top of page

inovacia da Cven



რა არის სამყაროს პროგრესის მამოძრავებელი ძალა, ის, რაც ცვლის რეალობას და კაცობრიობა ახალ სიბრტყეში გადაჰყავს? მავანნი პოლიტიკას დაასახელებენ, ან ომებს და ტერიტორიებისა და ძალაუფლების გადანაწილებას. მაგრამ, თავი და თავი ინოვაციებია. ისეთი დიდი აღმოჩენები, რომლებზეც თავად პოლიტიკა და ქვეყნების მოწყობაა დამოკიდებული. ისეთი ერთი შეხედვით „მცირე“ აღმოჩენებისა როგორიც, თავის დროზე იყო კომპასის გამოგონება, რომელმაც დედამიწა ზომებში დააპატარავა, ან დენთის, რომლის წყალობითაც მოხერხდა ჰეგემონიური სახელმწიფოების ჩამოყალიბება და კოლონიების წარმოშობა. და სწორედ დენთის გამოყენებამ მისცა ბიძგი რენესანსს. არის უფრო მსხვილკალიბრიანი აღმოჩენებიც, როგორიცაა სტამბის გამოგონება - რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპულ განმანათლებლობას ან ატომური ბომბის შექმნა - რომელმაც - უზრუნველყო საერთაშორისო დიპლომატია, ისეთი, როგორსაც დღეს ვიცნობთ - და შეაკავა მსოფლიო ომები. ასეთი აღმოჩენები ჩვენი საზოგადოების მიერ ხშირად უგულებელყოფილია.

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, როგორც ერს, ინოვაციებში პრაქტიკულად არ გვაქვს გამოცდილება. როგორც წესი, სტანდარტული არგუმენტებია: ჩვენი ისტორია, გეოპოლიტიკური მდებარეობა, მასშტაბის არქონა - ანუ ტერიტორიების და მოსახლეობის სიმცირე. ვაბრალებთ გარე ფაქტორებს და არა საკუთარ თავს. მაგრამ, ინოვაციების მხრივ 2017 წელს მერვე ადგილზე იყო ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ფინეთი (მაგალითისთვის, მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი და ავსტრია), ოცეულში შედის ირლანდია, რომელიც ვერც მოსახლეობით დაიკვეხნის, ვერც სიმშვიდით და ვერც ტერიტორიით, ხოლო ესტონეთის ელექტრონული მმართველობისა და სკაიპის შესახებ ყველას გვსმენია. უნდა ვიყოთ კი ინოვაციურები? მოდი, ისიც ვთქვათ, რა საჭიროა ეს. ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური პირობების გაუმჯობესება, რომლის საჭიროებაზეც ამდენს ვსაუბრობთ, სწორედ ინოვაციებზეა დამო

კიდებული. ასევეა მსოფლიო დღის წესრიგი, რომელშიც მონაწილეობა ყველა მოწინავე ქვეყნის ამბიციაა. და დღის წესრიგი მხოლოდ პოლიტიკას არ გულისხმობს. აქ ასევე იგულისხმება ღირებულებები, მისწრაფებები, კულტურებს შორის გაცვლა-გამოცვლა, რომელიც ბიძგს აძლევს ახალი კულტურული ეპოქების ჩამოყალიბებას... არაფერს ვამბობ უშუალოდ საზოგადოების სურვილზე, გააუმჯობესოს საკუთარი თავი და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და პიროვნულ დონეზე - თვითაქტუალიზაციაზე, რომელიც აღმოჩენების პროცესს მოაქვს და ადამიანის დანიშნულების მწვერვალია.


დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული პროგრესი მოახლოებულ ტექნოლოგიურ რევოლუციას და ახალ მსოფლიო წესრიგს მოასწავებს, რით დახვდება ჩვენი მომავალი თაობა ამ ახალ რეალობას? რამდენად ვიქნებით როგორც ქვეყანა მზად გავხდეთ მოწინავე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სრულუფლებიანი მონაწილე?

ხშირად ვფიქრობ, რა უწყობს ხელს ინოვაციის, აღმოჩენების გაკეთების კულტივაციას.


