სიაში დაბრუნება

რატომ არის კრიტიკული აზროვნება მომავლის ყველა პროფესიის ფუნდამენტი

რატომ არის კრიტიკული აზროვნება მომავლის ყველა პროფესიის ფუნდამენტი

„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ხელოვნურ ინტელექტს და თითქმის ყოველდღიურად მასზე ვართ დამოკიდებულნი. შეიძლება ვერ ვიაზრებდეთ და ვერ ვამჩნევდეთ, მაგრამ ნელ-ნელა გვეზარება აზროვნება.“ - დანანებით წერს ლეტერატოს მოსწავლე მარიამი ჩვენს ჟურნალში „მატრიცა“. მარიამი ახლა უკვე X კლასშია, მაგრამ მე-VI კლასიდან ჩვენთან დადის. იმ დროიდან, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არ იყო ჩვენი ყოველდღიურობის ასეთი დიდი ნაწილი. ამ ხნის განმავლობაში მარიამმა ლეტერატოში უამრავი წიგნი წაიკითხა, გაერკვა ლოგიკაში, იღებს ცოდნას ხელოვნების, ფილოსოფიის, კულტურის შესახებ. თავად ეწევა ლიტერატურისა და წიგნიერების პოპულარიზაციას ჩვენს ღონისძიებებზე. და მაინც, მისი ეს სტატია ამ სიტყვებით სრულდება: “ისიც უნდა ითქვას, რაც ცოტათი საწყენიც კია: გარკვეული არგუმენტების მოსაყვანად თავად გამოვიყენე ხელოვნური ინტელექტი, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად შეგვიძლია მის გარეშე საკუთარი აზრის სრულყოფილად გამოხატვა.“

ჟურნალს ვხურავ და მარიამზე ვფიქრობ. არა მარტო მასზე. მის თანატოლებზე. მის მომდევნო, ტიკ-ტოკ თაობაზე, რომელმაც არ იცის, როგორი იყო სქროლვამდელი სამყარო. სამყარო იმ მომენტამდე, სანამ ინფორმაცია უსასრულო და, ამავდროულად, ყველასათვის მყისიერად ხელმისაწვდომი გახდებოდა. მართლაც, იქ, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წამებში დააგენერიროს ნებისმიერი ტექსტი, იყოს დამოუკიდებელი აგენტი და ორგანიზაციაში ათობით თანამშრომლის ფუნქციაც კი შეასრულოს, რა დარჩა ადამიანს?

დასრულდა დრო, როცა ცოდნის მოცულობა ან ტექნიკური უნარები წარმატების საფუძვლად მიიჩნეოდა. წარსულს ჩაბარდა ენების, კოდირებისა და პროგრამირების ან საბუღალტრო საქმის ცოდნის აუცილებლობა, როგორც გარანტირებული დასაქმებისა და ნათელი მომავლის საწინდარი. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გარდამტეხ ფაზაში შედის და არავინ იცის, იარსებებს თუ არა ისეთი პროფესიებიც კი, სულ ცოტა ხნის წინათ წარმატების სიმბოლოებად რომ ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ცხოვრება გრძელდება და ტრადიციულ პროფესიებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. ზუსტ პროგნოზებს გარდამტეხ ეტაპზე ვერავინ აკეთებს, ყოველდღიურობა კი ილუზიას ქმნის, რომ დრო საკმარისი გვაქვს, რომ კიდევ დიდხანს არაფერი შეიცვლება.

ცვლილებები კი კარგა ხანია დაწყებულია. უკვე დღეს, AI-ს ეპოქაში ადამიანისათვის ინფორმაციის გაფილტრვის, ეჭვის შეტანისა და სწორი კითხვების დასმის უნარები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, სკოლაში რომ ისწავლება: დაზეპირების, ფაქტობრივი მასალის დასწავლის, ამოცანების მექანიკური ამოხსნის, ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემის უნარები. ამ უკანასკნელთ ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უკეთ ფლობს და მასთან შეჯიბრი მენტალურ არითმეტიკაში თუ დავალებების მექანიკურ შესრულებაში წაგებული ბრძოლაა.

