისა და პირობების იმ ტრანსფორმაციის კვლევაზე, რომელიც უკვე დაწყებულია.



განმანათლებლობა დაიწყო არსობრივად ფილოსოფიური აზროვნებით, რომელიც ახალმა ტექნოლოგიებმა გაავრცელა. ჩვენი ეპოქა კი აშკარად საწინააღმდეგო მხარეს მიემართება. მან სახელმძღვანელო ფილოსოფიის ძიებაში პოტენციურად დომინანტური ტექნოლოგია შეიმუშავა. ჩვენმა ქვეყანამ ხელოვნური ინტელექტი უმთავრეს ეროვნულ პროექტად დასახა. ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ნაციას, ჯერ სისტემატურად არ აუთვისებია მისი სრული არეალი, არ შეუსწავლია მისი მოსალოდნელი შედეგები, არ დაუწყია საბოლოო დასწავლის პროცესი. სწორედ ამას უნდა მიეცეს მაღალი ეროვნული პრიორიტეტის სტატუსი, იმ გადმოსახედიდან, თუ როგორ შეესაბამება ხელოვნური ინტელექტი ჰუმანისტურ ტრადიციებს.


ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებმა, ისეთივე გამოუცდელებმა პოლიტიკასა და ფილოსოფიაში, როგორიც მე ვარ ტექნოლოგიებში, უნდა დაუსვან საკუთარ თავებს ის შეკითხვები, რომელიც მე აქ წამოვჭერი, რათა მოუძებნონ მათ პასუხები საკუთარი ინჟინერული ძალისხმევისას. აშშ მთავრობამ უნდა იფიქროს საპრეზიდენტო კომისიაზე, რომელშიც გამოჩენილი მოაზროვნეები შევლენ, რათა შეიმუშავონ ეროვნული ხედვა. ერთი რამ ცხადია: თუკი ამ მცდელობას მალევე არ ჩავუყრით საფუძველს, შორს აღარ იქნება ის დრო, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ დავაგვიანეთ.

Letterato Logo
bottom of page