Jan Jak ruso aRzrdis Sesaxeb



  1. ჩვენი აღზრდის უცნაურობა ის არის, რომ ბავშვს მუდმივად მოვალეობაზე ესაუბრებიან და მის უფლებებზე კი არასდროს.

  2. ბავშვი არ უნდა იყოს არც პირუტყვი, არც კაცი, არამედ ბავშვი. იგი უნდა გრძნობდეს თავის სისუტეს, მაგრამ არ უნდა იტანჯებოდეს მის გამო. იგი დამოკიდებული უნდა იყოს და არა მორჩილი, ითხოვდეს, კი არ მოითხოვდეს.

  3. იმიტომ კი ნუ შეუსრულებთ ბავშვს სურვილს, რომ გთხოვთ, არამედ იმიტომ, რომ საჭიროა.

  4. ბავშვმა არ უნდა იცოდეს რა არის მორჩილება - როდესაც რაიმეს თავად აკეთებს - და - რა არის ბატონობა - როცა სხვა აკეთებს მის მაგიერ.

  5. ნუ დაუპირისპირებთ ბავშვის ახირებულ სურვილებს ნურაფერს, გარდა ფიზიკური დაბრკოლებისა. ნუ აუკრძალავთ ცუდად მოქცევას, საკმარისია ხელი შეუშალოთ ასეთის განხორციელებაში.

  6. თქვენი ავტორიტეტი არასოდეს იკმარებს, თუ ის სათნოებაზე არ იქნება დაფუძნებული.

  7. ზედმეტ სიმკაცრეს და ზედმეტ სირბილეს ერთნაირად უნდა ვერიდოთ. თუ უყურადღებოდ დატოვებთ ბავშვს, საფრთხეს შეუქმნით მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს. ხოლო თუკი ზედმეტი გულმოდგინებით იცავთ მას ყოველივე სიავისგან, დიდ უბედურებას უმზადებთ.

  8. ბავშვებს ის სიცრუე კი არ აფუჭებს, რომელსაც ისინი დაინახავენ, არამედ ის, რასაც თქვენ ასწავლით მუდმივი ქადაგებით, მუდმივი მორალისტობით, მუდმივი პედანტობით.

  9. გახსოვდეთ, ვიდრე ადამიანის ჩამოყალიბების საქმეს მიჰყოფთ ხელს, თქვენ უნდა იყოთ თქვენი თავითვე ადამიანად ქცეული. თქვენშივე უნდა მონახოთ ის მაგალითი, რომელიც სხვას უნდა მისცეთ.

  10. თქვენი დრო, თქვენი ამაგი, თქვენი სიყვარული, თქვენი თავი - აი რა უნდა მისცეთ მოსწავლეს.

  11. გამოაცხადეთ თქვენი თავი მაშვრალთა ქომაგად. იყავით სამართლიანი, კაცთმოყვარე, ქველმოქმედი. არ კმარა მოწყალების გაცემა. უნდა გიყვარდეთ კიდეც. შებრალება უფრო მეტ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ვიდრე ფული. გიყვარდეთ სხვები და ისინიც შეგიყვარებენ, ემსახურეთ მათ და ისინიც გემსახურებიან. გაუწიეთ ძმობა და ისინი შვილობას გაგიწევენ.

  12. გულმოდგინე აღმზრდელებო, იყავით სადა, თავმდაბალი, თავდაჭერილნი.

  13. თუ გინდა ბავშვს ფლობდე, საკუთარ თავს უნდა ფლობდე.

  14. ბავშვმა რომ დიდი ბედნიერება იგრძნოს, მცირე გაჭირვება უნდა ჰქონდეს გამოვლილი. ასეთია ადამიანის ბუნება. თუ ადამიანს მწუხარება არ გამოუვლია, იგი ადამიანობისა და თანაგრძნობის სიტკბოსაც ვერ გაიგებს.

  15. იცით თუ რა არის ყველაზე კარგი საშუალება თქვენი ბავშვის გასაუბედურებლად? ეს საშუალება არის ბავშვის მიჩვევა, რომ მან ყველაფერი მიიღოს.

  16. თუკი ბავშვს ისეთ მოვალეობას აკისრებთ, რომელსაც ის ვერ გრძნობს, მას ამხედრებთ თქვენი ტირანიის წინააღმდეგ, აჩვევთ გულჩათხრობილობას, სიყალბეს, სიცრუეს, რომ ჯილდო გამოგტყუოთ, ან სასჯელს გაექცეს.

  17. ნება დართეთ ხალისიანად, უარი კი უთხარით უხალისოდ. მაგრამ ყოველი უარი შეუცვლელი უნდა იყოს.

  18. მოწიფულს უფრო მეტი ნებელობა უნდა ჰქონდეს, ბავშვს კი მეტი ფანტაზია.

  19. ურავითარ სიტყვიერ დარიგებას ნუ მისცემთ თქვენს შეგირდს. იგი მან მხოლოდ გამოცდილებიდან უნდა მიიღოს. ყოველი თქვენი გაკვეთილი მოქმედება უნდა იყოს და არა სჯა-ბაასი, რადგან ბავშვი ადვილად ივიწყებს იმას, რაც თქვა ან უთხრეს და არასდროს ივიწყებს იმას, რაც გააკეთა ან გაუკეთეს.

  20. მუდმივი შეზღუდულობა, რომელშიც გყავთ თქვენი მოწაფეები აღიზიანებს მათ სიცელქეს.

  21. ვინც გრძნობს, რომ სხვების დახმარება სჭირდება და ხედავს კიდეც მუდმივ კეთილგანწყობას მისდამი, იმას სრულებით არ აქვს მოტყუების ინტერესი. ამიტომ ცხადია, რომ ფაქტობრივი ტყუილი ბავშვს არ სჩვევია. მორჩილების კანონია, რაც საჭიროდ ხდის ტყუილის თქმას. და რადგან მორჩილება მწარეა, ყველა ადამიანი ცდილობს აირიდოს იგი და სასჯელისა და საყვედურის აცილების ინტერესი ძლევს სიმართლის თქმის შორეულ ინტერესს.

  22. ბავშვის ტყუილი ყოველთვის აღმზრდელის ბრალია.

  23. ერთადერთი ზნეობრივი გაკვეთილი, ბავშვს რომ შეჰფერის და ყველა ასაკში საჭიროა არის „ნურასოდეს ნურავის გაუკეთებ ცუდს“.

  24. ნუ გააძლიერებთ ბავშვის სისუსტეს, ნუ მოსთხოვთ იმას, რასაც მისი ბუნება არ ითხოვს, ნუ ცდილობთ დაუმორჩილოთ თქვენს სურვილებს ის მცირე შესაძლებლობა, რაც ბავშვს თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად აქვს მიცემული და ნუ გადააქცევთ მათ მონებად საკუთარი სიყვარულის და ბავშვის უსუსურების წყალობით.

  25. მხოლოდ ის აასრულებს თავის ნებას, ვისაც სხვისი ხელი არ სჭირდება მის შესასრულებლად. აქედან კი ის გამოდის, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ავტორიტეტი კი არ არის, არამედ თავისუფლება. ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანს სურს მხოლოდ ის, რაც ძალუძს და აკეთებს იმას, რაც მოსწონს. აი ძირითადი პრინციპი. საკმარისია მიუყენოთ ეს პრინციპი ბავშვს და ყველაფერს კარგად გააკეთებთ. აღზრდის ყველა წესიც ხომ აქედან გამომდინარეობს.

Letterato Logo