აღზრდა


ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა - ყველაფერი აქედან იწყება. ეს ის საერთო ნიშან-თვისებაა, რაც ადამიანს ადამიანად ქმნის და ყველა ბავშვშია ჩადებული. ისევე როგორც აზროვნების უნარი, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობაც ადამიანის არსის ქვაკუთხედია. ყველა ბავშვი სწორედ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის წყალობით იწყებს სამყაროს შეცნობას. თავდაპირველად აინტერესებს რა დევს უჯრაში (რომელსაც საკეტებით ვკეტავთ), როგორ ვარდება ძირს საგნები ან იბნევა ბრინჯი (რომელსაც ხელიდან ვაცლით), შემდეგ - როგორაა მოწყობილი სათამაშო (ჩვენ კი ვეუბნებით, რომ მისი გაფუჭება არ შეიძლება), რატომ მოდის თოვლი, რატომ ღამდება, რატომ აქვთ ძაღლებს ოთხი ფეხი, ჩვენ კი - ორი, რატომ რატომ რატომ... (ჩვენ ვპასუხობთ - იმიტომ. არ დაიღალე ამდენი შეკითხვით?). რამდენად ვეხმარებით მშობლები შვილებს ახლის შეცნობაში, რომელიც აღმოჩენის წყურვილს აღვივებს? როდესაც ამას ხელს ვუწყობთ, საქმე კიდევ უფრო რთულდება - რადგან აღმოჩენის წყურვილი ერთია, ხოლო აღმოჩენამდე მისვლა - გაცილებით ძნელი. აქ საჭიროა ნებისყოფა, რომელიც, როგორც იუნგი გვეუბნება, არის ადამიანის უნარი გაუძლოს ტანჯვას მიზნის მისაღწევად. ჩვენ, როგორც მშობლებს, რამდენად გვყოფნის თავად ნებისყოფა, რომ თუნდაც ამდენ „რატომს“ გავუძლოთ? ან რამდენად ვეხმარებით შვილებს, გამოიმუშავონ ნებისყოფა? გასაღები წვრილმან, რუტინულ ქმედებებშია, რომლითაც მოთმინების სწავლა იწყება, მოთმინება კი ნებისყოფის ქვაკუთხედი, მიზნის მიღწევის საფასური. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ პატარა ფიფქის გამოჭრას მოთმინება, დრო და ძალისხმევა სჭირდება და არა მშობლის ჯადოსნური ხელები. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ მან თავად გააკეთოს, თავად შექმნას, თავად მივიდეს ასაკის შესაფერის შედეგამდე, თუნდაც ეს შედეგი იდეალური არ იყოს. აქ კი უმნიშვნელოვანესია მშობლის მაგალითი - რამდენად თავად ჩვენ ვცდილობთ და შეგვიძლია ავიტანოთ ტანჯვა მიზნის მისაღწევად.


განათლება


იდეაში სწორედ განათლება უნდა იყოს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, ახლის შეცნობის წყურვილის დაკმაყოფილების მთავარი იარაღი. იყო დრო, როდესაც ეს ასეც იყო. მე-20 საუკუნიდან, როდესაც ცოდნისა და განათლების მასობრივი დემოკრატიზაცია მოხდა, ნელ-ნელა დაიწყო განათლების სისტემის დევალვაცია. და დღეს იგი პრაქტიკულად ბოლომდე ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რადგან ვერ უწყობს ფეხს ტექნოლოგიურ პროგრესს. ალბათ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდეგ ვიხილავთ სისტემას, რომელიც ძირეულად განსხვავებული იქნება არსებულისაგან. ამ თვალსაზრისით განსხვავებული არც ჩვენი სისტემაა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ არ გაგვაჩნია ცალსახა სტრატეგია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მიმართულებით, რომელიც თანხვედრაში იქნება ქვეყნის მოწყობის ჰოლისტიკურ სტრატეგიასთან - ანუ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს როლი და პოზიციონირება გლობალურ რუკაზე, როგორი უნდა იყოს სამომავლო შრომის ბაზარი, ვიცით თუ არა როგორი იქნება დემოგრაფიული სურათი 10, 20 ან 30 წელიწადში და რა ადგილი უნდა ეკავოს მასში განათლებას.


ახალი თაობის განათლებაში ინვესტირება ცხადია ყველა მშობლის პრიორიტეტია. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ინვესტიციის პრიორიტეტების განსაზღვრა. ცხადია, დღეს ინგლისური ენის ცოდნა უზრუნველყოფს მოწინავე ცოდნების და მიღწევების სწრაფ ხელმისაწვდომობას, მაგრამ, როდესაც მთარგმნელობითი სისტემა სრულყოფილად განვითარდება, რამდენად საჭირო იქნება ინგლისური ენის ცოდნაში ინვესტირებული დრო და ფული? ან რა უფრო მნიშვნელოვანია - მათემატიკური ამოცანების რუტინულად ამოხსნა თუ იმ ლოგიკური ჯაჭვის დანახვის და ცოდნის უნარი, ან პრობლემების გადაჭრის უნარი, რომელსაც ამოცანის შედეგამდე მივყავართ?