მაშ რა არის ის, რაც ადამიანის უნიკალურ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს? რა იქნება მთავარი რამდენიმე წელიწადში, როცა მარიამი და მისი თანატოლები პროფესიას დაეუფლებიან და შრომის ბაზარს შეუერთდებიან? ან როგორი ტიპის განათლება უნდა მიიღონ, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში მორიგი ინდუსტრიული რევოლუციის წყალობით მოვლენებისა და ტენდენციების მიღმა არ აღმოჩნდნენ? განათლების მთავარი ამოცანა ხომ ეს არის: განჭვრიტოს მომავალი და სწორედ ამ მომავლისთვის მოამზადოს მოსწავლე.

ხელოვნური ინტელექტის ერაში განათლების არსი აღარ არის პასუხი კითხვაზე „რა?“ განათლებამ ახლა უნდა უპასუხოს კითხვას „რატომ?“. ეს კი კრიტიკული აზროვნების საკითხია. კრიტიკული აზროვნება, როგორც დისციპლინა აზროვნების ინსტრუმენტებს, ლოგიკასა და ინტელექტუალურ ჰიგიენას ასწავლის. იგი გვთავაზობს  ტექნიკას, რომელიც მოიცავს მტკიცებულებებისა და არგუმენტების ობიექტურ ანალიზს, სინთეზს, შეფასებასა და ინტერპრეტაციას დასაბუთებული დასკვნების და გადაწყვეტილებების მისაღებად.

სწორედ ამიტომ, კრიტიკული აზროვნება ადამიანის ხელში ის მძლავრი იარაღია, რომელიც მას ხელოვნური ინტელექტის მონად კი არ აქცევს, არამედ - მბრძანებლად. კრიტიკული აზროვნება ადამიანის ცნობიერების უმაღლესი, თვითრეფლექსიური ფორმაა, ხოლო ადამიანის ცნობიერება ის, რისი იმიტაციაც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია, და თუ ოდესმე შეძლებს, ეს მხოლოდ იმიტაცია იქნება.

პარადოქსი ის გახლავთ, რომ რაც უფრო მარტივი გახდა ცოდნის მიღება, მით უფრო იძირებიან ადამიანები უვიცობისა და უცოდინრობის ჭაობში. ამიტომ, სანამ უშუალოდ იმას შევეხებოდე, თუ როგორ ყალიბდება კრიტიკული აზროვნება, ჯერ მოკლედ ვთქვათ, რა ემუქრება მომავლის ადამიანს კრიტიკული აზროვნების გარეშე:

·       ადამიანი ადვილად  ხდება მანიპულაციის მსხვერპლი, რადგან ის უპირობოდ იღებს იმას, რასაც აწვდიან. ის თავად კი არ განკარგავს საკუთარ ცხოვრებას, არამედ თავსმოხვეული, გაცვეთილი შაბლონების ტყვეობაში იმყოფება. ხელოვნური ინტელექტის უპირობოდ გამოყენების შემთხვევაში კი ადვილად შესაძლებელია შეყვანილ იქნას შეცდომაში, რადგან AI ხშირად უშვებს შეცდომებს, იგონებს ფაქტებს (ჰალუცინაციები) ან იყენებს წარსულ მონაცემებს მომხმარებელთან ურთიერთობაში.

·       კოგნიტური მიკერძოების წყალობით ადამიანი იჯერებს, რომ სიმართლე მხოლოდ ის არის, რაც მის შეხედულებებს ემთხვევა. ამ დებულებას ხშირად ხელოვნური ინტელექტიც ამყარებს, რადგან ის იყენებს იმ ინფორმაციას (საძიებო სისტემიდან, სოც. ქსელებიდან) რასაც მისი მომხმარებელი იძიებდა და ეყრდნობოდა.

