bedniereba arCevania



„ბედნიერება და უმაღლესი სიკეთე - სწორედ ესაა ადამიანის მთავარი მიზანი... რადგან უმაღლესი სათნოება ბედნიერებაა და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, ხოლო მიზნის მიღწევის გზა ქმედებაშია, და სათნოება ქმედებაა, შესაბამისად, სათნოებით ცხოვრება გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ ბედნიერები და ვფლობდეთ უმაღლეს სიკეთეს“.

არისტოტელე


„სირთულე გმატებს ძალას და ბოლოს მიაღწევ ყველაზე დიდ მიზანს - ბედნიერებას“

ჩვენი მოსწავლე


ხშირად გვგონია, რომ ჩვენი შვილები უზრუნველად ცხოვრობენ ჩვენი ფრთის ქვეშ. ვაფასებთ ნიშნებით და არა ცოდნით, ვხედავთ მათ სიჯიუტეს, მაგრამ ვერ ვხედავთ მიზეზებს, რომელიც ამ სიჯიუტის მიღმა დგას, აღარ ვეფერებით, როდესაც თავიდან გვიშორებენ, მაგრამ გვავიწყდება, რამდენს ნიშნავს სინამდვილეში მათთვის ეს მოფერება, ვკიცხავთ სიზარმაცისთვის, მაგრამ არ ვეძიებით მოტივაციის ნაკლებობის მიზეზებს. ეს ყველაფერი ვიცი, რადგან მეც ასე ვარ. მაგრამ ისინი ჩვენსავით განიცდიან, ჩვენსავით აზროვნებენ, მაგრამ ჩვენზე უფრო უჭირთ, რადგან ისინი ჯერ მხოლოდ მოზარდები არიან... ჩვენს შვილებში გაცილებით საინტერესო სამყარო იმალება, რომელსაც ასე ადვილად არ აჩენენ, მალავენ, რადგან ჩვენსავით ტკივილის ეშინიათ და თუ ხანდახან ამ სამყაროს კიდეს ფარდას ხდიან, გვაბრმავებს მისი ბრწყინვალება და უკიდეგანობა.


ხანდახან ვალდებულებებით დაღლილი, სასწავლო წლის მონოტონურობით დატანჯული, უცხო ემოციების წყალობით არეული - ისინი „ლეტერატოში“ მოდიან და ამბებს ყვებიან. საკუთარ თავგადასავლებს, რომელიც დრამატულობით სერიოზულ რომანებს არ ჩამოუვარდება. ან არაფერს ყვებიან, უბრალოდ სხედან და სანამ შევეცდებით ერთად კიდევ ერთ ჯადოსნურ სამყაროში შევაბიჯოთ, მათ სახეებს მხოლოდ დაღლილობა აწერია სახელად „არა“.


„და როცა ერთი დღე მეორეს ჰგავს, ადამიანები იმ მშვენიერებას ვეღარ ამჩნევენ, რასაც ცხოვრება სთავაზობთ ხოლმე ყოველი მზის ამოსვლის შემდეგ“ - ვუკითხავ და ვჩერდები. ეზოდან ახლადგაკრეჭილი ბალახისა და იასამნის სურნელი შემოდის. რეი ბრედბერის ბაბუა მახსენდება „ბალახის კრეჭა ცხოვრების სტილად შეგიძლია აქციო, შვილო“ და დაგლას სპოლდინგის ამოძახილი „ბიჭოო! რამდენი რამე ხდება ამ სამყაროში!“ ნაწარმოებს ვახსენებ. „არის დღეები, უბრალოდ სურნელისგან რომ შედგება“... უნდა დავინახოთ! დანახვის უბედურება სტერეოტიპია. დანახვის ბედნიერება - ის ძალა, რომელიც შთაგონებით აღგვავსებს, გვეხმარება გავუმკლავდეთ პრობლემებს, შეგვაძლებინებს, ცხოვრება საინტერესო მოგზაურობად ვაქციოთ... და ოთხ კედელში გამოკეტილ მოწყენილობას ვტოვებთ. გარეთ გავდივართ და ვცდილობთ ავსახოთ, კადრში მოვამწყვდიოთ ყველაფერი ის, რაც დადებითი ემოციებით გვმუხტავს.


მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოები


ამოცანაა გავითავისოთ, რამდენი რამაა გარშემო, რომელიც გვახარებს, გვაბედნიერებს. სასწავლო წლის ბოლოს ეს ნამდვილად არაა ზედმეტი. ცოდნა ხომ მხოლოდ მოვლენების დაზეპირებული რიგი არ არის, არც გამოჩენილი ადამიანების სახელ-გვარები, არც ფორმულების გრძელი ჯაჭვი. ცოდნა გასაღებია, რომლითაც ამ სამყაროს მოვირგებთ ან ჩვენ მოვერგებით. და, დიახ, ადამიანის უმაღლესი მიზანი ბედნიერებაა. ეს თემა ერთგვარად ეხმიანება იმ მასალას, რასაც წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების კლასებში გავდივართ. როგორ ხედავდნენ ადამიანს დიდი მოაზროვნეები? რა არის მთავარი კითხვები და არსებობს თუ არა მათზე პასუხები? გავშალეთ უძღები შვილის დაბრუნების მარადიული თემები ლიტერატურასა და კაცობრიობის ისტორიიდან და ჩვენს თავებს დავუბრუნდით. სად არის, ან როგორია ჩვენი ბედნიერება?


ცდილობენ, აღმოაჩინონ ყველაფერი პოზიტიური, რაც მათ ცხოვრებას ალამაზებს. კლასში დაბრუნებულები კი ბედნიერების გასაღებს ეძებენ. და აი რას ვიღებთ (სტილი დაცულია):


„ბედნიერებაა როცა გგონია რომ ცოცხალი ხარ“.

„ბედნიერება არის მომენტი, რომელსაც წამიერად იმახსოვრებს შენი ტვინი, რადგენ შენ ეს მომენტი გესიამოვნა და ამ მომენტისას ხალისიანი ხარ. ბედნერება არის გრძნობა, როდესაც როგორი ტრაგიკული რამეც არ უნდა ხდებოდეს, რაღაც კარგს მაინც იმახსოვრებ, შეიგრძნობ, ისიამოვნებ და ეს არასოდეს დაგავიწყდება“.

„ჩემი ბედნიერება მეგობრობაა, ვიღაც ადამიანი... და რახან ჩემი ბედნიერება ჩემი გულიდან გაქრა, ძალიან მინდა, რომ ის ადამიანი დავაბრუნო და სულ ჩემთან დარჩეს ჩემი სიყვარული და ბედნიერება“.

„ბედნიერება არის ის ერთი მაგარი და კეთილი წამი მთელ დღეში, კვირაში ან თვეში“.

„ბედნიერება - შეგრძნება, რომელიც ფეთქავს ჩვენში, როდესაც თავს საოცრად კარგად ვგრძნობთ. „მე ბედნიერი ვარ“ - ამბობს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი იმდენად შესანიშნავად მიედინება, რომ წუწუნი არაფერზე სჭირდება და ბედნიერება ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს. ცხოვრება ბედნიერების გარეშე ცხოვრება არ არის. მსოფლიოს 99.9% ადამიანისთვის ყოველთვის დგება მომენტი, როცა ისინი თავს ბედნიერად გრნობენ. ცხოვრება ბედნიერებაა, ხოლო ბედნიერება ცხოვრება“.

„ბედნიერება სიყვარულია“.

„ბედნიერება ეს არის სიცოცხლის შეგრძნება ადამიანში, რადგან სიცოცხლე ბედნიერებაა. ბედნიერების მისაღწევად გრძელი გზა უნდა გაიარო. სიცოცხლის გრძელი გზა რთულია, მაგრამ სირთულე გმატებს ძალას და ბოლოს მიაღწევ ყველაზე დიდ მიზანს - ბედნიერებას“.

“ბედნიერება ეს ის განცდაა, როცა მას თვალებში უყურებ და ხვდები, რომ ეს ორმხრივი მზერაა. ჩემი ბედნიერება იმაშია, როცა ჩემს სულში იმ წამს პეპლები დაფრინავენ და რაღაცნაირ გრძნობას, ანუ ბედნიერებას ვფლობ“.

„ბედნიერებაა, როდესაც ვიღაცას აბედნიერებ“.


ამ სიტყვების ავტორთაგან ყველაზე უმცროსი 11 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 14-ის. სწავლება ორმხრივი პროცესია. ჩვენც ბევრს ვსწავლობთ მათგან.

Letterato Logo
  • White Instagram Icon

© 2021 Letterato.ge - ყველა უფლება დაცულია

kontaqti

misamarTi

პოლიტკოვსკაიას 3, "შენი სახლი ჯიქიაზე"