სწორედ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის წყალობით, დაახლოებით 12 წლის ასაკში დღევანდელმა მოზარდმა უკვე დარწმუნებით იცის ორი რამ: პირველი - რომ სწავლა მოსაწყენი და გაურკვეველი პროცესია (რა საჭიროა ამდენი გაკვეთილი დაეთმოს საკითხს, რომელიც 15 წუთში გავიგეთ და არ გვაინტერესებს? რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა? ბოლოსდაბოლოს ამ სამსახურს, ასე რომ მაძახებთ, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ცოდნის გარეშე ვერ ვიშოვი?) და მეორე - რომ გაცილებით მნიშვნელოვანია იცოდეს სწორი პასუხების გაცემა, ვიდრე კითხვების დასმა. მაგრამ, რომელია სწორი პასუხი? ის, რომელსაც მასწავლებელი, მშობელი ან სხვა ავტორიტეტი ჩათვლის ასეთად. ხანდახან ეს ორიენტირები ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ ხოლმე. ეს კი ინოვაციებს ხელს სულაც არ უწყობს. რადგან ნოვატორობა ძიებას გულისხმობს, მზა პასუხების მიღმა გახედვას და საკუთარ მარცხსა თუ გამარჯვებაზე პასუხისმგებლობის აღებას. თუკი ავტორიტეტულმა პირმა, გვჯერა, რომ ეს ჩვენზე კარგად იცის, მაშინ რაღა საჭიროა ძიება?


ბავშვს შეიძლება თავისი ასაკისთვის კარგად ჰქონდეს განვითარებული ნებისყოფა, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ის ტანჯვის უნარია, რომელიც მიზნის მისაღწევად შეგვიძლია გავიაროთ. და თუ არ ვიცით რაა მიზანი? მართლა ფიქრობთ, რომ ეს მასწავლებლის მიერ ბავშვის ცოდნის უმაღლესი შეფასებაა?


ნებისყოფის გამომუშავების შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური დაჟინებულობის კულტივაცია. ინტელექტუალური დაჟინებულობა გულისხმობს რთულ ინტელექტუალურ საკითხებთან გამკლავების უნარს, რომელსაც საბოლოოდ საკითხის გარკვევამდე, სიცხადემდე მივყავართ. განვითარებული ნებისყოფის გარეშე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ, სწორედ ინტელექტუალური დაჟინებულობაა აუცილებელი აღმოჩენის გასაკეთებლად.


გარემო


თუ შენ არ შეცვლი გარემოს, გარემო შეგცვლის შენ



ინოვაცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და სიახლეს ნიშნავს. ამით ყველაფერი ნათქვამია. რამდენადაა საზოგადოება სიახლის მიმღებელი? მიდრეკილი სიახლეების შეცნობისკენ? ინოვაციამ რომ გზა მონახოს, საჭიროა გარკვეული გარემოც. საზოგადოება, რომელიც ძალზე კონსერვატორულია, ძნელად ხდება ინოვაციების მშობელი. ახლა კონსერვატიზმის კლასიკური განმარტებაც ვნახოთ: ტრადიციული ღირებულებებისა და იდეების ერთგულება ცვლილებისა და სიახლეების საპირისპიროდ. იდეალურ საზოგადოებაში კონსერვატორებს შეუცვლელი ფუნქცია ეკისრებათ: ისინი ხომ ტრადიციებისა და ისტორიის მცველნი არიან. მაგრამ ინოვაცია სიახლისკენ სწრაფვას, ახლის შეცნობას გულისხმობს. ამას კი კომფორტის ზონის დატოვება ესაჭიროება. მინიმუმ იმის აღიარება, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურნი, არც ჩვენი გარემოა ასეთი და არც ყველა კითხვაზე ვიცით პასუხი. გვჭირდება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვენი წარსულია. გვჭირდება სიახლის აღიარება პირველ რიგში ახალი იდეების ძიებით დაკავებული ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნით. ეს გარემო გრანტების გამოყოფა და ინოვაციების დეკლარირებული მხარდაჭერა არაა. ეს პირველ რიგში თანადგომაა ღირებულებით დონეზე: რამდენად ვაღიარებთ, რომ გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები, რამდენად ვაღიარებთ, რომ ინოვაცია კარგია და რამდენად გვჯერა მისი სიკეთეების, რამდენად მივესალმებით ახალგაზრდებში ამ თვისებებს და გვესმის, რომ მოზარდს მათემატიკაში იმისთვის არ ვამზადებთ, რომ წლის ბოლოს ათიანი მოგვიტანოს, არამედ იმისთვის, რომ ახლის ძიებაში ხელთ ყველაზე ზუსტი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი ჰქონდეს, რომელიც ამ იდეების ჩაწერასა და განხორციელებაში დაეხმარება.


ინოვაციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ჩვენი - თითოეული ინდივიდის - პასუხისმგებლობაა. და იცით კიდევ რატომ? მთავარი არა მხოლოდ აღმოჩენები, არამედ მისი სწორად და ეფექტურად გამოყენებაა - თორემ როგორც ვიცით ბევრი რამ აღმოსავლეთში უფრო ადრე გამოიგონეს, ვიდრე დასავლეთში, თუმცა, სწორედ დასავლეთმა მოახერხა ამ გამოგონებების ეფექტურად გამოყენება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა ქართველი ნოვატორი წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს გარეთ. სწორედ იმიტომ, რომ იქ ამ ინოვაციებისთვის მხარდამჭერი გარემო არსებობს. და ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურა ნამდვილად არაა.

Letterato Logo
bottom of page