fullDate

3 martsa da 8 martze

დედამ მასწავლა ძლიერი რომ უნდა ვყოფილიყავი. ბავშვობიდან სულ ეს მესმოდა „დამოუკიდებელი უნდა იყო... უნდა შეძლო... უნდა მოინდომო... შენ ყველაფერი გამოგივა...“ „შეიძლება შენ ძალიან ლამაზი არ ხარ, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ხარ და ეს უფრო მნიშვნელოვანია“... როგორი იყო მაშინდელი დედაჩემი? იქნებ ის იყო, ახლა რომ ფემინისტი ჰქვია? იქნებ ქალების უფლებებისთვის იბრძოდა? იქნებ ქალის ხვედრი სხვანაირად ადარდებდა? არ ვიცი. ვერ ვეკითხები. ძნელია დედას ობიექტურად შეხედო. ის დედა, მაშინდელი, ჩვენთვის იყო გადაგებული. ყველაფერზე უარს ამბობდა ჩვენს გამო. ჩვენ, მისი შვილები ვიყავით მისთვის მთავარი. ქალური, მზრუნველი, სუსტი დედა... ეს დედის ის ხატებაა, რომელიც მისი სიტყვებიდან გამომდინარე ჩვენ შევიქმენით. და იყო მაშინდელი მეორე დედა. დედა, რომელზეც არასდროს ლაპარაკობდა: თავდაჯერებული ნაბიჯით, მუდამ ლამაზი ფეხსაცმელებით, სოციალურად აქტიური, საქმიანი, ქალი, რომელსაც უნდოდა მეტი...

„მე ასეთი არ ვიყავი, შენ ყოჩაღი ხარ... მე არ გამომივიდა, შენ გამოგივა... მე დამეზარა, შენ არ დაგეზარება...“ არ ვაჟღერებდი, მაგრამ ძალიან ვბრაზობდი დედაზე. „თუ მეტი უნდოდა, რატომ არ გააკეთა?“ „სუსტი ყოფილა!“ „რით ვერ დაძლია ეს სიზარმაცე“ - ვფიქრობდი გულში, მაგრამ არ მინდოდა, დედას გაეგო. და ერთ დღესაც გადავწყვიტე, არასოდეს, არასოდეს მეწუწუნა, რომ რამე არ გამომივიდა, რაღაც მინდოდა და ვერ შევძელი და არ მენანა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე. არც კი ვიცოდი, ამ საქმეს როგორ სერიოზულად მოვკიდებივარ. პარალელურად ორი ფაკულტეტი და ორი სამსახური, სიგელ-გუჯრები და ნაირ-ნაირი კურსები, ხარისხი ისეთი და ასეთი, ოჯახი და შვილი - ყველაფერს ერთად ვეზიდებოდი და მეფიქრებოდა „სულ ეს არის? ასე უნდა მოვკვდე?“

არ მესმოდა, რატომ ვერ მიტანდნენ სამსახურში (მე ხომ ყველაფერი ხუთიანზე გავაკეთე?) რატომ ჰქონდათ პრეტენზიები ჩემს ოჯახის წევრებს (მე ხომ ძალისხმევას არ ვიშურებ, ყველას მივცე ის, რასაც საჭიროებს, განა ამას არ მოითხოვდნენ ჩემგან?) რატომ ვაღიზიანებდი მეგობრებს... საერთოდ ბევრი რამე არ მესმოდა. კარგად რომ მივიხედ-მოვიხედე, დავინახე, რომ რეალობა სხვა იყო, და მე სხვა ვიყავი. და კიდევ ერთხელ ძალიან გავბრაზდი დედაზე.

გადავწყვიტე, სასწრაფოდ გარემოსთან შესაბამისობაში მოვსულიყავი, რაღაც მარტივი სამსახური ვიშოვე და ბოლომდე ჩავიძირე ინერტულობის ჭაობში (ჩემი გაგებით, თორემ ისე საქმეს რა გამოლევს, როდესაც ეძებ). სამუშაოს სიმარტივე იმაში გამომადგა, რომ კარგად დავფიქრებულიყავი, ვინ ვარ და რა მინდა. არის თუ არა ჩემი შესაძლებლობები ჩემივე სურვილების შესაბამისი და ნამდვილად ჩემია თუ არა ის სურვილები, რაც მაქვს. ამ ჭაობში ჩემი თავი ვიპოვე და იმასაც მივხვდი, როგორ გამიმართლა, ასეთი დედა რომ მყავს. რომ ნამდვილად მინდა, რაღაც შევქმნა და მხოლოდ არ მოვიხმარდე, ვიღაცას გამოვადგე და შევეცადო, ჩემი ძალისხმევა იმ ადგილის ოდნავ მაინც გაუმჯობესებას დავუთმო, სადაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ.

დედაჩემი ყველა იმ ქალის სახეა, რომელსაც უპირობოდ სწამს ქალების შესაძლებლობების, მათი განათლების აუცილებლობის, მათი სიძლიერის. ყველა იმ ქალის სახე, რომელსაც თავისი ქალიშვილი ვაჟიშვილის თანასწორად მიაჩნია და მათ განათლებასა და წინსვლას სწორედ იმდენივე დროსა და ენერგიას ახარჯავს, რამდენსაც ვაჟიშვილისთვის. ვისაც ქალიშვილის შეძენა ზუსტად ისევე უხარია, როგორც ვაჟისა. ვისაც ყოფნის გამბედაობა, გოგონა მხოლოდ დედობისთვის არ მოამზადოს. ვისაც ესმის, რომ ეს ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, თავად ამ გოგონასთვის, ასე მნიშვნელოვანია. ყველა ასეთ დედას განსაკუთრებით გილოცავთ 3 მარტს. ასეთი დედობა ადვილი არ ყოფილა. არც ასეთი დედის შვილობაა ადვილი.

ახლა უკვე ვიცი, რატომ არ უყვართ ჩემნაირი ქალები. და ეს არ არის ტრაგედია. მთავარია, იმ ადამიანებმა მიგიღონ ისეთი როგორიც ხარ, ვინც შენთვის ძვირფასია. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ჩვენ ბევრნი ვართ. შეიძლება საკმარისად ბევრი არა, მაგრამ იმდენი მაინც, რომ ერთმანეთი ვიპოვოთ და გვერდში დავუდგეთ. იმდენი, რომ არსებული მენტალობა შევცვალოთ, სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რათა ყველა ქალმა შეძლოს იპოვოს საკუთარი თავი იქ, სადაც სურს. რომ ისინი ისევე უყვარდეთ, როგორც ლიდერი მამაკაცები. და ასეთი შვილის გაზრდაც აღარ იყოს ასე ძნელი. 8 მარტი ჩვენი დღეა. გილოცავთ!