·       იზღუდება თვალსაწიერი. ადამიანს სჯერა, რომ სამყარო მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რასაც ხედავს, ან რასაც უმტკიცებენ. უარესი კი ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში ხელიდან უშვებს იმ შესაძლებლობებს, რაც მის ცხოვრებას უფრო შინაარსიანს გახდიდა. ხელოვნური ინტელექტიც, კვლავდაკვლავ, იძლევა შეზღუდული ტიპის ინფორმაციას დამატებითი შეკითხვებისა და სწორი დავალების მიცემის გარეშე.

·       ექმნება ცოდნის ილუზია: როდესაც ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი, ქრება სიღრმისეული წვდომის მოტივაცია, მაგრამ ჩნდება ცრუ განცდა, თითქოს საკითხს ფლობ. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ის პატარა წერტილია ინფორმაციის ოკეანიდან, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა მომხმარებლისთვის ამოიღო ამ უკანასკნელის გემოვნებისა და გაქანების წინასწარ განჭვრეტილი პროფილის გათვალისწინებით.

·       მზა შაბლონების გამოყენება ადამიანს არაკონკურენტულს ხდის. ეს კლავს ინდივიდუალიზმს, ავთენტურ აზროვნებასა და ორიგინალურ გადაწყვეტილებებს.

ამის მაგალითებს დღესაც უხვად ვხედავთ ჩვენ გარშემო, თუმცა მომავალში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე ელფერს შეიძენს. ხოლო კრიტიკულ აზროვნებას მარტივად შეუძლია დაუპირისპირდეს ამ პრობლემებს.

ხელოვნური ინტელექტის მართვასა და მოხმარებას სწორი კითხვების დასმა ესაჭიროება. კითხვების დასმა კი ფილოსოფიური და ლოგიკური უნარია. კრიტიკული აზროვნების მეთოდოლოგიური საფუძველი იწყება სოკრატეს „დიალოგის მეთოდით“, რომელიც ასწავლის კითხვების დასმას და მათი მეშვეობით ჭეშმარიტებამდე მისვლას, გულისხმობს მტკიცებულებების სიღრმისეულ შემოწმებას, დებულებებში წინააღმდეგობების გამოვლენასა და მცდარი დაშვებების უარყოფას.

კრიტიკული აზროვნების ქვაკუთხედია საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან ჭვრეტა, ჩაღრმავება და დეკარტესეული ეჭვის შეტანა მოწოდებულ ინფორმაციაში, რაც დღევანდელ სამყაროში საკვანძო უნარია. სწორედ წყაროების კრიტიკული თვალით შეხედვა და მედიაწიგნიერება შეძლებს, მომავლის ადამიანი ციფრულ ეპოქაში დამოუკიდებელი გზით ატაროს და არ გახადოს ინფორმაციის მსხვერპლი.

კრიტიკული აზროვნება უმკლავდება ეთიკურ დილემებს, რომელსაც ახლა უკვე არა მხოლოდ ჩვენი რეალობა, არამედ ვირტუალური სამყაროც გვთავაზობს. მაგალითად, AI-ს არ აქვს მორალი. სწორედ ადამიანს ევალება, შეაფასოს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეთიკური მხარე (როგორიცაა მონაცემთა კონფიდენციალურობა, სამართლიანობა და სხვა). ამიტომაც არ გამკვირვებია, როცა ერთ-ერთ რესპექტაბელურ ჟურნალში წავიკითხე, როგორ იზრდება ტექნოლოგიურ კომპანიებში დაქირავებული ფილოსოფოსების რიცხვი. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტი ეთიკის ჩარჩოში დარჩეს და ადამიანის დამხმარე ინსტრუმენტის ფუნქციას არ გასცდეს. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: სისტემური აზროვნება, რომელსაც ფილოსოფიასა და ლოგიკასთან სიახლოვე ბადებს, სწორედ რომ მომავლის უნარია.

