fullDate

yuranis yvavilebi

სახალისო და საინტერესო არა მხოლოდ ერთად მსჯელობა, არამედ ხანდახან ერთად წერაც შეიძლება იყოს. არაჩვეულებრივია, როდესაც ბავშვები ცდილობენ თავიანთი თანატოლები წიგნებით დააინტერესონ. ასე არა მხოლოდ ინტელექტუალურ შრომას, არამედ კეთილი საქმის კეთებასაც ეჩვევიან. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც შმიტის ნაწარმოებზე მოსწავლეებმა ბლოგის დაწერა გადაწყვიტეს. ეს გულწრფელი ტექსტი მოზარდების თვალით დანახულ "ბატონ იბრაჰიმსა და ყურანის ყვავილებზე" მოგვითხრობს. ნაწარმოებზე ერთად იფიქრეს, იმუშავეს და ფოტოებითაც გააფორმეს. რა უნდა იყოს იმაზე კარგი, თუკი ეს ნაწერი მათ თანატოლებს ხელში ამ კეთილ და სითბოთი გაჟღენთილ წიგნს ააღებინებს, ან თუნდაც სხვა მსგავსი ინსტიტუტები მას პროგრამაში შეიტანენ. მაშ ასე, რატომ უნდა წავიკითხოთ "ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები". ავტორები:

ელენე ბაციკაძე

ნიკა ვარსიმაშვილი

სესილი ბერძენიშვილი

ნინი აბულაძე

გიო ერისთავი

ქეთო ლეჟავა

კოტე ტყემალაძე

ერიკ ემანუელ შმიტის „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც გვაჩვენებს, როგორი სასტიკი და უსამართლო შეიძლება სამყარო იყოს და, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს ცხოვრება, არ უნდა დანებდე და ყველაფერი გააკეთო ბედნიერებისთვის. ოდესმე აუცილებლად იპოვი რაღაცას, რაც გაგაბედნიერებს და იმას, ვინც ამაში დაგეხმარება. ეს ნაწარმოები აჩვენებს სხვის ტრაგედიას, რომ განვიცადოთ ემპათია. კიდევ ეს წიგნი აჩვენებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, აღმსარებლობას, ან თუ სად დაიბადა ადამიანი, მთავარია, რომ ის კეთილი და ერთგული იყოს. წიგნი გვეუბნება, რომ ყველა მუსულმანი ბოროტი და ტერორისტი არ არის და ებრძვის ამ მახინჯ სტერეოტიპს.

ეს არის ამბავი პატარა ბიჭისა, რომელიც ბატონი იბრაჰიმის სახით ყველაზე ახლობელ ადამიანს შეიძენს. ბატონი იბრაჰიმი მომოსთვის მეგობარი, შემდეგ კი მამობილი გახდება. ხოლო მის მიერ ნაჩვენები სიკეთე მომოს სიყვარულისკენ, ბედნიერებისა და პატიებისკენ გაუკვალავს გზას.

ნაწარმოებში ჩანს, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანი, თუ მას ბავშვობიდანვე ყურადღებას არ მიაქცევ. მთავარი გმირი მომო ბავშვურად გულუბრყვილოა, მაგრამ ამავდროულად უკვე ბევრი რამ იცის ცხოვრების შესახებ. ისიც კი, რაც მისთვის ჯერ ადრეა, რომ იცოდეს. ეს მისი მშობლების გამო ხდება. ბატონი იბრაჰიმი მომოს ხელს უწყობს, ბევრ რამეში გაერკვეს. მომო ხომ ერთი საწყალი ბიჭია, რომელსაც რეალურად არ ჰყოლია მშობლები. ის ამავდროულად ძალიან ძლიერი ადამიანია, რადგან ბევრ სირთულეს უძლებს. მაგრამ მიუხედავად მისი ცხოვრებისეული პრობლემებისა, პატარა მომო მაინც ცდილობს მიაღწიოს მიზანს - იყოს ბედნიერი და მაინც იღიმება. მომო ისე იზრდება, რომ მუდმივად სხვას ადარებენ. არსებობს ჯერ პოპოლი - იდეალური და უშეცდომო ძმა - და მერე ის.

ერთი სიტყვით, მომო საყვარელი და გამოუცდელი, მაგრამ ძლიერი პიროვნებაა, რომელიც უბრალოდ ცდილობს, გადარჩეს ამ უსამართლო სამყაროში. ბატონი იბრაჰიმი მას სწორედ ამ გადარჩენაში ეხმარება. იბრაჰიმი არის სიკეთის განსახიერება. იგი არის ბრძენი და პოეტური ადამიანი. იცის, როგორ მოიქცეს, იცნობს ადამიანებს და შეუძლია მათი ფსიქიკის შეცნობა. იგი სიყვარულით იღებს ამ პატარა ბიჭუნას, რჩევებს აძლევს და მამასავით ეპყრობა. იბრაჰიმი მომოს დაუმეგობრდება და თავის გულს გადაუშლის. ის ენდობა მომოს. მას ურჩევნია ჩხუბს და ყვირილს წყნარი საუბრითა და ახსნით სიტუაციის მოგვარება. იბრაჰიმი ყველანაირად ცდილობს მომოს გამხიარულებას, არ სურს, რომ იგი უბედური იყოს და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით ძალიან ეხმარება.

„ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ სავსეა საინტერესო და ამაღელვებელი მომენტებით: მომოს დედის გამოჩენა, მომოს შვილად აყვანა, იბრაჰიმის სიკვდილი, წიგნის ფინალი... ყველა ეს ეპიზოდი მოულოდნელი, დრამატული და გულში ჩამწვდომია.

წიგნის საუკეთესო მომენტია ფრანგი ვარსკვლავის ბრიჯიდ ბარდოს შემოსვლა მაღაზიაში. ეს კომედიური მომენტი გვაჩვენებს იბრაჰიმის სხვა, ჩვენთვის მანამდე უცნობ, მხარეს, რაც მომოს ძლიერ გააოცებს. ბატონი იბრაჰიმი ხომ მის თვალში ერთი მოხუცი კაცია. აქ ასევე ჩანს ძალიან კარგად ბატონი იბრაჰიმის ხასიათი: მისი სიკეთე და დამოკიდებულება მომოს მიმართ. რადგან მან იცის მომოს ქურდობის შესახებ, მაგრამ როგორც აღმოჩნდება, არ იმჩნევს. და ამას ისე აჩვენებს მომოს, რომ ბავშვი ხვდება, რომ ქურდობა ცუდი საქციელია. ამავდროულად, იბრაჰიმი ემეგობრება პატარა ბიჭუნას და მას ქურდობის ხერხებს ასწავლის. აქ ჩანს იბრაჰიმის დამოკიდებულება მომოსადმი: როგორ უყვარს და პატივს სცემს მას.

იბრაჰიმი მუდმივად ეუბნება მომოს, რომ მხოლოდ ის იცის, რაც მის ყურანში წერია. სინამდვილეში იქ მხოლოდ მეგობრის წერილი და გამხმარი ყვავილები უდევს. ამით ის

მომოს მოტივაციას უქმნის, რომ მეტი შეიცნოს და ისწავლოს.

ერთგან იბრაჰიმი მომოს ეუბნება: „სწორედ ღიმილი ხდის ადამიანს ბედნიერს... აბა

სცადე, გაიღიმე და თვითონვე დარწმუნდები“. იბრაჰიმს სჯერა, რომ გულითადი გაღიმებით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. ეს პასაჟი კარგად გვიჩვენებს, თუ რა ძალა აქვს ღიმილს და რომ პოზიტივი გადამდებია.

ნაწარმოებმა დაგვაფიქრა, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ: მაგალითად მომოს

სურვილი ყვარებოდა, განპირობებული იყო იმით, რომ დაემტკიცებინა სამყაროსთვის, რომელმაც უსიყვარულობისთვის გაწირა, რომ მისი შეყვარებაც შეიძლებოდა. მივხვდით, რომ ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, გული არ უნდა დავიწყვიტოთ და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ გვასწავლის, რომ ყველგან არსებობს ადამიანი, რომელიც შენს გვერდით იქნება, უბრალოდ სწორ ადგილას უნდა მოძებნო.

კიდევ ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ უფრო დავაფასეთ ჩვენი მშობლები, ვიდრე ვაფასებდით. ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის. მომოს ხომ დედა ფაქტობრივად არ ჰყავდა და მამის ყოლას ჯობდა საერთოდ არ ჰყოლოდა.

„ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მისაღები, რადგან შეიძლება გაიზიაროს პერსონაჟების განცდები. ის გვეუბნება, რომ სიყვარულს ყველა იმსახურებს და რომ მნიშვნელოვანია მომთმენი და კეთილი იყო ადამიანების მიმართ.