კრიტიკული აზროვნება გეხმარება, ჩამოიყალიბო არგუმენტირებული პოზიცია. ის რაც შენია და რასაც ალგორითმი ვერ დაგიწერს. მხოლოდ ეს არის საშუალება, ის ერთი ცხოვრება, რაც გერგო, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგო. და თუნდაც შეცდომა დაუშვა, ეს მაინც საკუთარი შეცდომა იქნება და არა სხვისი კარნახით ნაცხოვრები სიცოცხლე. თავისუფლებაც ხომ ეს არის?

მაგრამ კრიტიკული აზროვნება არ არის ისეთი რამ, რასაც სახელმძღვანელოდან დაიზეპირებ. ამ უნარის ჩამოყალიბებას ისევე ესაჭიროება ვარჯიში, როგორც კუნთს. პრაქტიკული სავარჯიშოები, თავსატეხები, დისკუსიები და დებატები სწორედ ის მეთოდია, რომელიც ამ უნარს ხელშესახებსა და რეალურს ხდის. სწორედ ამიტომ არის, რომ ლეტერატოში პრაქტიკულ ნაწილს სასწავლო პროცესის ნახევარზე მეტი უკავია.

ჩვენთან არ არსებობს მზა პასუხები, გაკვეთილი ცოცხალი პროცესია, სადაც ამოცანა ჭეშმარიტების დადგენაა. მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტის სტრუქტურის აგებას, ლოგიკური ცთომილებების ამოცნობასა და საკუთარი დაშვებების ეჭვქვეშ დაყენებას. ეთიკური ქეისები და ლიტერატურის სიღრმისეული ანალიზი წიგნსა თუ იდეას აქცევს საცდელ პოლიგონად, სადაც რთული მორალური დილემების, ალტერნატიული პერსპექტივისა და საკუთარი შეხედულებების გაანალიზება მიმდინარეობს. პლატონის „სახელმწიფოდან“ დაწყებული, კულტურის არსითა თუ თანამედროვე დისტოპიებით დამთავრებული მოსწავლეები აანალიზებენ თეორიებს, იდეებს, პერსონაჟთა ქმედებებს, აფასებენ მათ და სწავლობენ სამყაროს სხვადასხვა პერსპექტივიდან ჭვრეტას. კრიტიკული აზროვნება რეალურ გამოცდას სწორედ მაშინ გადის, როცა მოზარდი პასიური მსმენელიდან შინაარსის ავტორად გარდაიქმნება: ქმნის საკუთარ კვლევას, მართავს დებატებს ან ცოცხალ დისკუსიაში ერთვება.

ჩვენი მიზანია მოზარდი კრიტიკულად მოაზროვნედ ჩამოყალიბდეს. ჰქონდეს ის უნარები, რომლებიც მისი ზრდასრულობისას კიდევ უფრო საკვანძო იქნება. მართალია, მარიამს გული წყდება, რომ სტატიის წერისას ხელოვნური ინტელექტი დაიხმარა, მაგრამ ლეტერატოში მიღებული განათლების წყალობით იცის, რომ ხელოვნური ინტელექტი უპირობო ავტორიტეტი  კი არ არის, არამედ თანამედროვე კალკულატორი, რომლის სწორად გამოყენებაც საკუთარი მიზნების მიღწევასა და რეალიზაციაში ეხმარება. ჩვენთან შეძენილი უნარებით კი ტექნოლოგიის ჩვეულებრივ, ხშირად გზააბნეულ მომხმარებლად კი არ ჩამოყალიბდება, არამედ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდად, რომელიც შეძლებს ტექნოლოგიები საკუთარ ხელებში მოიქციოს და არა თავად გახდეს მისი მსხვერპლი.